Facebook Twitter

ბს-382-362(კ-07) 29 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. ტ-ი, წარმომადგენელი კ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმომადგენელი თ. ე-ე; სსიპ ........... სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, წარმომადგენელი ნ. კ-ა

მესამე პირი _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, წარმომადგენელი გ. თ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ტ-მა მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მას უარი ეთქვა სამხატვრო აკადემიაში ჩარიცხვის მოთხოვნით განცხადების დაკმაყოფილებაზე. მანვე მოითხოვა სამხატვრო აკადემიის რექტორისათვის მეორადი კონკურსის ჩატარების დავალება მისი მონაწილეობით.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ლ. ტ-მა მისაღები გამოცდები ჩააბარა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გორის ფილიალში და საერთო ჯამში მოაგროვა 131 ქულა, რის შედეგადაც კონკურსი გაიარა ........... სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სპეციალობაზე, მაგრამ აღნიშული სპეციალობით კონკურსში ვერ გავიდა. მოსარჩელეს ასევე შეტანილი ჰქონდა განაცხადი კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე. ამის შემდგომ 2005 წლის 22 სექტემბრის ¹01-607 წერილით აკადემიამ მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ლ. ტ-ის მეორად კონკურსში ვაკანტურ ადგილებზე _ არქიტექტურულ ძეგლთა რესტავრაციისა და კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობებზე დაშვების თაობაზე, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მითითებით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹444 ბრძანებით უკვე დამტკიცებული იყო, აკადემიამ მას დროულად არ მიაწოდა შიდა ტურების ინფორმაცია და ამდენად, ჩარიცხვა მეორე ტურზე საერთოდ არ მოხდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანებით ლ. ტ-ს უარი ეთქვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაზე.

მოსარჩელემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, რამდენადაც აკადემიის რექტორის წერილით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მეორად კონკურსში, რაც არ ჩაუტარებიათ. მისთვის გაუგებარია, რა მოტივით არ ჩატარდა მეორადი კონკურსი, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებდა ანალოგიურ შემთხვევაში კონკურსის ჩატარებაზე, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ განუხორციელებია (ს.ფ. 1-2).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ლ. ტ-მა სარჩელი დააზუსტა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა სამხატვრო აკადემიისათვის კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე მისი ჩარიცხვის დავალება (ს.ფ. 79-81).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ............ სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (ს.ფ. 44-45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით ............ სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოცემული საქმიდან ამოირიცხა როგორც მესამე პირი და საქმეში ჩაება, როგორც მოპასუხე (ს.ფ. 73-74).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაიარა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გორის ფილიალში მისაღები გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერთიფიკატით. მან მიიღო 131 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისათვის. მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა ასევე განაცხადი კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე. 2005 წლის 22 სექტემბრის ¹01-607 წერილით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ მიმართა გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის მეორად კონკურსში ვაკანტურ ადგილებზე _ არქიტექტურულ ძეგლთა რესტავრაციისა და კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობებზე დაშვების თაობაზე. 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაზე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹444 ბრძანებით დასრულდა 2005 წელს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესი. სამხატვრო აკადემიამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ლ. ტ-ის მეორად კონკურსზე დაშვების თხოვნით მიმართა 2005 წლის 22 სექტემბერს, ანუ ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდგომ. შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ აკადემიამ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია _ შედეგი მოსარჩელის მიერ გავლილი კონკურსის თაობაზე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე. ამავე ბრძანებით სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების აბიტურიენტთათვის მოქმედებს განსხვავებული წესი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრალის გარეშე არ იქნა სამხატვრო აკადემიის მხრიდან დაცული. ამდენად, მოპასუხემ ბრძანება გამოსცა კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას სამხატვრო აკადემიისათვის მისი კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე ჩარიცხვის დავალების თაობაზე, ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ გადალახა აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (ვერ გაიმარჯვა კონკურსში), არ არსებობდა მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი (ს.ფ. 83-86).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის რეიტინგულ ჩამონათვალში ორივე ფაკულტეტზე. მოცემულ შემთხვევაში აკადემიამ თვითონ არ მიაწოდა საკონკურსო ვაკანსიათა ჩამონათვალი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. სასამართლომ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული ბრძანების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მითითება, სადაც ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს თითოეული საგნისათვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო გამოცდისათვის. ამ მოთხოვნით აკადემია ვალდებული იყო ეცნობებინა ეროვნული ცენტრისათვის ვაკანსიების შესახებ თავის დროზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, ორი წელი ძალაში რჩება აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა და კონკურსში მონაწილეობის უფლება გამოცდების გარეშე (ს.ფ. 93-94).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებით ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 115-117).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ მიუთითეს აღნიშნული უარის საფუძვლები, შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. არც პირველი ინსტანციისა და არც სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების მე-7 პუნქტის სავალდებულო მითიტებები, სადაც ნათქვამია, რომ თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესით.

კასატორი მიუთითებს, რომ მან, როგორც აბიტურიენტმა, მოიპოვა ზემოაღნიშნული მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მეორედ კონკურსში გასვლის უფლება, მაგრამ როგორც გაირკვა, სამხატვრო აკადემიამ არ მიაწოდა ეროვნული გამოცდების ცენტრს დარჩენილ ვაკანსიათა სია, რის გამოც იგი ვერ ჩაირიცხა. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მითითებები (ს.ფ. 129).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ლ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანება ლ. ტ-ის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა, დაუსაბუთებელია და შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს. ერთი მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ლ. ტ-ის მეორად კონკურსზე დაშვების თხოვნით მიმართა 2005 წლის 22 სექტემბერს, სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდგომ და აღნიშნული გარემოება სასამართლომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 იანვრის ¹566 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დარღვევად შეაფასა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ლ. ტ-ის უფლების დარღვევა თბილისის სამხატვრო აკადემიის მიერ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობის გამო. მეორე მხრივ, ლ. ტ-ის აღნიშნული უფლების დარღვევის დადგენის პირობებში სრულიად დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ გადალახა 2005 წლის 17 იანვრის ¹566 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები _ ვერ გაიმარჯვა კონკურსში, არ არსებობს მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი და სადავო ბრძანება გამოცემულია კანონშესაბამისად.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ლ. ტ-ის მეორად კონკურსზე დაშვების თხოვნით მიმართა აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდგომ. საქმეზე დადგენილია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მათ შორის, მეორადი ჩარიცხვების შედეგების გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია დამტკიცდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹444 ბრძანებით, სამხატვრო აკადემიამ კი ინფორმაცია-შედეგი ლ. ტ-ის მიერ გავლილი კონკურსის თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მხოლოდ 2005 წლის 22 სექტემბერს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქმეში არ მოიპოვება მხარეთა მიერ, მათ შორის, მოპასუხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ წარდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის აღნიშნული კონკურსის შედეგების დაუყოვნებლივ წარდგენას ავალდებულებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ შედეგების დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბრალით. შესაბამისად, დარღვეულია ლ. ტ-ის უფლება, აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული ყოფილიყო შემოქმედებითი ტურების გავლის შედეგი და მისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიეღო სწორედ აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სადავო ბრძანებით ლ. ტ-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულიად დაუსაბუთებელია. დასახელებული ბრძანების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკლუტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე, თუმცა ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ., ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით კი, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და თუ უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სადავო ბრძანებაში არ არის დასაბუთებული და გამორკვეული, ლ. ტ-ის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა იყო თუ არა საკმარისი მისი კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე ჩასარიცხად იმ შემთხვევაში, თუკი სამხატვრო აკადემია მოსარჩელის მიერ კონკურსის გავლის შესახებ ინფორმაცია-შედეგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავის დროზე აცნობებდა, არსებობდა თუ არა ვაკანსიები კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე, აღნიშნული ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში რამდენად იყო შესაძლებელი აღნიშნულ ფაკულტეტზე მოსარჩელის ჩარიცხვა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისაგან შიდა კონკურსზე შესაბამისი ქულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დროულად წარდგენის პირობებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული აბიტურიენტის პრეტენზიის დანიშნულებაა პირის წარსულში დარღვეული უფლების აღდგენა და მხოლოდ ის გარემოება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შედეგები უკვე შეჯამებულია, არ წარმოადგენს აბიტურიენტის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გზით და სავალდებულოა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებულ დასაბუთებას, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ დაუსაბუთებია, რატომ გამოირიცხებოდა ლ. ტ-ის კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე ჩარიცხვა, არსებობდა თუ არა ვაკანსიები აღნიშნულ ფაკულტეტზე, მის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა იყო თუ არა საკმარისი კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე ჩასარიცხად, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში ლ. ტ-ი დააკმაყოფილებდა თუ არა აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პირობებს სამხატვრო აკადემიისაგან შიდა კონკურსზე შესაბამისი ქულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დროულად წარდგენის პირობებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

რაც შეეხება ლ. ტ-ის მოთხოვნას სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისათვის კომპიუტერული მულტიმედიის სპეციალობაზე მისი ჩარიცხვის დავალდებულების შესახებ, აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სარჩელი, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანება ბათილად არის ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. ლ. ტ-ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ბრძანების არარსებობის პირობებში, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია გადაწყდეს, ექვემდებარება თუ არა იგი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩარიცხვას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹566 ბრძანება ლ. ტ-ის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში;

5. დანარჩენ ნაწილში ლ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.