Facebook Twitter

ბს-387-366(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის არქმშენინსპექციამ მოპასუხე ე. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მცხოვრები ე. დ-ის მიერ უკანონოდ განხორციელებული საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-მშენებლობის მოშლა (ს.ფ. 3).

2005 წლის 29 აგვისტოს ე. დ-ემ შეგებებული სასარჩელო განცხადება წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹20 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-მშენებლობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა და მოშლა დაევალა (ს.ფ. 10-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე. დ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹20 დადგენილება.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. დ-ე ცხოვრობს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ბინა ¹40-ში და მის მიერ აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «არქიტეტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული საქმიანობა არის არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობა-ნაგებობის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა, ხოლო «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით, მშენებლობა არის შენობა-ნაგებობის აგების პროცესი, რომელიც მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლო დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მოყვანილ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ ე. დ-ის მიერ ადგილი არ ჰქონია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ი» პუნქტის დარღვევას, რასაც მიუთითებდა გასაჩივრებულ დადგენილებაში ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია.

საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა ე. დ-ის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული გამოცემის ადგილი და არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა კი თავისთავად გამორიცხავს ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას (ს.ფ. 84-87).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის უფლებამონაცვლე ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. დ-ე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ბინა ¹40-ში აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ბინის ოთახებს შორის არსებული «დრანკის» ტიპის ტიხრები შეიცვალა კაპიტალური კედლებით, ასევე შეიცვალა ბინაში ოთახების წყობა და ზომები, ოთახებს შორის მოეწყო გასასვლელი კარები, რომელიც ადრე არ არსებობდა.

აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება სადავო დადგენილების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების დარღვევით გამოცემის თაობაზე, ვინაიდან დადგენილებას გააჩნდა სამოტივაციო ნაწილი, რომელიც მთლიანად პასუხობდა აქტის დასაბუთებას. რაც შეეხებოდა გასაჩივრების წესსა და ადგილს, იგი განსაზღვრული იყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და მისი აქტში მითითების აუცილებლობა სპეციალური კანონით არ დგინდებოდა.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენად უფლებამოსილი იყო ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურს შეუძლია გამოსცეს მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, ბრძანება და განკარგულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილების გამოცემა კანონიერი იყო, ვინაიდან «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის თანახმად, არქმშენინსპექციამ უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დადგენილება. მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში ე. დ-ე გაფრთხილებული იყო აღნიშნული თაობაზე, ამასთან, მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ მეზობლებიც (ს.ფ. 90-91).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ე. დ-ემ, რომელიც ცხოვრობს ბათუმში, ... ქ. ¹2-ში მდებარე ბინა ¹40-ში, აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული საქმიანობა არის არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობა-ნაგებობების პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა, ხოლო «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით, მშენებლობა არის შენობა-ნაგებობის აგების პროცესი, რომელიც მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს.

ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹2 დადგენილებით ირკვეოდა, რომ ე. დ-ემ დაარღვია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის და «კ» ქვეპუნქტის მოთხოვნები, ანუ მან ობიექტის მშენებლობა დაიწყო და აწარმოა სათანადო ნებართვის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ 2005 წლის 7 ივლისის ¹2 დადგენილებაში არასწორად მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «კ» და «კ» ქვეპუნქტების დარღვევის თაობაზე, რადგან ე. დ-ეს არ უწარმოებია ობიექტის მშენებლობა, მან არსებული გაბარიტების ფარგლებში განახორციელა მისი საცხოვრებელი ბინის რემონტი, რასაც აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარში ადასტურებდა კიდეც. «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა შენობა-ნაგებობის, მათ შორის ფასადის, ყველა სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, არსებული გაბარიტების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ასევე დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას, არ იყო მითითებული მისი გამოცემის ადგილი და გასაჩივრების წესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლით აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (ს.ფ. 135-141).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორის მითითებით, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის, ქალაქთმშენებლობის დაგეგმვას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მშენებლობასა და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს დეტალურად არეგულირებს «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებითა (მეორე სტადია) და მესამე სტადიით მშენებლობის ნებართვა გაიცემა შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები ანდა არსებითად არ იცვლება ფუნქციური დანიშნულება. ე.ი. მშენებლობის ნებართვის აღებას საჭიროებდა ე. დ-ის მიერ წარმოებული მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება მიღებულია 2005 წლის 11 აგვისტოს. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინის რეკონსტრუქციით შეიძლება შეირყეს შენობის (სახლის) სიმტკიცე და მდგრადობა (ს.ფ. 146-150).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

საქმის მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.