ბს-383-368(კ-08) 24 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ.-ის მიმართ და მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 14 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ქარელის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და მოპასუხე ლ. გ.-ს დაეკისრა 14 000 ლარის გადახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, მასვე დაეკისრა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, და ლ. გ.-ს შორის 25.12.05წ. ოთხი წლის ვადით გაფორმდა კონტრაქტი. მოსარჩელის კუთვნილი გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად დადგინდა კონტრაქტის ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა სამინისტროსათვის კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები, შესაბამისი გადაანგარიშებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 აპრილის ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, რაც დადასტურებული იყო თვით გ.-ის განმარტებით, გაცნობის ფურცელით, სამსახურებრივი დახასიათებით, ლ. გ.-ი დათხოვილი იქნა თადარიგში.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხისათვის 14 000 ლარის გადახდევინების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქარელის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებდა კონტრაქტის პირობების თაობაზე, რადგანაც იგი არ არის მოცემულ საქმეში სარჩელის საგანი და ლ. გ.-ს არც სათანადო პროცესუალური ფორმით, შეგებებული სარჩელის სახით, არ დაუყენებია ეს მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მართალია, გ.-მა იმსახურა სამი თვე, ხოლო ძირითადი კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად კონტრაქტორს დასახელებული თანხის – 14 000 ლარის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამსახურის შემდეგ, მაგრამ საქმეშია მხარეთა მიერ ხელმოწერილი დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კონტრაქტორს ერთ წლამდე სამსახურის შემთხვევაშიც ამავე ოდენობით ეკისრება ჯარიმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. გ.-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი. გადაწყვეტილებას არ აქვს აღწერილობითი, სამოტივაციო ნაწილები. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არ ჩაბარებია სასარჩელო განცხადება და მასზე თანდართული საბუთები, რის გამოც ვერ წარადგინა შესაგებელი სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.