¹ბს-396-375(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის ....-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
10.05.06წ. ლ. ხ-ამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის ....-ე საშუალო სკოლის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია მისი უფლებები და უკანონოდ დაუკავა ერთი დღის ხელფასი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის იანვარში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა. მკვეთრად გაუარესდა მეტეოროლოგიური პირობები და გაძნელდა ტრანსპორტით გადაადგილება. 26.01.06წ. საღამოს ტელეკომპანია «....» და «....» საინფომაციო გადაცემების საშუალებით შეიტყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება შექმნილი მდგომარეობის გამო მიმდინარე წლის 30 იანვრამდე თბილისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. იმავე დღეს, საღამოს, გადაცემაში «თავისუფალი თემა» მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია დროებით, 30 იანვრამდე თბილისის საჯარო სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე. მითითებულ გარემოებათა გამო ....-ე საშუალო სკოლის 27 მასწავლებელი არ გამოცხადდა სამსახურში 27 იანვარს. სკოლის დირექტორმა გამოუცხადებლობის გამო დაუქვითა ერთი დღის ხელფასი. მოსარჩელის აზრით, მინისტრის მიერ ტელევიზიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით დადგენილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 24 თებერვალს დაზარალებულ პედაგოგთა ნაწილმა განცხადებით მიმართა პროფესიულ კავშირ «....», თუმცა უშედეგოდ, 2 მარტს მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დირექტორის ქმედება კანონიერად მიიჩნია. მოსარჩელემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14.04.06წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელფასის დაქვითვის უკანონოდ ცნობა და უკანონოდ დაქვითული ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 27.01.06წ. სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და ლ. ხ-ა არ გამოცხადებულა სამსახურში. საქართველოში შექმნილ საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით გაცდენა ჩაუთვალა საპატიოდ ხელფასის შეუნარჩუნებლად. მოპასუხემ განმარტა, რომ 26.01.06წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გაავრცელა პრესრელიზი, ხოლო შემდეგ მიიღო ბრძანება ¹51, რომელიც დაუყოვნებლივ გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. მინისტრის ზეპირი განცხადება იდენტური იყო ¹51 ბრძანებისა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის აქტს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.06წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის დირექტორს არ გადაუჭარბებია კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისათვის. ლ. ხ-ას 27.01.06წ. სამსახურის გაცდენა ჩაეთვალა საპატიოდ და დაექვითა გამოუცხადებლობის გამო ერთი დღის ხელფასი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ლ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ხ-ა მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქ. თბილისის ¹....-ე საშუალო სკოლაში. 2006 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს შეუწყდა რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ქ. თბილისში მკვეთრად იყო გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობები. 26.01.06წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14:00 საათზე მინისტრი გამართავდა ბრიფინგს საქართველოს ენერგეტიკული ბლოკადის პირობებში საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სკოლების საწვავით მომარაგების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, მიეცა რეკომენდაცია მთელი რიგი რეგიონების საჯარო სკოლებისათვის 2006 წლის 30 იანვრამდე სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. იმავე საღამოს ტელეკომპანია «....» ეთერში, გადაცემა «....» მინისტრმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა შეჩერებული იყო. იმავე დღეს მინისტრმა გამოსცა ¹51 ბრძანება, რომლითაც დირექტორებს მიეცათ ამ ბრძანების საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საჭიროებისამებრ სასწავლო პროცესის არა უმეტეს 10 დღით შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება. ლ. ხ-ა, რომელმაც ტელევიზიით მოისმინა გადაცემაში «...» მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადება, არ გამოცხადდა სამსახურში 27.01.07წ, რის გამოც დაექვითა ერთი დღის ხელფასი. 06.02.06წ. ლ. ხ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა განმარტება იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა 26.01.06წ. მინისტრის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება ზეპირ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამინისტრომ ლ. ხ-ას მოსაზრება დაადასტურა. 24.02.06წ. ¹....-ე სკოლის პედაგოგთა ნაწილმა პედაგოგთა გაერთიანებულ კავშირს მიმართა, ხოლო 2 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 14.04.06წ. ¹01-12-10/5300 წერილით სამინისტრომ დირექტორის ქმედება კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია «....» ეთერში, გადაცემა «....» მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მიიჩნია ზეპირი ფორმით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «განათლების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიც ატარებდა ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში, ხოლო საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. ¹37 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების» მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელი პირი იყო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე და თავისი კომპეტენციიის ფარგლებში უფლებამოსილი იყო გამოეცა შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები. სააპელაციო პალატის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეცა ზეპირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. 26.01.06წ. ¹51 ბრძანება სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მინისტრის ზეპირი განცხადების წერილობით ფორმად. პალატამ განმარტა, რომ მითითებული აქტი დამოუკიდებელი, ცალკე აქტი იყო, რომლითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს მიენიჭათ დისკრეციული უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შეეჩერებინათ სასწავლო პროცესი 2006 წლის 30 იანვრის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ 14.04.06წ. ¹01-12-10/5300 წერილი შედგენილი იქნა აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთანავე, სამინისტროს პასუხი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის ....-ე საჯარო სკოლამ. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 26.01.06წ. 14:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში იმეორებდა ერთსადაიმავეს, რაც შეესაბამებოდა 26.01.06წ. სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ტელეკომპანია «....» მიერ 14:00 საათზე გავრცელებულ ინფორმაციას და ამავე კომაპანიის «....» გასულ სატელევიზიო გადაცემა «....» გაკეთებულ მინისტრის განცხადებას. კასატორის განცხადებით, ყველა აღნიშნული ინფორმაცია ერთმანეთის იდენტური იყო, რომელთა შესაბამისად მინისტრმა გამოსცა ¹51 ბრძანება. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ¹51 ბრძანება დამოუკიდებელ აქტს წარმოადგენდა. კასატორმა აღნიშნა, რომ 26.01.06წ. ტელეკომპანია «...» გადაცემაში «....», რომლის საფუძველზეც იყო დასაბუთებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გარდა …მინისტრისა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც და მოსახლეობას მოუწოდა კეთილსინდისიერად შეესრულებინათ შრომითი ვალდებულებანი.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა «საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის» მე-4, 43-ე, 45-ე, 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 58-ე მუხლი, 64-ე მუხლი, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ჭ» და «ხ» ქვეპუნქტები, 43-ე მუხლის «ა», «ლ», «ნ» ქვეპუნქტები. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
საკასაციო პალატის 10.05.07წ. განჩინებით სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის ....-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. არ არსებობს მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკა. ამასთანევე სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის ....-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.