Facebook Twitter

ბს-38-38(კ-08) 8 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 2 თებერვალს გ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა 1990 წლის 1 აგვისტოდან, ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება, უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდება ,, ........-ი” და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 15 წლის სტაჟი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ქვედანაყოფის რიგითი ოფიცრიდან სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის უფროსი .......-ის თანამდებობამდე (საშტატო კატეგორია ,, .......-ი”).

მოსარჩელემ განმარტა, რომ სამხედრო რიგებში სამსახურის პერიოდში, საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო პროფესიული დონის ასამაღლებლად, როგორც ეროვნულ, ისე უცხოეთის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ცენტრებში გაიარა ტრენინგისა და სწავლების 13 კურსი. მის მომზადებაზე, სწავლებასა და შენახვაზე გაწეულმა საერთო ხარჯმა 15 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100000 აშშ დოლარი შეადგინა.

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მან გაიარა სწავლების შემდეგი კურსები: სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სატრანსპორტო ინსტიტუტი _ 1990-1994 წლები; საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ,,წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2002 წლის მარტში ჩატარებული ტრენინგი, სამხედრო კონფლიქტების ინსტრუქტორის მომზადების პროგრამით; ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2002 წლის ივნის-აგვისტოში ჩატარებული ,,საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”; საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის გერმანული ენის შემსწავლელი კურსები; 2002 წლის ოქტომბერი _ 2003 წლის მაისი, ნატო-ს ევროპის სამხრეთ-ცენტრალური მიმართულების გაერთიანებული სარდლობის მიერ სწავლებისა და ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვის სემინარი; 2003 წლის თებერვალი _ დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლობის დახმარებითა და მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი _ 2004 წლის მარტი-აპრილი, საქართველო-აშშ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი კურსი; I-II ეტაპი _ 2004 წლის მაისი-ივლისი, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ტეხასის ქ. ლ-ის საჰაერო ბაზასთან არსებული თავდაცვის ენების ინსტიტუტის, ინგლისური ენების ცენტრის, ამერიკულ-ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი; 2004 წლის 14 ივლისი _ 2005 წლის ივნისი, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო-საასპირანტურო სკოლის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრი, კალიფორნიის შტატი, ქ. მ-ი; სააღსრულებლო სემინარი თავდაცვაში გადაწყვეტილების მისაღებად _ 2005 წლის ივნისი, დაზვერვისა და დემოკრატიის სემინარი, 2005 წლის ივნისი.

მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ,,საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის უფროსის, აშშ-ს სახმელეთო ძალების ........ რ. ვ-ის მიერ, 2002 წლის 2 აგვისტოს გაცემული მოწმობის თანახმად, მოსარჩელემ წარმატებით დაასრულა ,,საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით გათვალისწინებული და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მე-10 სპეციალური დანიშნულების (საჰაერო-სადესანტო) ძალების ჯგუფის მიერ განხორციელებული სწავლების კურსი, რის შედეგადაც მიენიჭა ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავლის” სტატუსი.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მისი ასეთი კვალიფიკაციისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების თანახმად, 14 დეკემბრიდან უპირობოდ დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მოსარჩელემ დათხოვნის ბრძანება მიიჩნია უკანონოდ და განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შტატების შემცირების მოტივით, მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ არ გააფრთხილეს; ,,სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის შესაბამისად არ გაუვლია სამხედრო-სამედიცინო შემოწმება, სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად, რის გამოც გაურკვეველი იყო, რომელი თანრიგის რეზერვში ჩაირიცხა იგი; ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,უ” და “ფ” ქვეპუნქტების თანახმად, შტატების შემცირებისას, სამსახურში დატოვების უპირატესი უფლება გააჩნდა, რაც კადრების ხელმძღვანელობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული; ,,სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-4 პუნქტის მიხედვით, დათხოვნის საკითხი არ შეუთანხმებიათ უშუალო ხელმძღვანელობასთან; თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა გააჩნდა, რადგან კმაყოფაზე ჰყავდა უმუშევარი მეუღლე, სამი არასრულწლოვანი შვილი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, შრომისუუნარო დედა _ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ქვრივი; ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლების მქონე სხვა პირი არ იყო; მოსარჩელეს, სამსახურში დარჩენილთაგან შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფრო ხანგრძლივი სტაჟი გააჩნდა; საბრძოლო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ჰქონდა სპეციალური მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კურსები, როგორც ეროვნულ, ისე უცხოეთის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ცენტრებში; ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2005 წლის 10 ნოემბრის ¹1/2-4405 წერილით წარდგენილი იყო ჯ-3 ოპერატიულ დეპარტამენტში, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლებოდა დაეთხოვათ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ ხელქვეითობის წესით. მოსარჩელის განმარტებით, ანალოგიურ ქცევის წესს განამტკიცებდა ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში საკადრო ორგანოების მუშაობის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 25 მარტის ¹07 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომლის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიცერთა დათხოვნისას საკადრო ორგანო ვალდებული იყო გაეგო შესაბამისი შტაბების, ჯარების სახეობათა სამსახურის უფროსების აზრი დათხოვნის საკითხებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კადრების მუშაკებს ავალებდა, მოემზადებინათ საჭირო მასალები მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ, ოფიცრებთან სამხედრო ნაწილის მეთაურის საუბრების ჩასატარებლად და მონაწილეობა მიეღოთ მათში.

მოსარჩელის განმარტებით, კადრების ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დათხოვნის უკანონო გადაწყვეტილება მიიღო შტატების შემცირების მოტივით, მაშინ, როდესაც, ის შტატი, სადაც მოსარჩელის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, არ გაუქმებულა. ¹3264 ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 მაისის ¹1/23 არარსებული ბრძანება.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, დათხოვნის ბრძანება არა მარტო კანონს ეწინააღმდეგებოდა, არამედ არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემისათვის საჭირო ნორმები, ამასთან, ლახავდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და არ აძლევდა მისი განათლებისა და მრავალწლიანი პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილების, სამშობლოს დაცვის სამსახურში რეალიზების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების ბათილად ცნობა; ,, .....-ის” საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე 2006 წლის 14 დეკემბრიდან დასანიშნად, ჯ-3 ოპერატიულ დეპარტამენტში შეჩერებული წარდგინებისათვის კანონიერი მსვლელობის მიცემა; 2005 წლის 14 დეკემბრიდან იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის შეუზღუდავად და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების ბათილად ცნობა, კანონიერი მსვლელობის მიცემა გენერალური შტაბის ჯ-3 ოპერატიულ დეპარტამენტში შეჩერებული წარდგინებისათვის, ,, ........-ის” საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე 2006 წლის 14 დეკემბრიდან დასანიშნად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის 2005 წლის 14 დეკემბრიდან შეუზღუდავად ანაზღაურების დაკისრება, მოპასუხისათვის მორალური ზიანის _ 20000 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯების _ 500 ლარისა და ადმინისტრაციული დავის პროცესში გაწეული ხარჯების _ 50 ლარის ანაზღაურების დაკისრება; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების ქსეროასლის გაყალბების ფაქტის შემოწმება და შესაბამისი ზომების გატარება; 2006 წლის 3 ივლისიდან სამხედრო წოდების _ “ ......-ის” მინიჭება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით სწრაფი რეაგირების ძალების ჯ-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი .....-ი გ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე, 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 14 ივლისამდე, ხოლო 2005 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე _ ბალტიის თავდაცვის კოლეჯში, თანამდებობრივი ფულადი სარგოს შენარჩუნებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹363 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და ჯარების მართვის სტრუქტურების დახვეწის მიზნით, 2004 წლის 2 დეკემბრიდან გაუქმდა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი, შტატი ¹....... , 24 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით, სამხედრო ნაწილი ¹...... , დისლოკაციის ადგილი _ ქ. თბილისი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/7 ბრძანებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, რომელიც 2004 წლის ივლისიდან იმყოფებოდა აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე, სასწავლო მივლინებიდან დაბრუნებულად ჩაითვალა 2005 წლის 28 ივნისიდან და მიეცა კუთვნილი შვებულება _ 45 დღის ოდენობით, 2005 წლის 29 ივნისიდან 13 აგვისტომდე და აყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სწრაფი რეაგირების ძალების ჯ-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი .......-ი, .......-ი გ. კ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის დეკემბრიდან გათავისუფლდა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციითა და შტატების შემცირებით) თანახმად.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე გ. კ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების შესაბამისად იგი კანონსაწინააღმდეგოდ იქნა დათხოვნილი, კერძოდ, არ იქნა გაფრთხილებული შტატების შემცირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. ბრძანების კანონიერებაზე სასამართლომ იმსჯელა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის კუთხით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ¹107 პ/შ ბრძანების შესაბამისად, 2005 წლის 13 აგვისტოდან აყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” მე-9 თავის მე-6 პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა ყოფილიყო 4 თვეზე მეტი. ამასთან, მითითებული ნორმა ვრცელდებოდა რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან დასათხოვნ ოფიცრებზე. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ პირის თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას. აღნიშნულს არ ითვალისწინებდა ასევე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელის ჯ-3 ოპერატიულ დეპარტამენტში შეჩერებული წარდგინების განხილვა და .....-ის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნა წარმოადგენდა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 20000 ლარის, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გაღებული ხარჯის _ 50 ლარისა და საადვოკატო მომსახურების სახით _ 500 ლარის ანაზღაურების შესახებ, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას საერთოდ არ გაუხდია სადავოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ¹107 პ/შ ბრძანება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1486 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების მე-15 პუნქტში, რომლის მიხედვით, გ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად და სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანება, რაც ასევე მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. კ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გ. კ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 19 დეკემბრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; გ. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მოხელე ერთი თვით ადრე უნდა გაფრთხილებულიყო დაწესებულებაში შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამავე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც კრძალავდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტის მოქმედება ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ე იყო არა შტატში მყოფი თანამშრომელი _ საჯარო მოხელე, არამედ კადრების განკარგულებაში მყოფი შტატგარეშე სამხედრო მოსამსახურე (კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანება აპელანტს არ გაუსაჩივრებია). ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციას არ გააჩნდა შტატგარეშე მოსამსახურისათვის სხვა, ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება, რამდენადაც ამგვარი რამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით შტატგარეშე მოსამსახურეთათვის დადგენილი არ იყო (ამგვარად განმარტა აღნიშნული კანონი საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებით _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის ¹ბს-932-891(კ-06) გადაწყვეტილება).

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული კატეგორიის მუშაკებისათვის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებას შტატების შემცირების შემთხვევაში. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი სპეციალურად აწესრიგებდა სამხედრო მოსამსახურეების სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებსა და წესს, შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების საფუძველი. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას სამხედრო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (ადმინისტრაციას რომ არ გააჩნდა უკვე ძალადაკარგული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების ვალდებულება, გამომდინარეობდა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკიდანაც _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის ¹ბს-146-157 (კ-07) განჩინება).

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო გ. კ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის 20000 ლარის დაკისრების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. რაც შეეხებოდა სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გაწეული ხარჯების _ 50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, აღნიშნული მოთხოვნაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან 2007 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინების მიუხედავად, გ. კ-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები დედნების სახით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. კ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული კატეგორიის მუშაკებისათვის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებას შტატების შემცირების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სპეციალურ კანონს წარმოადგენდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონიც, რომლის მე-15 მუხლის ,,ფ” პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის არსებული რედაქციით) მიხედვით, სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება გააჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გ. კ-ე 1993 წლის 5 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ფ” პუნქტი (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისთვის არსებული რედაქციით), რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გაერკვია, რატომ არ იყო შესაძლებელი, გ. კ-ე, რომელიც კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, დარჩენილიყო სამხედრო სამსახურში, თუნდაც სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანით, როდესაც კანონის თანახმად, მას ეკუთვნოდა უპირატესი დარჩენის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჩაატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებას და ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლევდა საქმის გარემოებებს, შესაძლო იყო, მას არ მიეღო 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანება გ. კ-ის სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ. საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა და რეალურად ადგილი ჰქონდა არა შტატების შემცირებას, არამედ პირიქით, მნიშვნელოვან ზრდას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან ხსენებული ბრძანების გამოცემისას, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი (საერთოდ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება), რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანება და მოპასუხეს უნდა დავალებოდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა სამსახურიდან დათხოვნის დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდური, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება ბათილად იყო ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გ. კ-ე 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების გაუქმებამდე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, სადაც ხელფასი გაიცემოდა მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მას უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რადგან თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კანონმდებლობა დაცული იქნებოდა და ჩატარდებოდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაძლებელი იყო გ. კ-ე დარჩენილიყო სამხედრო სამსახურში, მით უფრო, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ფ” პუნქტის შესაბამისად, მას ეკუთვნოდა სამხედრო სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებანი და მტკიცებულებანი.

კასატორი დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹363 ბრძანებით შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, გაუქმდა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი, შტატი ¹........ , 24 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით (მათ შორის, გ. კ-ის შტატიც); 2004 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, გ. კ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით მივლინებული იყო აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე, 2005 წლის 14 ივლისამდე; გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანებით გ. კ-ე 2005 წლის 28 ივნისიდან ჩაითვალა მივლინებიდან დაბრუნებულად, მიეცა 45 დღე კუთვნილი შვებულება 29 ივნისიდან 13 აგვისტომდე და იმის გამო, რომ მისი შტატი გაუქმებული იყო, 13 აგვისტოდან აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; გ. კ-ეს გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანება მისი კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ არ გაუსაჩივრებია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი გ. კ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. გ. კ-ემ სასამართლოს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების საფუძველზე და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება, ანუ მან კანონიერად მიიჩნია მისი სამსახურიდან შტატებისა და რეორგანიზაციით დათხოვნასთან დაკავშირებით არსებული ბრძანება.

კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებითად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიერ მიღებული უნდა ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, იმაზე, რომ თავად ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო ომის მონაწილე, მსჯელობის საგანი გახდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მოსარჩელის შესაბამისი მოწმობა, რაც პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენდა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების გაუქმების საფუძველი სააპელაციო სასამართლოსათვის გახდა ის, რომ გ. კ-ე მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, ხოლო “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “ფ” პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის არსებული რედაქციით) მიხედვით, მას სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება გააჩნდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოტივაცია დაუსაბუთებელი და უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებით სამხედრო მოსამსახურის დათხოვნას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹363 ბრძანებით შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, გაუქმებულ იქნა, როგორც გ. კ-ის კონკრეტული თანამდებობა, ისე სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის მთლიანი სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. როგორც დადგენილია, გ. კ-ე გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანებით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 13 აგვისტომდე, ხოლო 13 აგვისტოდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, საიდანაც მითითებული ნორმით განსაზღვრული ოთხთვიანი ვადის ამოწურვის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. კ-ის დათხოვნა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება უპირატესი დარჩენის უფლებას, კასატორი განმარტავს, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “ფ” პუნქტი არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას.

კასატორის აღნიშვნით, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის შემდეგ ადმინისტრაცია კვლავ ვალდებული იყო, დაესაქმებინა იგი. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების შესაბამისად, კადრების განკარგულებაში აყვანა სამხედრო სამსახურის თავისებურებიდან გამომდინარე, იწვევდა მხოლოდ 2 თვის ფულადი სარგოს გაცემას, ხოლო დანარჩენი დროის განმავლობაში სამსახური არ იყო ვალდებული, გაეცა მასზე ხელფასი. ამდენად, კადრების განკარგულებაში აყვანის შემდეგ ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული, დაესაქმებინა მოსამსახურე და შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადმინისტრაცია რაიმენაირად ვალდებული იყო, ემსჯელა მოსამსახურის სამსახურში დარჩენის უპირატესობაზე.

კასატორის განმარტებით, სამსახურში დარჩენის უპირატესობის ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეამცირებენ 10 შტატიდან 3 შტატს და 10 თანამდებობის პირიდან 1-ს უპირატესობა აქვს დანარჩენ 9-სთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხვდეს გასათავისუფლებელ 3 შტატში. აღნიშნულ შემთხვევაში, შტატები გაუქმდა მთლიანად. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი ითვალისწინებდა ომისა და სამხედრო ინვალიდებისათვის სამუშაოზე დარჩენის უპირატესობას და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ნორმა არ შეიძლება სამხედრო სამსახურზე გავრცელდეს, მაშინ არც “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებაა შესაძლებელი სამხედრო სამსახურთან მიმართებაში, ანუ სასამართლოს მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა და ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მართებული “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება.

კასატორი აღნიშნავს, რომ უკანონო და დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. კ-ის მიმართ განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან თავად გასაჩივრებული ბრძანების ბათილად გამოცხადებაა უკანონო. დადგენილია, რომ გ. კ-ეს გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107 პ/შ ბრძანება მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ არ გაუსაჩივრებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანების გ. კ-ის ნაწილში ბათილად ცნობის მიუხედავად, ძალაში დარჩა კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანება, ანუ გ. კ-ე დარჩა კადრების განკარგულებაში 2005 წლის 13 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ¹493 ბრძანებულების 32-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს კადრების განკარგულებაში ყოფნის დროისათვის უნარჩუნდებათ ფულადი სარგო არა უმეტეს ორი თვისა, რაც გ. კ-ეს უკვე მიღებული აქვს. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სარჩელი გამოსასვლელი დახმარების მიღებაზე და შესაბამისად, რა შედეგიც არ უნდა გამოიღოს მოცემულმა დავამ, სასამართლოს განაცდური ამ თანხითაც უნდა შეემცირებინა. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო აბათილებს დათხოვნის ბრძანებას, ნიშნავს, რომ პირი კვლავ კადრების განკარგულებაში რჩება და ამდენად, კადრების განკარგულებაში მისი ყოფნა თავისთავად გამორიცხავს რაიმე სახის ფულადი თანხების გაცემას, ანუ სასამართლო გადაწყვეტილება აქაც ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამდენად, კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში განაცდურის დაკისრება ყველა შემთხვევაში უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელეს ამ პერიოდისათვის კუთვნილი თანხა მიღებული აქვს. თავად განაცდურის დაკისრება ყველა შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, უკანონოა მაშინ, როდესაც აქტის გაბათილება ხდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მეორე ნაწილი და შესაბამისად, არასწორად გამოიყენა მე-601 მუხლის პირველი ნაწილი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების აქტი ბათილია, თუ შესაბამისი პირის გათავისუფლება არ შეიძლებოდა კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი საფუძვლით ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის მოთხოვნები, ანუ თუ სასამართლო მართებულად მიიჩნევს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებას, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, აგრეთვე, თუ რამდენად იქნა სამსახურის მიერ დარღვეული არსებითი ხასიათის პროცედურები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 8 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: .......-ი გ. კ-ე 1993 წლის 5 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში და სარგებლობდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით (ს.ფ. 9). გ. კ-ემ გაიარა სწავლების შემდეგი კურსები: ს-ის სამხედრო-სატრანსპორტო ინსტიტუტი _ 1990-1994 წლები (ს.ფ. 8); საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ,,წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2002 წლის მარტში ჩატარებული ტრენინგი, სამხედრო კონფლიქტების ინსტრუქტორის მომზადების პროგრამით (ს.ფ. 10); ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2002 წლის ივნის-აგვისტოში ჩატარებული ,,საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” (ს.ფ. 11); საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის გერმანული ენის შემსწავლელი კურსები (ს.ფ. 12); 2004 წლის მარტი-აპრილი _ დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლობის დახმარებითა და მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი (ს.ფ. 14); 2004 წლის მაისი, ივლისი _ საქართველო-აშშ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი კურსი (ს.ფ. 15-16); აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ტეხასის ქ. ლ-ის საჰაერო ბაზასთან არსებული თავდაცვის ენების ინსტიტუტის, ინგლისური ენების ცენტრის, ამერიკულ-ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი (ს.ფ. 17-18); 2005 წლის ივნისი _ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო-საასპირანტურო სკოლის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრი, კალიფორნიის შტატი, ქ. მ-ი (ს.ფ. 19-20). “საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/473 ბრძანებით სწრაფი რეაგირების ძალების ჯ-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი .........-ი გ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე, 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 14 ივლისამდე, ხოლო 2005 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე _ ბალტიის თავდაცვის კოლეჯში, თანამდებობრივი ფულადი სარგოს შენარჩუნებით (ს.ფ. 117). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹363 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და ჯარების მართვის სტრუქტურების დახვეწის მიზნით, 2004 წლის 2 დეკემბრიდან გაუქმდა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი, შტატი ¹....... , 24 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით, სამხედრო ნაწილი ....... , დისლოკაციის ადგილი _ ქ. თბილისი (ს.ფ. 110-111). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹107პ/7 ბრძანებით გ. კ-ე, რომელიც 2004 წლის ივლისიდან იმყოფებოდა აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე, სასწავლო მივლინებიდან დაბრუნებულად ჩაითვალა 2005 წლის 28 ივნისიდან და მიეცა კუთვნილი შვებულება _ 45 დღის ოდენობით, 2005 წლის 29 ივნისიდან 13 აგვისტომდე და აყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში (ს.ფ. 116). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სწრაფი რეაგირების ძალების ჯ-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი .......-ი, ........-ი გ. კ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 14 დეკემბრიდან გათავისუფლდა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციით და შტატების შემცირებით) თანახმად (ს.ფ. 22). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 18 მაისის ¹1/123 ბრძანებით სწრაფი რეაგირების ძალების ჯ-3 ოპერატიული სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე გ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამმართველოში საერთო დაგეგმარების ჯგუფის .......-ად _ უფროს ......-ად (ს.ფ. 119).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” და ,,ფ” ქვეპუნქტებზე (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი რედაქცია), რომელთა მიხედვით, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე (სამსახურში) უპირატესი დარჩენის უფლება გააჩნდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს, ასევე უფლება ჰქონდათ დაუფლებოდნენ ახალ პროფესიას სახელმწიფოს ხარჯზე, აგრეთვე, უფლება ჰქონდათ სამუშაო ადგილის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, კადრების მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სისტემაში სწავლების მთელ პერიოდში, უკანასკნელ სამუშაო ადგილზე შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 100 პროცენტის შენარჩუნებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. კ-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე და შესაბამისად, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გ. კ-ზე ვერ გავრცელდება აღნიშნული მუხლის “უ” ქვეპუნქტტით გათვალისწინებული შეღავათი სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე (სამსახურში) უპირატესი დარჩენის უფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან არ არსებობდა ამ ნაწილით რეგლამენტირებული ნორმის გამოყენების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 გასაჩივრებული ბრძანების იმ ნაწილში, რომლითაც გ. კ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ბათილად ცნობის, მოსარჩელისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას იგი საერთოდ აღარ ითვალისწინებდა “უ” ქვეპუნქტს და შესაბამისად _ იმ შეღავათსაც, რომელიც მანამდე ამ ქვეპუნქტით იყო რეგლამენტირებული.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამსახურში დარჩენის უპირატესობის ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, შეამცირებენ 10 შტატიდან 3 შტატს და 10 თანამდებობის პირიდან 1-ს უპირატესობა აქვს დანარჩენ 9-სთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხვდეს გასათავისუფლებელ 3 შტატში, ამ შემთხვევაში კი, შტატები გაუქმდა მთლიანად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” ქვეპუნქტის ნორმით განსაზღვრული უფლების რეალიზება იურიდიულად შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამა თუ იმ სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში შტატების შემცირება და არა ამ სტრუქტურული ერთეულის სრული გაუქმება, ანუ სამსახურში დარჩენის უპირატესობის უფლების გამოყენებისა და ამ ნორმის პრაქტიკული რეალიზების აუცილებელი პირობა იყო იმ მესამე სუბიექტის არსებობა (სამსახურიდან გასათავისუფლებელ სუბიექტსა და ადმინისტრაციასთან ერთად), რომელთან მიმართებაშიც უნდა მომხდარიყო შესაბამისი პერსონალური მონაცემების შედარება და ამის შედეგად გამოკვეთილიყო ის უპირატესობა (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც ამა თუ იმ სუბიექტს ანიჭებდა სამსახურში დარჩენის უპირატესობას, ხოლო, როდესაც კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის გაუქმების ანუ ლიკვიდაციის გამო, ასეთი მესამე სუბიექტი საერთოდ არ არსებობდა, შეუძლებელი იყო მოცემული სუბიექტის (სამსახურიდან გასათავისუფლებელი სუბიექტის) რაიმე უპირატესობაზე მსჯელობა და უფრო მეტიც, მისი უპირატესობის დადგენა და შესაბამისად, დასახელებული ნორმის ამ სუბიექტის მიმართ გამოყენება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹363 ბრძანებით მთლიანად გაუქმდა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი, შტატი ¹...... , 24 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით, სამხედრო ნაწილი ..... , დისლოკაციის ადგილი _ ქ. თბილისი. ამდენად, ამ შემთხევაში სახეზე იყო არა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბში შტატების შემცირება, არამედ _ ამ შტაბისა და 24 სამხედრო მოსამსახურის ¹...... შტატის სრული გაუქმება, რის შედეგადაც სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საერთოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოხდა არა შტატების შემცირება, არამედ მათი სრული გაუქმება, რის გამოც უსაფუძვლო და შეუძლებელია გ. კ-ის მიმართ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” ქვეპუნქტის (იმჟამად მოქმედი რედაქცია) გამოყენება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. კ-ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უკანონო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. კ-ის მიმართ განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან თავად გასაჩივრებული ბრძანების ბათილად გამოცხადებაა უკანონო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ გ. კ-ემ სასამართლოს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების საფუძველზე და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის ¹ბს-393-372(კ-07) განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და გ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 2700 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ¹ბს-393-372(კ-07) ადმინისტრაციულ საქმეზე იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, რომლებიც მოცემულ საქმეში იღებენ მონაწილეობას, კერძოდ, გ. კ-ე (მოსარჩელე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე), შესაბამისად, გ. კ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენით, გამოსასვლელი დახმარების მოთხოვნითა და სასამართლოს მიერ ხსენებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, გ. კ-ეს სადავოდ არ გაუხდია სამსახურიდან მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვა რა გამოსასვლელი დახმარება, ამით ფაქტობრივად, დაეთანხა სამსახურიდან მის გათავისუფლებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ მოითხოვდა გამოსასვლელ დახმარებას. ამის თაობაზე კასატორიც მართებულად მიუთითებს საკასაციო საჩივარში, როდესაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სარჩელი გამოსასვლელი დახმარების მიღებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ-ის სარჩელი არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.