Facebook Twitter
¹ბს-392-371 (კ-07) 20 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ნ. შ.-ე

დავის საგანი _ სანივთე ქონების კომპენსაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.07წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

12.06.06წ. ნ. შ.-მ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წლის 13 ივლისიდან მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში, მიღებული ჰქონდა სამხედრო წოდება უფროსი სერჟანტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.12.04წ. ¹1270 ბრძანების საფუძველზე შტატების შემცირების გამო დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მოპასუხემ სამსახურიდან მისი დათხოვნისას არ განახორციელა მასთან საბოლოო ანგარიშსწორება. მოსარჩელის განმარტებით, უნდა ანაზღაურებოდა: ერთდროული გასასვლელი დახმარება 630 ლარის ოდენობით, 1998-2000წწ. სახელფასო დავალიანება 498.50 ლარის ოდენობით, სანივთე ქონების კომპენსაცია 1936.65 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში დავალიანებამ 3065.15 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ მითითებული თანხის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 250 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.06წ. გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების, 498.50 ლარის და ერთდროული გასასვლელი დახმარების, 630 ლარის გადახდა. სანივთე ქონების კომპენსაციისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.06წ. გადაწყვეტილება სანივთე ქონების კომპენსაციის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.06წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ნ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. შ.-ის სასარგებლოდ სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია 1936,65 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ნ. შ.-ს 1998-2004წწ სამხედრო სამსახურის გავლისას ნორმით გათვალისწინებული ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო პალატის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმული არ იყო, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის 26.07.05წ. ¹361 ცნობის გაცემით, რითაც, სასამართლოს მოსაზრებით, აღიარებული იქნა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 1936,65 ლარის არსებობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო სადავოდ არ ხდიდა აღნიშნული ცნობის სინამდვილესა და დავალიანების თანხის ოდენობას.

სააპელაციო პალატის განცხადებით, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება (სეკვესტრი) არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ მოსარჩელე სამხედრო სამსახურში ცხადდებოდა სავალდებულო სამხედრო ფორმის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ხარჯზე ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეების და არა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნაც მათი მხრიდან უსაფუძვლოა. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მწირი შესაძლებლობები და სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების კომპენსაციის არ არსებობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო წერილი ჩათვალა ვალის აღიარებად, რაც, კასატორის აზრით, უსაფუძვლოა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ნ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო პალატის 10.05.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.07.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამასი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე კასატორი ვალდებული იყო ნ. შ.-სათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების ღირებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში დაცული დოკუმენტები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹... მიერ გაცემული ცნობები 31.08.04წ. ¹27/132, 26.07.05წ. ¹361, 08.12.05წ. 37/136, 08.12.05წ. 36/135 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობები საინფორმაციო ხასიათისაა და იგი მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს. ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი. ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც ნ. შ.-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. შ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.12.04წ. ¹1270 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სასამართლოს სანივთე ქონების კომპენსაციიის ანაზღაურების მოთხოვნით 12.06.06წ. მიმართა და 1998-2004წწ. მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა. ამდენად, მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის გათვალისწინებით მას უნდა აუნაზღაურდეს 2003-2004წწ. მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2003წ. მიუღებელი სანივთე ქონების ოდენობა შეადგენს 303 ლარს და 30 თეთრს, ხოლო 2004 წელს მიუღებელისა – 116 ლარს და 65 თეთრს(ს.ფ. 4,9).

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით კასატორს უნდა დაეკისროს ნ. შ.-ის სასარგებლოდ 420 ლარისა და 05 თეთრის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.07წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. შ.-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 420 ლარის და 05 თეთრის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.