ბს-383-363(კ-07) 1 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 262 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე საკასაციო პალატამ შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.07წ. განჩინებაზე შპს ,,ი.-ს" საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს ,,ი.-ის" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,ი.-მა" სარჩელის დაუშვებლობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.06.06წ. განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება შპს “ი.-ის” სარჩელზე იმის გამო, რომ სადავო აქტით არ ადგებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, თავის დროზე გაასაჩივრა სასკ-ის 26.23 მუხლით გათვალისწინებული წესით. ძალაში შესული პროცესუალური აქტების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანით ფაქტიურად ნიშნავს ძალაში მყოფი სასამართლო აქტის კანონიერების და დასაბუთებულობის კიდევ ერთი, პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, დამატებითი პროცედურის დაშვებას, პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი ინსტანციური განსჯადობის დარღვევას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადებაზე პროცედურამ უნდა განვლოს იგივე ეტაპები, რომელიც არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში სარჩელის დასაშვებობის საკითხზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადამწყვეტ ორგანოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო. დასაშვებობასთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების თანახმად შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ი.-ს" სრულად აქვს გამოყენებული პროცესუალური აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა, კერძოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.06.06წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს ,,ი.-ის" მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ი.-ის" განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. განჩინებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 14.03.07წ. განჩინებით უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. განჩინება. ამდენად, შპს ,,ი.-ს" სრულად აქვს გამოყენებული სარჩელის დასაშვებობის საკითხზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრების პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები, საკასაციო პალატა სასკ-ის 262 მუხლის თანახმად არ არის სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადამწყვეტი ორგანო, სასკ-ის 262 მუხლის მე-4 ნაწილით, არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვალდებულია საქმე განსახილველად დაუბრუნოს განსჯად სასამართლოს, რაც დამატებით ადასტურებს შპს ,,ი.-ის" საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობას. ამასთანავე, შპს ,,ი.-ს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო სასამრათლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 262 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ი.-ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ი.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სახელმწიფო ხაზინის (კოდი: 220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით, მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.