Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-396-380(კ-08) 12 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ბ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ.-მ 2007 წლის 29 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ი. ბ.-ის სარჩელი ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამმართველოს მიმარY 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანების, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ი. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით ი. ბ.-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა იმდენ ასლად, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; ასევე დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საპენსიო მოწმობის (დედნის) წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 130-131).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ი. ბ.-ს (ს.ფ. 132), რაც პირადად ჩაბარდა 2008 წლის 10 მაისს (ს.ფ 133).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზები გამოესწორებინა 2008 წლის 19 მაისის ჩათვლით; მაგრამ ი. ბ.-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზები არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან ი. ბ.-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ი. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.