Facebook Twitter

ბს-390-369(2კ-07) 11 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მოპასუხე); 2. გ. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, საპენსიო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 3 ნოემბერს გ. ხ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის 1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილე, სარგებლობს ომის მე-3 ჯგუფის ინვალიდის უფლებით, 33 წელი მსახურობდა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში, საიდანაც 1983 წლის 1 დეკემბერს გავიდა პენსიაზე, რომელიც დაენიშნა კანონის შესაბამისად. 2003 წლის 23 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლში და მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება მიენიჭათ ომის მონაწილეებს 70 წლიდან, რაც ძალაში იყო 2004 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ სამამულო ომის იმ ვეტერანებს, რომლებიც პენსიას ღებულობდნენ ომის ინვალიდობის მიხედვით, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომელიც ვეტერანების პენსიის ოდენობას ომის ინვალიდობისთვის განსაზღვრავდა 45 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, როგორც 80 წელს მიღწეულ 1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილისათვის, მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით, 45 ლარისა და 84 ლარის, სულ _ 129 ლარის დანიშვნა, შესაბამისი უფლების წარმოშობის დღიდან _ 1997 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე, ასევე თვეში 129 ლარის ოდენობით საპენსიო დავალიანების, სამუშაოზე მოცდენის, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯებისა და ტრანსპორტით მიმოსვლის ხარჯების _ 3000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა გ. ხ-ისთვის 2006 წლის 3 ნოემბრიდან ომის ინვალიდობის მიხედვით მეორე სახეობის პენსიის და მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის (2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შესრულებული ჰქონდათ 75 წელი ან/და იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ჰქონდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე ენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის შეტანის მომენტისათვის, 1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ოფიცრებისა და/ან I და II ჯგუფის ომის ინვალიდებისთვის საპენსიო დანამატის სახით უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად, კანონმდებლობა დამატებით ითვალისწინებდა მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის გამო პენსიის ორმაგი დანამატით დანიშვნის შესაძლებლობას და, ამდენად, გ. ხ-ზე, როგორც ზემოხსენებული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათებით მოსარგებლე პირზე, ვრცელდებოდა მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები და მას გააჩნდა ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ ზემოაღნიშნული საპენსიო შეღავათის გავრცელებაზე გავლენას ვერ მოახდენდა ის გარემოება, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით (რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან) ამოღებულ იქნა ამ კანონის მე-7 და მე-8 თავები, მათ შორის, მე-7 თავში შემავალი მე-60 მუხლი. 2005 წლის 23 დეკემბერსვე მიღებული “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის (რომელიც ასევე ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან) 22-ე მუხლით გარანტირებული იყო ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განისაზღვრა ომის მონაწილეთა პენსიის განსხვავებული ოდენობები, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდებოდა მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა გათანაბრებოდა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ, ძველი კანონით მინიჭებული უკეთესი საპენსიო შეღავათის შენარჩუნების უფლების მქონე პირთა კატეგორიას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პენსია _ 129 ლარი “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ პენსიის შესაბამის ოდენობაზე _ 60 ლარზე მეტი იყო, ხოლო ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მოქმედების პერიოდში მოპასუხემ არამართლზომიერად უთხრა უარი მოსარჩელეს მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ხ-ე პენსიას იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, წელთა ნამსახურობის მიხედვით და სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველს. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სამი სახის საპენსიო უზრუნველყოფას იმავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთათვის: პენსიას წელთა ნამსახურობით (თავი მეორე); პენსიას ინვალიდობის გამო (თავი მესამე); პენსიას მარჩენლის დაკარგვის გამო (თავი მეოთხე). თითოეული მათგანი წარმოადგენდა პენსიის ცალკე სახეს. იმავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ, მათი სურვილის შესაბამისად, ენიშნებოდათ ერთი სახეობის პენსია. კანონი მათ აძლევდა პენსიის სახეობის არჩევის უფლებას. მოსარჩელეს თავისი სურვილით ჰქონდა დანიშნული პენსია შინაგან საქმეთა სამინისტროდან წელთა ნამსახურობით. ამ კატეგორიის პენსიონერებს, ინვალიდობის შემთხვევაში, ეძლეოდათ პენსიაზე დანამატი და ისინი არ იღებდნენ ცალკე პენსიას ინვალიდობის გამო, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ხსენებული კანონის მე-60 მუხლი, რომელმაც დაუშვა ორი სახეობის პენსიის მიღების შეღავათი ომის ინვალიდობის გამო პენსიის მიმღებ სამხედრო ხაზით პენსიონერთათვის, შემდგომში _ ასევე სამოქალაქო ხაზით ინვალიდობის პენსიის მიმღებ სამამულო ომის მონაწილეთათვისაც. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და გ. ხ-ს მისცა სამი სახეობის პენსიის მიღების უფლება: წელთა ნამსახურობის (რაც უკვე დანიშნული ჰქონდა), ინვალიდობის გამო და მოხუცებულობის პენსია ორმაგ დანამატთან ერთად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ამოღებული იყო იმავე კანონიდან, ხოლო მანამდე ამ მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, დასახელებულ კანონში შეტანილმა შესაბამისმა ცვლილებებმა შეაჩერა მეორე სახეობის პენსიისა და დანამატის 2004-2005 წლებში დანიშვნის შესაძლებლობა, ხოლო შემდგომში მთლიანად გააუქმა იგი.

კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომელშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გ. ხ-ე 1983 წლის 1 დეკემბრიდან იღებს პენსიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, წელთა ნამსახურობით, ხოლო მოპასუხემ უკანონოდ უთხრა უარი მას მეორე სახეობის პენსიის დანიშვნაზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გ. ხ-ს ნამდვილად ეკუთვნოდა მეორე სახეობის პენსია და დაუნიშნა იგი, მაგრამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაავალა გ. ხ-ისათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა მხოლოდ 2006 წლის 3 ნოემბრიდან, არ გაითვალისწინა, რომ 2003 წლის 23 ივლისის ცვლილებით ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, მისი მოქმედება გავრცელდა 70 წელს მიღწეულ 1941-1945 წლების ომის მონაწილეებზე, მათ შორის, მოსარჩელეზეც და აღნიშნული მუხლის ახალი რედაქცია ამოქმედდა 2004 წლის 1 იანვრიდან, გ. ხ-ე კი 70 წლის გახდა 1995 წლის იანვარში, რის გამოც მას მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება გააჩნდა და ხსენებული უფლება წარმოეშვა 2004 წლის იანვრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს გ. ხ-ს მეორე სახეობის პენსია დაუნიშნოს 2004 წლის 1 იანვრიდან თვეში 129 ლარის ოდენობით, ასევე 2007 წლის 1 მაისამდე 40 თვის საპენსიო დავალიანების _ 5140 ლარის მოსარჩელისთვის ერთდროულად გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 7 მაისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 13 ივნისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით გ. ხ-ისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 11 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ხ-ე დაბადებულია ... წელს, არის ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (ს.ფ. 6-8, 85). საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 9 ივლისის წერილში აღნიშნულია, რომ გ. ხ-ეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან დანიშნული ჰქონდა პენსია წელთა ნამსახურობისათვის, რის გამოც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი გ. ხ-ზე ვერ გავრცელდებოდა (ს.ფ. 9). საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 12 ივლისის წერილში აღნიშნულია, რომ ორი სახეობის პენსიის მიღების უფლებას მოიპოვებდნენ თადარიგში დათხოვნილი ოფიცრები, თუ მათ ძალოვანი სტრუქტურებიდან დანიშნული ჰქონდათ პენსია ომის ინვალიდობით (ს.ფ. 10). გ. ხ-ე, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, წელთა ნამსახურობის პენსიას იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, 295,40 ლარის ოდენობით (ს.ფ. 14).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან სარჩელის შეტანის მომენტისათვის, 1941-1945 წლების სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ოფიცრებისა და/ან I და II ჯგუფის ომის ინვალიდებისთვის საპენსიო დანამატის სახით უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად, კანონმდებლობა დამატებით ითვალისწინებდა მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის გამო პენსიის ორმაგი დანამატით დანიშვნის შესაძლებლობას, ამდენად, გ. ხ-ზე, როგორც ზემოხსენებული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათებით მოსარგებლე პირზე, ვრცელდებოდა მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები და მას გააჩნდა ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მიხედვით, ომის ინვალიდობის პენსია წარმოადგენდა პენსიის დამოუკიდებელ სახეს და, მეორეც, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მის მიერვე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ. ხ-ე პენსიას იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, წელთა ნამსახურობით, 295,40 ლარის ოდენობით და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ხ-ე პენსიას იღებს წელთა ნამსახურობის მიხედვით და მას მისცა სამი სახეობის პენსიის მიღების უფლება, კერძოდ, წელთა ნამსახურობის პენსიისა (რაც უკვე დანიშნული ჰქონდა), ინვალიდობის გამო პენსიისა და მოხუცებულობის გამო პენსიისა ორმაგ დანამატთან ერთად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სამი სახის საპენსიო უზრუნველყოფას იმავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთათვის, კერძოდ, პენსიას წელთა ნამსახურობით, პენსიას ინვალიდობის გამო და პენსიას მარჩენლის დაკარგვის გამო. ამასთან, თითოეული მათგანი წარმოადგენდა პენსიის ცალკე სახეს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ, მათი სურვილის შესაბამისად, ენიშნებოდათ მხოლოდ ერთი სახეობის პენსია, რომლის არჩევის უფლებაც მათვე ჰქონდათ მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს, სურვილის შესაბამისად, ენიშნებოდათ მხოლოდ ერთი სახეობის პენსია, მაგრამ კანონმდებელმა მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით, გაითვალისწინა ერთდროულად ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) პენსიების მიღების უფლება, მოხუცებულობის გამო დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის იმავე კანონის პირველ მუხლში მითითებულ პირს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი პირობები:

ა. უნდა ყოფილიყო 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ. უნდა შესრულებოდა 75 წელი;

გ. უნდა ჰქონოდა ოფიცრის წოდება და/ან უნდა ყოფილიყო ომის ინვალიდი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი გ. ხ-ე, მართალია, არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ოფიცერი და, შესაბამისად, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც ექნებოდა, თუ უარს იტყოდა უკვე დანიშნულ წელთა ნამსახურობის პენსიაზე და აირჩევდა ომის ინვალიდობის პენსიას, რაც გ. ხ-ს არ გაუკეთებია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული არ იყო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის პენსიების ერთდროულად მიღების უფლება, მოხუცებულობის გამო დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით, ამიტომ გ. ხ-ის სარჩელი, ისევე, როგორც საპენსიო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მისი საკასაციო საჩივარი არის უსაფუძვლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.