Facebook Twitter

ბს-382-367(2კ-08) 19 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ბ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 23 ოქტომბერს დ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1996-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-ად. სამსახურში მუშაობის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანებამ მის მიმართ ხელზე ასაღები თანხის სახით შეადგინა 1274,35 ლარი, მათ შორის, ხელფასის თანხამ _ 373,45 ლარი, კვების თანხამ _ 623,20 ლარი, ჯილდომ _ 214,58 ლარი, მატერიალურმა დახმარებამ _ 63,12 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ ზემოთ მითითებული დავალიანების თანხის გადახდა დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1274,35 ლარის, მათ შორის, ხელფასის სახით _ 373,45 ლარის, კვების კომპენსაციის სახით _ 623,20 ლარის, ჯილდოს სახით _ 214,58 ლარისა და მატერიალური დახმარების სახით _ 63,12 ლარის გადახდა დ. ბ.-ის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების, კერძოდ, შრომის წიგნაკის ამონაწერის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ბ.-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 21 მაისის ¹359 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-ად, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 2 მაისის ¹1040 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) საფუძველზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 8 ნოემბრის ¹3-11/8712 ცნობით დადგენილი იყო, რომ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების დავალიანება წარმოშობილი იყო 1998-2000 წლებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹9/2934 წერილით დადგენილი იყო, რომ დ. ბ.-ს იმ ეტაპზე უარი ეთქვა კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე, ვინაიდან მისი ანაზღაურება განხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან ზემოთ მითითებული კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უფლებები და გარანტიები, მიეღო თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები _ ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემული იყო სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებში, სახელდობრ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლეოდა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდა, ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იყო იმპერატიული ხასიათის და ამდენად, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდა დაკისრებული. უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა ზემოთ მითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლის ინსტიტუტები შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მოსარჩელე დ. ბ.-ს და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მოსარჩელე დ. ბ.-ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება და მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით. ამიტომ ამ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქალაქო სასამართლომ არც მოპასუხის ის არგუმენტი გაიზიარა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ანუ გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გაეცა შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მას შესრულებული სამუშაოსათვის მიეღო ანაზღაურება და სწორედ იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით დადგენილი იყო და შესაბამისად, აღიარებული, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებული საბიუჯეტო დავალიანებების _ კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებული მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი იყო კანონშეუსაბამო.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა _ ხელფასისა და სხვა დანამატების გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებდა განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის გაუცემელი დარჩა შრომის ანაზღაურების _ ხელფასის თანხა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ. ბ.-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1274,35 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ხელფასის _ 373,35 ლარის, ჯილდოს _ 214,58 ლარისა და მატერიალური დახმარების _ 63,12 ლარის გადახდა დ. ბ.-ის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 16 ივლისის ¹3-11/... და 2007 წლის 8 ნოემბრის ¹3-11/... ცნობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის _ დ. ბ.-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება 1998-1999-2000 წლებში შეადგენდა 1274,35 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 375,35 ლარი, კვების კომპენსაცია _ 623,20 ლარი, ჯილდო _ 214,58 ლარი, მატერიალური დახმარება _ 63,12 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹9/... წერილით დ. ბ.-ს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო იმ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ.-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში სამსახურის გავლის დროს წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი იყო სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგოები განისაზღვრებოდა თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო/ან მატერიალური დახმარება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ სპეციალური დათქმის მიხედვით, იგი არ მოიცავდა საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არ მოიცავდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სასურსათო ულუფისა (კვების) და ფორმის ტანსაცმლის შესაბამის ფულად კომპენსაციას. სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ კომპონენტს, არამედ _ სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები ფულადი კომპენსაციის სახეებს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 16 ივლისის ¹3-11/... და 2007 წლის 8 ნოემბრის ¹3-11/... ცნობებით არ დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის _ 623,20 ლარის დავალიანების სახით ვალის აღიარების ფაქტი. აღნიშნული ცნობები ატარებდა საინფორმაციო ხასიათს და მოწმობდა არა მოპასუხის მიერ კვების კომპენსაციის თანხის _ 623,20 ლარის დავალიანების აღიარებას, არამედ ადასტურებდა ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს მიუღებელი სასურსათო ულუფის (კვების) ფულადი კომპენსაციით შეცვლის შემთხვევაში. ფაქტისა და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენდა იდენტურ ცნებებს. ფაქტის აღიარება იყო მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება _ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, განკარგვითი აქტი. ფაქტის აღიარება, თავის მხრივ, არ წარმოადგენდა სარჩელის აღიარებას. ამრიგად, ამ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა და მისი ხელახლა დაწყების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფის) კომპენსაციის _ 623,20 ლარის ანაზღაურების ნაწილში იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მითითებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2007 წლის 23 ოქტომბერს _ დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 9 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული იყო სამწლიანი ვადა. ამასთანავე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების (ხელფასი _ 373,35 ლარი, ჯილდო _ 214,58 ლარი, მატერიალური დახმარება _ 63,12 ლარი) ანაზღაურების შესახებ, არ იყო ხანდაზმული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ.-მ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში არასწორად განმარტა კანონი. შრომითი ანაზღაურების (ხელფასის) და სხვა დანამატების გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკისრება კანონმდებლობის საფუძველზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დ. ბ.-ის მოთხოვნა კანონიერია, ვინაიდან 1998-1999-2000 წლებში მისთვის მისაცემი თანხა, სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფა, ჯილდო და მატერიალური დახმარება ერთობლივად წარმოადგენს დ. ბ.-ის საკუთრების ობიექტს, რომელიც ექვემდებარება უპირობო ანაზღურებას სახელმწიფოს მიერ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი ვრცელდება კვების ულუფის საკომპენსაციო თანხაზე. ხსენებული მუხლი ეხება კომპენსაციებს და არა ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შრომით გასამრჯელოს (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კვების ულუფა, განსხვავებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის იმ დანაწესებისაგან, რომლებიც პირდაპირ ითვალისწინებს სხვადასხვა სახის კომპენსაციას. კვების ულუფა სწორედ შრომით ანაზღაურებაში შემავალი ელემენტია. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ცნობებს, მათ საჯარო საინფორმაციო ხასიათი ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გაცემული იქნებოდა რომელიმე მესამე პირზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ბ.-ის სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფულად გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებელებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით, ეძლეოდა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის, ამავე პუნქტში მითითებული ოდენობით. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახურევი წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორის მტკიცებით, დ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნები ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მათზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, კასატორის განმარტებით, დ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნები 1998-1999-2000 წლების ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 8 ნოემბრის ¹3-11/... ცნობა ვალის აღიარებად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹9/... ცნობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტების გაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან ამ დოკუმენტებით მათი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მათი შეფასება ამავე სამინისტროს მიერ ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტებად, უკანონოა, რადგან მათ საინფორმაციო ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისივე მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 19 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ბ.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.