Facebook Twitter

¹ბს-392-377(კ-08) 19 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 აპრილს კ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია და მასზე 1993 წელს გაცემულ იქნა შესაბამისი პირადობის (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის) მოწმობა. 2004 წლის დეკემბერში, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა, გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და შესაბამისად, მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო კოდი _ .... „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-18 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ეკუთვნოდა სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო ანაზღაურება, მათ შორის, თბილისის მეტროპოლიტენის ყოველწლიური ტალონით უფასოდ სარგებლობა. თბილისის მეტროპოლიტენის სამგზავრო ტალონის მისთვის უფასოდ გადაცემის მიზნით, მოსარჩელემ 2004 წლის დეკემბერში მიმართა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, რის შემდეგაც ხელახლა მოაგროვა და ჩააბარა სათანადო საბუთები იმავე დეპარტამენტს. მისი საბუთების განხილვა შეჩერდა იმ მოტივით, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით უნდა წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. მან დროულად წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ბრძანების ასლი, რომლითაც დასტურდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტი. ამის შემდეგ, აღნიშნულ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მისი საბუთები დაიკარგა. ამ ფაქტის შემდეგ მას ხელახლა მოუწია საბუთების შეგროვება და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში წარდგენა, რასაც დასჭირდა 10 დღე. შემდგომში მოსარჩელეს უარი უთხრეს მეტროპოლიტენის ტალონის მისთვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ, თითქოს იგი კანონით არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ქალაქის სამმართველოს, სადაც განუმარტეს, რომ, ვინაიდან მეტროპოლიტენის ტალონები დარჩენილი იყო მცირე რაოდენობით, ისინი რიგდებოდა მხოლოდ მარჩენალდაკარგულ ვეტერანთა ოჯახის წევრებზე და 2005 წელს მის კუთვნილ სამგზავრო ტალონს ვერ მისცემდნენ, მაგრამ 2006 წლის დასაწყისში აღნიშნულ ტალონს აუცილებლად გადასცემდნენ, ვინაიდან კანონით ნამდვილად ეკუთვნოდა. როდესაც 2006 წელს მოსარჩელემ მიმართა იმავე დეპარტამენტს მისი კუთვნილი მეტროს ტალონის გადაცემის მოთხოვნით, პასუხად მიიღო, რომ 2006 წელს ახალი სამგზავრო ტალონები არ გამოცემულა, ძალაში დარჩა 2005 წლის ტალონები და ამდენად, მის კანონიერ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამრიგად, იგი დარჩა მეტროპოლიტენის ტალონის გარეშე 2 წლის განმავლობაში და, ვინაიდან ხშირად უწევდა მეტროპოლიტენით მგზავრობა, ზემოხსენებულ გარემოებათა გამო, ამ დროის განმავლობაში მიადგა მატერიალური ზიანი, ისევე, როგორც მორალური ზიანი. მეტროს ტალონის სახელმწიფო, საცალო ღირებულება შეადგენდა 144 ლარს. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მდგომარებით, მას უკვე მიყენებული ჰქონდა 400 ლარამდე მატერიალური ზიანი, რომელიც ყოველდღიურად უფრო იზრდებოდა. ვინაიდან მოსარჩელეს ყოველდღე უწევდა მეტროპოლიტენით მგზავრობა, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა და კვლავ ადგებოდა ამ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ გარემოებათა გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის _ 400 ლარის ანაზღაურების მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება ასევე ქ. თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 288 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაინვალიდნენ ან დაჯილდოვდნენ ორდენებითა და მედლებით. საქმეში წარმოდგენილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ კ. ბ.-ი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ქ. ცხინვალის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში 1990 წლის დეკემბერში (ს.ფ. 5). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1991 წლის 21 თებერვლის ¹101პ/შ ბრძანების ამონაწერიდან დგინდებოდა, რომ „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილების შესრულების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და საზრიანობისათვის მილიციის კაპიტანი კ. ბ.-ი დაჯილდოებულ იქნა 100 მანეთით (ს.ფ. 6). კ. ბ.-ი იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მასზე გაცემული იყო შესაბამისი მოწმობა და იგი სარგებლობდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით (ს.ფ. 4).

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებსა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური დაცვის მიზნით უწესდებოდათ ყოველწლიური სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო ანაზღაურება ქალაქში _ საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისათვის, მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის მიხედვით, დადგენილი იყო, რომ კ. ბ.-ი დაიბადა 1949 წლის 1 მაისს ქ. თბილისში და იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ვარკეთილი, მე-... მ/რ, კორპუსი ¹.., ბინა ¹42-ში (ს.ფ. 3). ამდენად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კ. ბ.-ს, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, ეკუთვნოდა სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო ანაზღაურება, მათ შორის, თბილისის მეტროპოლიტენის ყოველწლიური ტალონით უფასოდ სარგებლობა, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 2 ივნისის ¹24-01/... წერილით, რომელშიც არ იყო მითითება, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მოხდა თბილისის მეტროპოლიტენის ბარათების იმგვარი განაწილება, რაზეც მითითებული იყო იმავე წერილში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ, ფაქტობრივად, აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ კ. ბ.-ს ეკუთვნოდა მეტროს ბარათებით უზრუნველყოფა და მისი მოთხოვნა იყო საფუძვლიანი. ამდენად, მოსარჩელეს ნამდვილად ეკუთვნოდა მეტროპოლიტენის ყოველწლიური ტალონით უფასო სარგებლობა, რის გამოც 2004 წლის დეკემბერში მან მიმართა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, მაგრამ მისთვის მეტროპოლიტენით უფასოდ სარგებლობის ტალონი არ მიუციათ და იგი მის გარეშე დარჩა ორი წლის განმავლობაში, ამასთან, ვინაიდან მეტროს ტალონის სახელმწიფო საცალო ღირებულება შეადგენდა 144 ლარს, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 288 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მეტროპოლიტენის ყოველწლიური ტალონის მიუცემლობით მისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 400 ლარი, არ წარმოუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კ. ბ.-თვის ზიანის ანაზღაურების ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ქ. თბილისის მერიისათვის მის დაკისრებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც, თავის მხრივ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კ. ბ.-თვის ზიანის ანაზღაურების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის მის დაკისრებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით კ. ბ.-ის, ქ. თბილისის მერიისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გამაბათილებელი არგუმენტებიც აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფდა ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. ქ. თბილისის მერია სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ სწორედ მას უნდა დაეფინანსებინა მეტროპოლიტენის ტალონებით ვეტერანთა უზრუნველყოფა, ამასთან, მიუთითებდა, რომ თბილისის მეტროპოლიტენს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უკვეთავდა იმ რაოდენობის ტალონებს, რამდენი ვეტერანიც ჰყავდა აღრიცხული და ქ. თბილისის მერიამ დააფინანსა რა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, მის უფლებებსა და ვალდებულებებზე ქ. თბილისის მერიას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო, რის გამოც მისთვის თანხის გადახდის დაკისრება არასწორი იყო. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ხსენებული მოსაზრება არ გაიზიარა, ვინაიდან იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ სრულად იქნა დაფინანსებული თბილისის მეტროპოლიტენით ვეტერანების უფასოდ მგზავრობა და მოსარჩელეზე 2005-2006 წლების ტალონების გაუცემლობა მხოლოდ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ბრალით იქნა განპირობებული, წარმოდგენილი არ იყო და მისი მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები იყო ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სახელმწიფო და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება, მათი აღსრულების ორგანიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის სისტემატური კონტროლი, ვეტერანთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება და სხვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი სწორად იქნა მიჩნეული სარჩელზე ერთ-ერთ მოპასუხედ და მას სწორად დაეკისრა შესაბამისი თანხის, ქ. თბილისის მერიასთან ერთად, მოსარჩელისთვის სოლიდარულად გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მეტი ოდენობით ზიანი მიადგა, ეკისრებოდა თავად კ. ბ.-ს, რომელსაც ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ამასთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებდა ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობის უფლებას და მოსარჩელე არ იყო შეზღუდული, ქალაქში მოძრაობისას მუნიციპალური ტრანსპორტის სხვა სახეობით ესარგებლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება კ. ბ.-თვის ზიანის ანაზღაურების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემული სარჩელი აღძრულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 კარის (დელიქტური ვალდებულებები) დებულებებით. აღნიშნული კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არ არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ არსებობს არც ზიანის ანაზღაურების მოვალეობა. არ არის დამტკიცებული, რომ მოსარჩელისთვის შესაბამისი ბარათის არ (ვერ) მიცემა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო (კანონსაწინააღმდეგო) ქმედებას და აღნიშნული ქმედება არც კანონით გათვალისწინებული წესითაა გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 19 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.