Facebook Twitter

¹ბს-387-372(კ-08) 19 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 ნოემბერს ნ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 7 სექტემბრიდან 2003 წლის 17 მარტამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში და იყო მე-2 ჯგუფის ინვალიდი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 17 თებერვლის ¹408 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან, ხოლო მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 1778,74 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 361,86 ლარს, კვების კომპენსაცია _ 567,70 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 198,34 ლარს, მატერიალური დახმარება _ 34,38 ლარს, სანივთე ქონების კომპენსაცია _ 616,56 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დავალიანების _ 1778,74 ლარის ანაზღაურება დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 361,86 ლარის ანაზღაურება; ნ. მ.-ს უარი ეთქვა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის, კვარტალური ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტლის 2006 წლის 30 ნოემბრის ¹1462 და ¹1464 ცნობების თანახმად, მოსარჩელის მიმართ 1999-2000 წლებში მოპასუხის დავალიანება შეადგენდა: ხელფასი _ 361,86 ლარს, კვების კომპენსაცია _ 567,70 ლარს, კვარტალური ჯილდო _ 198,24 ლარს, მატერიალური დახმარება _ 34,38 ლარს. მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გააჩნდა ასევე სანივთე ქონების კომპენსაციის 2001-2002 წლების დავალიანება 616,56 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნა, რომ, მართალია, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, იყო სამი წელი. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობოდა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ივარაუდებოდა, რომ პირს უნდა სცოდნოდა ან უნდა გაეგო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან იწყებოდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებული იყო კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყებოდა იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორი ნ. მ.-თვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უნაზღაურებდა 1999-2000 წლების კვებისა და 2001-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას, ანუ დარღვეული იყო მისი უფლება. რადგან მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება იმავე სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურებაზე, შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის ამ სამინისტროსათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია 2006 წლის ნოემბრამდე. ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა 1999-2000 წლებისა და 2001-2002 წლების კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნებზე. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ თავისი ხარჯით შეიძინა სამხედრო ფორმა და ფორმის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე. ამდენად, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე 1999-2000 წლებისა და 2001-2002 წლების კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარი უნდა თქმოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, მათ შორის, პრემია და სხვა დანამატები. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ხელმძღვანელს უფლება ჰქონდა, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაეწესებინა სხვა დანამატები. მართალია, მოსარჩელე ხელფასთან ერთად, სხვა დანამატების გაცემასაც მოითხოვდა, კერძოდ, კვარტალური ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებას, მაგრამ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1999-2000 წლებში შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაწესებული ჰქონდა სხვადასხვა სახის დანამატები ხელფასზე, მათ შორის, კვარტალური ჯილდო და მატერიალური დახმარება. ამდენად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ სახელფასო დავალიანება 361,86 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 995 ლარის ანაზღაურება; სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მის მოტივაციას სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომლითაც მოთხოვნილ იქნა არა სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა, არამედ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (ს.ფ. 48, 51). ამდენად, არ არსებობდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი და ამ ნაწილში აპელანტის მოსაზრება იყო დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში.

რაც შეეხებოდა კვარტალური ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2003 წლის მაისსა და 2004 წლის ივლისში (ს.ფ. 48, 51), რაზეც პასუხი არ მიუღია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმებოდა მოსარჩელის ხელფასში და რა დანამატებს შეიცავდა იგი. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 30 იანვრის ცნობა ხელფასის თაობაზე (ს.ფ. 69), რომელიც გაიცა ნ. მ.-ზე იმის თაობაზე, რომ მისი კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 995,02 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 281,12 ლარს, კვების კომპენსაცია _ 481,28 ლარს, ჯილდო _ 198,24 ლარს და მატერიალური დახმარება _ 34,38 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის ფულადი სარგო შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: წოდებრივი სარგო _ 1,65 ლარი, თანამდებობრივი სარგო _ 33,35 ლარი, კვების კომპენსაცია _ 59 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მითითება იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი ცნობა (ს.ფ. 69) იყო საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებას. მითითებული წერილობითი მტკიცებულებით დადგენილი იყო, რომ იგი გაცემულ იქნა 2008 წელს მოსარჩელის სახელზე, მის მიმართ არსებული, ხელზე გასაცემი დავალიანების ოდენობის (995,02 ლარი) დადასტურების თაობაზე. იგი გაცემულ იქნა მოსარჩელის და არა მესამე პირების სახელზე და ამ დოკუმენტით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. მ.-ის მიმართ 995,02 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა, ერთი მხრივ, ნ. მ.-ის უფლება, მოეთხოვა მითითებული თანხა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გაეცა ხსენებული თანხა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფდა მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. უფრო მეტიც, იგი კვლავ აღიარებდა მოსარჩელის წინაშე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. მ.-ის სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, ნ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნები ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფულად გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი.

კასატორი აღნიშნავს, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. იმავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით, ეძლეოდა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის, ამავე პუნქტში მითითებული ოდენობით. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახურები წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ამდენად, ხელფასსა და დასახელებულ ფულად გასაცემლებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე _ ამ კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, იმავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2008 წლის 2 თებერვალს გაცემული ¹3-11/957 ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების დავალიანების აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 19 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. მ.-თვის მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნ. მ.-თვის მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 481,28 ლარის ნ. მ.-თვის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 481,28 ლარის ნ. მ.-თვის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2008 წლის 10 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას ნ. მ.-თვის ხელფასის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 361,86 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. მ.-თვის მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. მ.-თვის მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 481,28 ლარის ნ. მ.-თვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს 2008 წლის 10 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე;

4. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.