Facebook Twitter

ბს-391-370(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ა-მა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პენსიის გადაანგარიშების დავალება და 2005 წლის იანვრიდან გადაანგარიშებული პენსიის მიუღებელი განსხვავების დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ზ. ა-ი 2001 წლიდან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან იღებდა პენსიას, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი. «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებით განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს ახალი განაკვეთები, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო სამხედრო მოსამსახურეების პენსიის გადასინჯვა, რაც არ განხორციელებულა. ამავე ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, პენსიების გადასინჯვა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად უნდა მომხდარიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტს, რომლის მოქმედება საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა 2005 წლის 17 ივნისს 2006 წლის 1 იანვრამდე. კანონში ზემოაღნიშნული ცვლილების შეტანამდე (2005 წლის 17 ივნისამდე) უნდა მომხდარიყო მოსარჩელის პენსიის გადაანგარიშება, რაზეც მოპასუხემ უკანონოდ უთხრა უარი (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-ი, როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პენსიონერი, 2001 წლის 1 ივნისიდან იღებდა პენსიას მეორე ჯგუფის ინვალიდობით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, იგი იყო სამხედრო ძალების ვეტერანი და მისი წელთა ნამსახურეობა შეადგენდა 20 წელს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების მე-5 პუნქტი ეფუძნება და გამომდინარეობს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტიდან, რომლის ამოქმედებაც გადატანილი იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე.

მართალია, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (რომლის შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს პენსიის გადაანგარიშებას) ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ზემოაღნიშნული ბრძანებითვე დადგინდა სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვა ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად 2006 წლის 1 იანვრიდან (ს.ფ. 21-23).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 28-30).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის დებულებიდან გამომდინარე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლის «ა-ზ» პუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს პენსიები გადაესინჯებათ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა პენსიების გადასინჯვის ორივე საფუძველი, პენსიათა გადასინჯვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საფუძვლით პენსიების გადასინჯვა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე პენსიის გადაანგარიშებას ითხოვდა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტზე დაყრდნობით. ამასთანავე, ამ ნორმის საფუძველზე პენსიების გადასინჯვა უნდა მომხდარიყო ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

«საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვა ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად უნდა მომხდარიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

«სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში 2005 წლის 17 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილებისა და დამატების თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვარი, ხოლო ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილებისა და დამატების მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა კანონის 45-ე მუხლი. საგულისხმოა, რომ მითითებული 45-ე მუხლი არ ითვალისწინებდა პენსიაზე გასვლის მომენტისათვის არსებული (ყოფილი) და მოქმედი თანამდებობების და თანამდებობრივი სარგოების გათანაბრებასა და ამ საფუძვლით პენსიების გადასინჯვის ვალდებულებას (ს.ფ. 45-48).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ პენსიის გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ანუ 2006 წლის 1 იანვრიდან. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში 2005 წლის 17 ივნისს შევიდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 1 აგვისტოს და 45-ე მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვარი. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 45-ე მუხლი არ ითვალისწინებდა პენსიის გადასინჯვის ვალდებულებას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია, სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების მე-5 პუნქტს არ შეეძლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნის მოქმედების შეჩერება.

2005 წლის 1 იანვრიდან («საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების ამოქმედების დღიდან) 2005 წლის 1 აგვისტომდე მოქმედებდა ზემოაღნიშნული კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო მოსარჩელის პენსიის გადაანგარიშება შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებული ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის მიხედვით, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. მოპასუხემ არ განახორციელა ის ქმედება, რაც მას კანონით ევალებოდა, რის გამოც მოსარჩელეს მატერიალური ზიანი მიადგა (ს.ფ. 51-52).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.