Facebook Twitter

ბს-388-367(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ა-მა 29.12.05წ. სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1000 ლარის ოდენობით.

კასატორმა მიუთითა, რომ 2001 წლის მაისში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან გავიდა პენსიაზე ავადმყოფობის გამო, მიენიჭა III ჯგუფის ინვალიდობა. პენსიაზე გასვლის შემდეგ არ მიუღია სავალდებულო პირადი დაზღვევის თანხა, რაც სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დაინვალიდებული III ჯგუფის ინვალიდებისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.93წ. ¹421 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით შეადგენს საქართველოში დადგენილ მინიმალურ ხელფასს გადიდებულს 50-ჯერ. «მინიმალური ხელფასის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოში დადგენილი მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, მისი კუთვნილი სადაზღვევო თანხა, როგორც სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დაინვალიდებული პირისათვის შეადგენს 1000 ლარს. 12.11.04წ. ზ. ა-მა სარჩელით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ყოფილა მოსარჩელე დაზღვეული, რაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრთა კაბინეტის 31.05.93წ. ¹421 დადგენილებითა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის» შესახებ კანონის მე-17 მუხლით იმპერატიულად იყო განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის დაზღვევა. აღნიშნული მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რომელიც შეადგენს 1000 ლარს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ზ. ა-ის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი.

ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-ი 01.06.01წ. არის საქართველოს უშიშროების სამინისტროს პენსიონერი და III ჯგუფის ინვალიდი სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო, არასოდეს განხორციელებულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების დაზღვევა, შესაბამისად არ გაფორმებულა დაზღვევის ხელშეკრულება და არ წარმოშობილა ვალდებულება. ამ საფუძვლით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. ა-ს უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი ითვალისწინებს პირის ვალდებულებას, აანაზღაუროს თავისი მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, ეს ნორმა გამორიცხავს პასუხისმგებლობას ბრალის არარსებობისას. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლიც გამორიცხავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ ნორმით პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის დაზღვევის თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო საქართველოს ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების მიუღებლობის გამო, რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის აუცილებელი გარემოების – ბრალის არარსებობის გამო, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვლადებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ გარემოების გამო, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი, ანუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს არა ხელშეკრულება, არამედ საკანომდებლო და ნორმატიული აქტი, რომელიც მას იმპერატიულად ავალებდა ოპერატიულ თანამშრომელთა დაზღვევას, ხოლო მას შემდეგ, რაც მოპასუხე განახორციელებდა სამხედრო მოსამსახურის დაზღვევას, მას არანაირი ვალდებულებები აღარ ექნებოდა დაზღვეული პირის მიმართ. დაზღვეული პირის წინაშე ვალდებულებებს აიღებდა სადაზღვევო კომპანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობის და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დასაბუთებულად, კანონიერად და ჩათვალა, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.07წ. განჩინება 20.04.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, კერძოდ: როგორც მოპასუხე მხარე აღნიშნავს და სასამართლომ დადგენილად ცნო, მოპასუხეს არ განუხორციელებია ზ. ა-ის დაზღვევა, რაც მას კანონით ევალებოდა. ეს არის ბრალეული ქმედება, ხოლო, რაც შეეხება დაუზღვევლობას იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან არ იყო გამოყოფილი შესაბამისი თანხები და ამიტომ გამოირიცხა მოპასუხის ბრალეული ქმედება, მოპასუხეს, რომ განეხორციელებინა მისი დაზღვევა, მას არანაირი ვალდებულებები აღარ ექნებოდა ზ. ა-ის მიმართ. დაზღვეული პირის წინაშე ვალდებულებებს იღებს სადაზღვევო კომპანია და ბიუჯეტში თანხების არსებობა _ არარსებობას არ აქვს კავშირი მოვალეობის შეუსრულებლობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ შსს ვალდებულია, აუნაზღაუროს დაუზღვევლობის გამო მიყენებული ზიანი, ის თანხა, რომელსაც მიიღებდა დაზღვევის შემთხვევაში, რაც შეადგენს 1000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.