ბს-385-369(კ-06) 5 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ი. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 ივნისს ი. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე 2004 წლის 2 აგვისტოდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში ... თანამდებობაზე. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 17 მაისის ¹159 განკარგულებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.1 მუხლის შესაბამისად, სამსახურის ლიკვიდაციის მოტივით. საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია განხორციელდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით, ¹40 ბრძანებით კი შეიქმნა იგივე სამსახური, მხოლოდ რეორგანიზებული და შემცირებული შტატებით, ანუ, ფაქტობრივად, სამსახურმა განიცადა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის უფლება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულება მას აღნიშნული ქმედების განხორციელების საფუძველს არ აძლევდა, კერძოდ, დებულების მე-3 ნაწილით, ქ. თბილისის მერს უნდა უზრუნველეყო პრეზიდენტის ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ახალი დებულებით, მისი სამსახური, კერძოდ, ... თანამდებობა არ გაუქმებულა და შესაბამისად, იგი გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 42.1 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულება ი. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში არაკანონიერად იქნა ცნობილი, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საქმეთა მმართველობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაემყარა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი. მ-ე თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1 მუხლის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლდა სამსახურის ლიკვიდაციის მოტივით. ლიკვიდაცია, სასამართლოს განმარტებით, გულისხმობდა დაწესებულების არსებობის შეწყვეტას იმგვარად, რომ წყდება დაწესებულების უფლებაუნარიანობა და მისი უფლება-მოვალეობები ახალ სუბიექტს არ გადაეცემა. რეორგანიზაცია, ხშირ შემთხვევაში, ლიკვიდაციის მსგავსად იწვევს დაწესებულების არსებობის შეწყვეტას, მაგრამ მას თან ახლავს უფლებამონაცვლეობა, იმ დაწესებულების უფლებები და მოვალეობები, რომლის არსებობაც წყდება, გადადის ახლად შექმნილ დაწესებულებაზე _ მის უფლებამონაცვლეზე, როგორც ეს, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულების” მე-2 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი. ამავე ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დანართით, “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის” დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სამსახური წარმოადგენს ლიკვიდირებული ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს. ამრიგად, მერის მითითებული ბრძანების გამოცემით მერიას უარი არ უთქვამს იმ ფუნქციის განხორციელებაზე, რასაც მანამდე ასრულებდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, რის გამოც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ხოლო ტერმინი “ლიკვიდაცია,” რომელიც მერის ბრძანებაში მიეთითა, თავისი ნამდვილი მნიშვნელობით და თანამდევი შედეგით უთანაბრდება რეორგანიზაციას, ამიტომ სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, შრომით სამართალურთიერთობებშიც უნდა მოჰყოლოდა ის იურიდიული შედეგები, რასაც, ჩვეულებრივ, დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევს.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ აქტებში უფლებამონაცვლეობის თაობაზე შესაბამისი დანაწესის არსებობა-არარსებობა ვერ შეცვლიდა იმ მდგომარეობას, რომ თავისი არსით სახეზეა დაწესებულების რეორგანიცაზია, ვინაიდან მერიამ, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, შეინარჩუნა საჯარო ფუნქცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ის გათავისუფლებისას დაცული არ ყოფილა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით გამორიცხავდა მოხელის უპირობო გათავისუფლებას და დაწესებულებაში ისეთი ახალი თანამშრომლის მიღებას, რომელსაც აღნიშნულ სისტემაში არ უმუშავია, ვიდრე არ გაირკვეოდა სამსახურში არსებულ მოხელეთა შემდგომი დასაქმების საკითხი მათი უპირატესი დარჩენის უფლების გათვალისწინებით, რაც არ შესრულებულა. მოსარჩელე ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ არც მისი შტატი შემცირებულა და არც მისი შემდგომი დასაქმების შეუძლებლობა არსებულა, კერძოდ, თბილისის პრემიერის 2004 წლის 22 ივნისის ¹225 განკარგულებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულის ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2004 წლის 14 ივნისის ¹209 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” დანართი ¹2-ის თანახმად, სულ მთავარი სპეციალისტის შტატი იყო 17, ხოლო აღნიშნული სამსახურის საქმეთა მმართველობაში ....ის შტატი _ 1, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. თბილისის მერის 2005 წლის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” დანართი ¹2-ის თანახმად კი საქმეთა მმართველობაში კვლავ დარჩა ...ის 1 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სამსახურში _ 8 შტატი. ამასთან, თბილისის მერიის 2005 წლის 13 ივნისის ¹752 განკარგულებით მითითებული სამსახურის ინფრასტრუქტურისა და სატარიფო პოლიტიკის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე დანიშნულია მოვალეობის შემსრულებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, სადავო განკარგულების გამოცემით უხეშად დაირღვა ი. მ-ის შრომითი უფლებები (ს.ფ. 48-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით ქ. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ფაქტი და არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.1 მუხლი. სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 386-ე მუხლების, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები (ს.ფ. 58-59).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
,,ქ. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22.3,,ნ” მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულად ჩაითვალა ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ” ქ. თბილისის მერის 1999 წლის 24 მარტის ¹15 ბრძანების თანდართული ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციებს მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის საქალაქო სამსახურები; ,,ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულებით ი. მ-ე განთავისუფლდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1. მუხლის შესაბამისად; ,,ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22.3,,ნ” მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-3,,ე” და მე-12,,ნ” მუხლების შესაბამისად, დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ლიკვიდაციის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა, როგორც მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა და ქ. თბილისის მერიაში შეიქმნა ახალი საქალაქო სამსახური იმავე დასახელებით, თუმცა განსხვავებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა სამსახურის მხოლოდ მმართველობით-ფუნქციონალური უფლებამონაცვლეობა და არა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რის გამოც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1. მუხლით უნდა მომხდარიყო, რომლითაც არ არის დადგენილი, რომ დაწესებულების ლიკვიდაციის დროს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას სავალდებულოა ამ მოხელისთვის რაიმე სხვა თანამდებობის შეთავაზება, ხოლო 96.2 მუხლი მსგავს დათქმას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია ან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება არ განხორციელებულა, არამედ მოხდა აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში უსაფუძვლოა. შესაბამისად, გადაწყვეტილება უსაფუძვლოა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანება ,,ქ. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” და სასამართლო საქართველოს კანონმდებლობასთან მის შესაბამისობაზე ვერ იმსჯელებდა (ს.ფ. 79-83).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას სამსახურის ლიკვიდაციის გამო. სინამდვილეში კი ლიკვიდაცია არ მომხდარა, ვინაიდან სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით ლიკვიდაცია დაწესებულების არსებობისა და უფლებაუნარიანობის შეწყვეტას გულისხმობს, მისი უფლება-მოვალეობები ახალ სუბიექტს არ გადაეცემა და შესაბამისად, უფლებამონაცვლეობაც დაუშვებელია. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოხდა არა ლიკვიდაცია, არამედ სამსახურის რეორგანიზაცია, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან, მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლი ითვალისწინებს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის თანამდებობიდან დათხოვნის შესაძლებლობას, მაგრამ ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ნაწილით საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს მხოლო მერია და არა მისი სტრუქტურული ერთეულები, კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, ხოლო რადგან მერიის ლიკვიდაციის აქტი არ გამოცემულა და მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, არც მისი სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულების” მე-2 პუნქტის მიხედვით ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. ბრძანებაში პირდაპირ აღინიშნა, თუ, კონკრეტულად, რომელი სამსახურების ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო ამავე ბრძანების მე-3 მუხლის “ე” პუნქტში პირდაპირ განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა. ამდენად, კასატორის აზრით, მისი სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა, ხოლო თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹482 განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის პრემიერის 2004 წლის 14 ივნისის ¹209 განკარგულება “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ.” ამავე დროს თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც იდენტური ფუნქციებით შევიდა აღნიშნული სამსახური და ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა, ე.ი. ფაქტობრივად, განხორციელდა მითითებული სამსახურის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და არა ლიკვიდაცია, რაც უნდა გულისხმობდეს სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას, ქონების აღრიცხვას, ბეჭდის და ანგარიშის ჩაბარებას, სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარებას და ა.შ. რომელსაც მის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამსახურის ლიკვიდაცია რომ არ მომხდარა, კასატორის მოსაზრებით, იმითაც დასტურდება, რომ თბილისის მერიის მიერ მითითებული თარიღითვე გამოტანილი განკარგულებით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროს ა. მ-სა და მის მოადგილე ზ. ა-ს გაუფორმდათ სამსახურებრივი მივლინებები საზღვარგარეთ, რაც ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ადასტურებს, რომ ტერმინი “ლიკვიდაცია,” რომელიც გამოყენებულია თბილისის მერის ¹25 ბრძანებასა და მისი გათავისუფლების ¹154 განკარგულებაში, თავისი სამართლებრივი შინაარსითა და თანამდევი შედეგით წარმოადგენს რეორგანიზაციას, რასაც უნდა მოჰყოლოდა ის შედეგები, რაც სამართლებრივ ურთიერთობებში თან ახლავს რეორგანიზაციას. ამდენად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად გამოიყენა 96.1 მუხლი, შესაბამისად, მისთვის 97.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არავის შეუთავაზებია არანაირი სამუშაო ადგილი და არც დაწესებულებაში მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხი ყოფილა განხილული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36.2 და 421 მუხლების მოთხოვნები, მაშინ როდესაც, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და სტიქიის შედეგად დაზარალებული – ჩამოსახლებული აჭარიდან.
კასატორის მითითებით, “თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ბრძანების ¹2 დანართის თანახმად, საქმეთა მმართველობაში კვლავ დარჩა მთავარი სპეციალისტის – იურისტის 1 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სამსახურში მთავარი სპეციალისტის 8 შტატია. 2005 წლის 4 თებერვალს მერიას ჩაჰბარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის განჩინება, რა დროისთვისაც მისი შტატი, ფაქტობრივად, ვაკანტური იყო და მერიას უნდა აღედგინა თანამდებობაზე, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასამართლო აღმასრულებლის მრავალჯერადი მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, არ აღსრულდა. მოგვიანებით კი, 2005 წლის 21 ნოემბერს, აღნიშნული შტატი სამსახურის უფროსის ინიციატივითა და მერის განკარგულებით გადატანილ იქნა იმავე სამსახურის სტრატეგიული განვითარების განყოფილებაში, სადაც მთავარი სპეციალისტის შტატი იყო ორი და მესამის დამატებას არ საჭიროებდა, ხოლო თუ საჭიროებას წარმოადგენდა, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე იგი უნდა დაენიშნათ და არა პირი, რომელსაც მერიის სისტემაში საერთოდ არ უმუშავია, მით უმეტეს, რომლის დანიშვნაც კონკურსის წესით არ მომხდარა.
კასატორის მოსაზრებით, 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანება გამოიცა არაუფლებამოსილი ორგანოსა და პირის მიერ და ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 და მე-60“დ” მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ქალაქის მერმა 2005 წლის 5 მაისის ბრძანებას საფუძვლად დაუდო “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 22.3“ნ” მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლი, რომელთა თანახმად, ქალაქის მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს და უფლებამოსილია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. მოცემული ნორმები კი არ შეესაბამება იმ სპეციალურ კანონმდებლობას, რომელიც განსაზღვრავს თბილისის მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის, უფლებამოსილებას, კერძოდ, “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონითა და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულებით” მერს არ ჰქონდა მინიჭებული მსგავსი უფლება. საქალაქო სამსახურების გაუქმების უფლებამოსილება მერს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულების” 25-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით. ხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დამტკიცდა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულება,” რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიკიდირებულ იქნა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი, ამასთან, კასატორის მითითებით, დამტკიცებულ იქნა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელშიც იდენტური დასახელებით შევიდა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, როგორც მერიის სტრუქტურული ერთეული (ს.ფ. 87-90).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმის გარემოებები, არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹154 განკარგულებით მოსარჩელე ი. მ-ე გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის მოტივით. აღნიშნული განკარგულების საფუძველს წარმოადგენდა “ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანება, რომლითაც ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია, აღნიშნული ბრძანება დავის საგანი არ ყოფილა და სასამართლო მოქმედ კანონმდებლობასთან მის შესაბამისობაზე ვერ იმსჯელებდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ, მართალია, 2005 წლის 5 მაისს გამოიცა ქ. თბილისის მერის ¹25 ბრძანება, სადაც საუბარია ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციაზე, მაგრამ იმავე დღესვე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით, დამტკიცდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა, საშტატო ნუსხა და მითითებული დებულების მე-6 პუნქტში განისაზღვრა, რომ სამსახური წარმოადგენდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანების საფუძველზე ლიკვიდირებული ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს. რამდენადაც სამართლებრივად ლიკვიდაცია გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას, ამდენად, ტერმინი “ლიკვიდაცია” ზემოაღნიშნულ ბრძანებებში გამოყენებულია რეორგანიზაციის შინაარსობრივი დატვირთვით. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის _ 2005 წლის 16 მაისს უკვე შექმნილი იყო ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, იმ სამსახურის უფლებამონაცვლე, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, შესაბამისი საშტატო ერთეულებით, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის გათავისუფლებას დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძვლით.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ბრძანების კანონიერება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდა თუ არა შტატების შემცირებით, შემცირდა თუ არა მოსარჩელის შტატი და გამოირიცხებოდა თუ არა მოსარჩელის მთავარი სპეციალისტი-იურისტის ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დანიშვნის ან მისთვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე შესაბამისი თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.