ბს-390-375(კ-08) 29 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევამ მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ....... პროფკავშირი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
....... პროფკავშირის პრეზიდენტმა მანანა კობახიძემ 2006 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ....... პროფკავშირთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ....... პროფკავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ....... პროფკავშირთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება დარგობრივი შეთანხმების დადების მიზნით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განესაზღვრა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2008 წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, ვინაიდან შედგა შეთანხმება მათსა და მოსარჩელეს შორის და იგეგმება მოლაპარაკების წარმოება სადავო საკითხზე, აღნიშნული დავის გაგრძელების მიმართ დაკარგეს ინტერესი და უარს ამბობენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ვინაიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 378-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ;
2. შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოება;
3. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.