ბს-384-364(კ-07) 27 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 25 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ზ. დ.-ის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹22-ში მდებარე 179,39 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს იჯარით ფლობდა ზ. დ.-ე, რაზედაც გაფორმებული იყო შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება ¹1040 (13.03.2000წ), რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2000 წლის 29 თებერვლიდან 2005 წლის 29 თებერვლამდე პერიოდი. ხელშეკრულების 2.2 მუხლის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებული იყო ქონებით სარგებლობისათვის ყოველთვიურად საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სამმართველოს სპეცანგარიშზე შეეტანა ყოველთვიური საიჯარო ქირის გადასახადი 18,71 აშშ დოლარის ოდენობით, ანგარიშსწორების მომენტისთვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების 2.3 მუხლის შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მას დაერიცხებოდა საურავი საიჯარო ქირის დავალიანების 0,5%-ის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარემ ნებაყოფლობით იკისრა აღნიშნული ვალდებულება, რაც დაადასტურა საიჯარო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მისი მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა სახელშეკრულებო პირობები, ამასთან, არ იყო გადახდილი ობიექტით სარგებლობისთვის გათვალისწინებული საიჯარო ქირის თანხები, რაზედაც მიეცა გაფრთხილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა საიჯარო ქირის დავალიანების - 1090,02 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვლუტაში.
მოპასუხე ზ. დ.-მ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან არის სამი წელი.
საქმის მასალებით კი დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტი, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2002 წლის 27 დეკემბერს, აღნიშნული ფართის გასხვისების საფუძვლით. შესაბამისად, ბოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2002 წლის 27 დეკემბერს, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 25 მაისს, ე.ი. სამი წლისა და ხუთის თვის გასვლის შემდეგ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად ამყარებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო განცხადებას და ამასთან, მიუთითებდა, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2002 წლის 27 დეკემბერს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2002 წლის 27 დეკემბრიდან, რაც საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია. ამდენად, სამმართველოს 2002 წლის 27 დეკემბერს წარმოეშვა არა პერიოდულად შესასრულებელი თვის საიჯარო გადასახადის მოთხოვნის, არამედ მთელი საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაგროვებული ვალის მოთხოვნის უფლება. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოდგენს უძრავი ნივთი, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი და სახელშეკრულებო მოთხოვნებიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს.
აპელანტი მიიჩნევდა, რომ სამმართველოს მოთხოვნა მოვალის მხრიდან არ იყო პერიოდულად შესასრულებელი, არამედ იყო ფიქსირებული დავალიანება და სახელშეკრულებო მოთხოვნა დაკავშირებული იყო უძრავ ნივთთან, რის გამოც საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ქონების მართვის სამმართველოს ხანდაზმულობის ვადის დინება დაეწყო 2002 წლის 27 დეკემბრიდან, ანუ ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის დღიდან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამდენად, სარჩელი სასამართლოში უნდა წარდგენილიყო 2005 წლის 27 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ქონების მართვის სამმართველოს მტკიცებას, რომ რადგანაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, შესაბამისად, დავაზე უნდა გავრცელებულიყო უძრავ ნოვთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 6 - წლიანი ვადა.
სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულება, რაზეც ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებდა იმავე, გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 3 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 14 მაისს ზ. დ.-მ შესაგებლით მომართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.