ბს-385-370(კ-08) 19 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა.-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ა.-ე 1994 წლის 1 აპრილიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი 2006 წლის 1 ნოემბრიდან დათხოვნილია საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ დარჩა დავალიანება, რაც შეადგენს 1465,70 ლარს, მათ შორის ხელფასი 521,64 ლარი, კვების კომპენსაცია 568,17 ლარი, ჯილდო 291,58 ლარი და მატერიალური დახმარება 84,31 ლარი. მ. ა.-მ 2007 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დავალიანების გადახდა 1465,70 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 1465,70 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 18 სექტემბრის ¹3-11/... წერილით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 1465,70 ლარი, მათ შორის ხელფასი _ 521,64 ლარი, კვების კომპენსაცია _ 568,17 ლარი, ჯილდო _ 291,58 ლარი, მატერიალური დახმარება _ 84,31 ლარი. სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი დოკუმენტით დაადასტურა დავალიანების არსებობა, რითაც აღიარა მოთხოვნის არსებობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეეძლო საკმარის მტკიცებულებად ჩაეთვალა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებისთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, 37-ე მუხლი; ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია ასევე "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები _ ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, სახელდობრ, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. ხანდაზმულობის სამწლიან ვადასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნება მ. ა.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში იმ დღიდან, როდესაც იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, ვინაიდან აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობდა საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც ცნობილია და შესაბამისად, დადასტურებული მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი კანონშეუსაბამოა.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თუნდაც რომ გაზიარებული ყოფილიყო მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის თაობაზე, კანონმდებლობის მიერ წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების აღიარება _ ვალდებულების შესრულების გადავადება (მორატორიუმი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ა.-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-ის უფროსად, საიდანაც გათავისუფლებულია 2006 წლის 1 ნოემბრიდან.
საქმეში წარმოდგენილი ცნობებით კი სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ა.-ის 1998, 1999, 2000 წლების ხელზე გაუცემელი დავალიანება შეადგენს: ხელფასი _ 521,64, ჯილდო _ 291,58, მატერიალური დახმარება _ 84,31, კვების კომპენსაცია _ 568,17, სულ: 1465,70 ლარს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 20 სექტემბერს. ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, ასევე ამავე კანონის 37-ე მუხლი. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს რა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, მ. ა.-ის შრომით გასამრჯელოში 521,64 ლართან ერთად მოიაზრება ჯილდო 291,58 ლარი და მატერიალური დახმარება _ 84,31 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს 2007 წლის 22 ოქტომბრის წერილი მ. ა.-დმი, სადაც მითითებულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მ. ა.-ის თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი წარმოადგენს ვალდებული პირის აღიარების და დაპირებას დავალიანების ანაზღაურების შესახებ. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელფასო (თანამდებობრივ სარგო, ჯილდო, მატერიალური დახმარება) დავალიანების აღიარებას და მათი გადახდის დაპირებას, და აღნიშნული წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები და მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩათვალა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებული სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ანუ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისას უზრუნველყოს სასურსათო ულუფით. აღნიშნული ულუფის ნატურით გაუცემლობის შემთხვევაში კი, მისცეს შესაბამისი კომპენსაცია, მისი ღირებულება აანაზღაუროს ფულით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასურსათო ულუფის, როგორც სახელმწიფოს მიერ ნატურით გასაწევი ხარჯის, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფის კომპენსაცია არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით გათვალისწინებულ იმ დანამატად, რასაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს; ამასთან, სასურსათო ულუფის ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენს რა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ა.-ის მიერ ხელზე მიუღებელ დავალიანებაში, რაც საქმეში არსებული ცნობის თანახმად 1465,70 ლარია, შედის სასურსათო ულუფის კომპენსაციის თანხა 568,17 ლარის ოდენობით. მოწინააღმდეგე მხარე მ. ა.-მ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მისდამი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 7 თებერვლის ¹9/... წერილი (პასუხი), სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა მისი 2007 წლის 14 დეკემბრის განცხადება, რომელიც ეხება მიუღებელი დავალიანების, 1465,70 ლარის ანაზღაურებას. ამ წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ამ მიზნებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს წერილი არ წარმოადგენს ვალდებული პირის დაპირებას და ჩათვალა, რომ აღნიშნული წერილი წარმოადგენს მ. ა.-ის მიმართ არსებული დავალიანების, მათ შორის კვების კომპენსაციის
თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 144 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას, ვალდებული პირის მიერ ვალის აღიარებას და მისი შესრულების დაპირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ა.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორი თვლის, რომ ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯლობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას 1999-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოწესრიგებულ უნდა იქნას "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით); მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. კასატორს მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით, რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალური დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 18 სექტემბრის ¹3-11/6878 ცნობა ვალდებულების აღიარებად; აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას, მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 568,17 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 568,17 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ა.-თვის კვების კომპენსაციის _ 568,17 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.