Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-381-366(კ-08) 13 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ღ.-ს სარჩელი გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 17 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-381-366(კ-08) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 მარტს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა იწურებოდა 2008 წლის 14 აპრილს, საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2008 წლის 15 აპრილს. ამასთან, საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა კონვერტი, მაგრამ მასზე არ იყო დასმული საფოსტო განყოფილების შტამპი თარიღის მითითებით. შესაბამისად, არ დგინდებოდა საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო თუ არა ფოსტის მეშვეობით და ასეთი შემთხვევაში სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, საფოსტო განყოფილებაში მისი წარდგენის თარიღი. ამდენად, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე წერილობითი დადასტურების წარმოსადგენად, რომლითაც დადასტურებულ იქნებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღი (იხ. ს.ფ. 110-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს ჩაჰბარდა 2008 წლის 19 მაისს (იხ. ს.ფ. 113), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.