Facebook Twitter

ბს-395-379(კ-08) 1 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 აგვისტოს დ. ქ-ემ, ტ. ს-ემ, გ. ტ-ემ, თ. ყ-ემ და რ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - შპს ,,......” და შპს ,,......” მიმართ, რომლითაც მოითხოვეს უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო თანხის დაბრუნება და მოპასუხის დავლდებულება მათზე საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესახებ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს ,,.....” ქუთაისის სალოკომოტივო დეპო და შპს ,,.....” სამტრედიის სალოკომოტივო დეპო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - შპს ,,.....”.

იმავე განჩინებით საქმეში მოპასუხედD ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს ,,....” დავალებოდა მათთვის უკანონოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, თანხის დაბრუნების მოთხოვნით მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის მიმართვა და ამ უკანასკნელის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მითითებული თანხის ანაზღაურება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის, ტ. ს-ის, გ. ტ-ის, თ. ყ-სა და რ. ჭ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,საქართველოს რკინიგზას” დაევალა დ. ქ-ის, ტ. ს-ის, გ. ტ-ის, თ. ყ-სა და რ. ჭ-ის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას და ამ უკანასკნელთა მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ აუნაზღაუროს მოსარჩელეებს ხელფასზე უკანონოდ დაბეგრილი და დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შპს ,,საქართველოს რკინიგზას” დაევლა მოსარჩელეთა მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,....”.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,....” დაევალა დ. ქ-ის, ტ. ს-ის, გ. ტ-ისა და თ. ყ-ის, რ. ჭ-ის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, მათთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის მიმართვა და ამ უკანასკნელთა მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მოსარჩელეებისათვის ხელფასზე უკანონოდ დაბეგრილი და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ქ-ის, ტ. ს-ის, გ. ტ-ის, თ. ყ-სა და რ. ჭ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა დაუბრუნოს მოსარჩელეებს ხელფასზე ზედმეტად დარიცხული (დაქვითული) საშემოსავლო გადასახადის თანხა შემდეგი ოდენობით: დ. ქ-ეს – 720 ლარი; ტ. ს-ეს – 720 ლარი; გ. ტ-ეს – 720 ლარი; თ. ყ-ეს - 720 ლარი და რ. ჭ-ას – 1822,17 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით თანხების სათანადო მოპასუხეზე დაკისრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ისნპექციის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 22 მაისს შპს ,,....” მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.