¹ბს-397-381(კ-08) 7 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოპასუხეები) _ მ. და თ. ნ-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. პ-უა
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი არ გამოცხადდა
დავის საგანი _ მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 22 მარტს რ. პ-ამ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ნ-ას მიმართ და მოითხოვა ა. და გ. ნ-ების სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, ქ. ოზურგეთში, ..... ქ. ¹6ა-ში (ამჟამად ..... ქ. I ჩიხი, ¹8) ცხოვრობდა გ. ნ-ა მეუღლესთან ერთად. 1958 წელს გ. ნ-ამ თავისი საკარმიდამო 561 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ გამოუყო საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და საკარმიდამოდ თავის შვილს, მოსარჩელის მეუღლეს – ა. ნ-ას, რაც დამტკიცდა 1958 წლის 16 აპრილს ოზურგეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹29 ოქმით. ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება. სახლის მშენებლობაზე შედგა პროექტი და მშენებლობა დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში.
1986 წელს გ. ნ-ამ ძველი სახლის დანგრევისა და ახლის აგების ნებართვის მისაღებად მიმართა საქალაქო საბჭოს აღმასკომს, რომლის 1986 წლის 18 ივნისის ¹137 გადაწყვეტილებით გ. ნ-ას ნება დაერთო ავარიული სახლის დანგრევისა და ახლის აგების თაობაზე. ამ პერიოდისათვის ყოფილი ..... ქუჩა იწოდებოდა .... ქუჩად. გ. ნ-ას სახელზე გაცემული სახლის პროექტისა და საკარმიდამო ნაკვეთის სიტუაციური გეგმის მიხედვით საზღვარი ა. და გ. ნ-ების საკარმიდამო ნაკვეთებს შორის დადგინდა 80 სმ გ. ნ-ას საცხოვრებელ სახლსა და ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთზე განთავსებულ სამზარეულოს შორის. გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რამაც ჩაკეტა ... ქუჩა და იგი ფაქტიურად გაუქმდა. აღნიშნულის შედეგად გ. ნ-ამ მიიერთა გზის ნაწილი.
მოსარჩელის მითითებით, ა. ნ-ას გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო დავა საზღვართან დაკავშირებით, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გ. და ა. ნ-ების სახელზე გაცემულ მიწის სარეგისტრაციო მოწმობებში დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთის სიგრძე ჭიშკრიდან საზღვრამდე დაფიქსირებულია 33,7 მეტრი, რეალურად კი შეადგენს _ 52,05 მეტრს (იხ. ს.ფ. 4-6; ტ.I).
რ. პ-ას სარჩელი არ ცნო მოპასუხე მ. ნ-ამ, ასევე მოითხოვა საქმეში მოპასუხედ თ. ნ-ას ჩართვა (იხ. ს.ფ. 26-28; ტ.I).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით მესამე პირად ჩაერთო ქ. ოზურგეთის მერია (იხ. ს.ფ. 42; ტ.I).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთში, .... ჩიხის ¹8ა-ში გ. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მიწათსარგებლობის საზღვრების დადგენის მიზნით, გ. ნ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმის შედგენა ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, რომლითაც გამიჯნულია ა. ნ-ას მიწის ნაკვეთის საზღვარი გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გ. ნ-ას სახელზე არქიტექტურული სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-ას სახელზე ირიცხებოდა 600 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთი. 1958 წელს გ. ნ-ამ თავისი საკარმიდამო ნაკვეთიდან 300 კვ.მ დაუთმო თავის შვილს – ა. ნ-ას საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მას ფაქტიურად დარჩა 300 კვ.მ, რაც დასტურდება მ-ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სანოტარო წესით დამოწმებული პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 1958 წლის 24 აპრილის ¹44 ხელშეკრულებით ქ. მახარაძის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექაღრიცხვის ბიუროს გამგემ აღმასკომის 1958 წლის 16 აპრილის ¹29 ოქმის შესაბამისად, ა. ნ-ას გამოუყო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერთსართულიანი, 4 ოთახიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად უვადო სარგებლობის საფუძველზე. ხელშეკრულებაზე დართული სახლის გეგმის მიხედვით ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის ფართი შეადგენდა 70,8 კვ.მ-ს. 1986 წელს გ. ნ-ამ მოითხოვა ახალი სახლის აშენება მის საკუთრებაში არსებულ 345 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც დადასტურებულია ოზურგეთის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 2005 წლის 28 ნოემბერს გაცემული მახარაძის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 ივნისის ¹137 გადაწყვეტილებით. საქალაქო საბჭოს აღმასკომმა ნება დართო გ. ნ-ას დაეშალა ძველი ავარიული სახლი და აეშენებინა ახალი დამტკიცებული პროექტის მიხედვით. სახლის მშენებლობა დამთავრდა 1987 წელს, მაგრამ ახალი სახლი ტექბიუროში გ. ნ-ას სახელზე არ აღრიცხულა. ძველი სახლი, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს, კვლავ ირიცხება გ. ნ-ას სახელზე, კერძოდ, მის სახელზე ირიცხება 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნაცვლად 300 კვ.მ-ისა იმის გამო, რომ არ მომხდარა სათანადო ცვლილებების შეტანა ტექბიუროში არსებულ ჩანაწერებში. თუმცა ბინათმშენებლობის პროექტში მიწის ნაკვეთის ოდენობა დაფიქსირებულია 300 კვ.მ-ის ფარგლებში ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთსა და გ. ნ-ას საცხოვრებელ სახლს შორის 80 სმ-ის დაშორებით, ხოლო რ. პ-ის საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაზრდილია მდინარის კალაპოტისა და ქუჩის ჩაკეტვის შედეგად, მაგრამ ქ. ოზურგეთის მერია სადავოდ არ ხდის რ. პ-ის მიერ 300 კვ.მ ნაკვეთის მიმატებას გზის ხარჯზე.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია შპს “....” მიწის კადასტრისა და შენობა-ნაგებობების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული საკადასტრო რუკა ქ. ოზურგეთში, .... I ჩიხი ¹8-ში მდებარე მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის ა. ნ-ას სახელზე აღრიცხვისა და ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთსა და გ. ნ-ას საცხოვრებელ სახლს შორის 80 სმ-იანი საზღვრის არსებობის შესახებ, ასევე ამავე სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ქ. ოზურგეთში, ..... I ჩიხი ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს მესაკუთრეა მოსარჩელე რ. პ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლე _ ა. ნ-ა.
ოზურგეთის რაიონის გამგებლის მიერ 2005 წლის 3 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით რ. პ-ის მოსაზღვრედ მცხოვრები მ. ნ-ას საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღრიცხულია გ. ნ-ას სახელზე, 1986 წელს შედგენილი ბინათმშენებლობის პროექტით აშენებულია რ. პ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრიდან 80 სმ-ის დაშორებით, რომლის დარღვევისა და დაუცველობის შემთხვევაში ირღვევა მესაკუთრის კანონიერი უფლებები.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2006 წლის 31 იანვარს ა. ნ-ას სახელზე და რომლის მიხედვით ქ. ოზურგეთში, .... ჩიხი ¹8-ში არსებულ 511,41 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს ა. ნ-ას ოჯახი, სწორადაა გაცემული, ხოლო გ. ნ-ას სახელზე 2006 წლის 31 იანვარს გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად ქ. ოზურგეთში, ..... ¹8ა-ში არსებულ 661,20 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს გ. ნ-ას ოჯახი, გაცემულია არასწორად, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
რაიონული სასამართლოს მითითებით, 1986 წელს შედგენილი და რაიონის არქიტექტორთან შეთანხმებული ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით გამიჯნულია მიწის საზღვარი გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთამდე. გ. ნ-ას სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელი სახლის პროექტში ზუსტადაა ასახული მიწის ნაკვეთის ზომები და საზღვრები, კერძოდ, გ. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ოდენობა ემთხვევა ფაქტიურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობას, მაგრამ არასწორი მონაცემებითაა გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გ. ნ-ას სახელზე, სადაც გატარებულია 661,20 კვ.მ, ხოლო ა. ნ-ას სახელზე საკუთრების მოწმობა ფაქტიურად სწორადაა გაცემული მიწის ნაკვეთის იმ ოდენობის შესაბამისად, რასაც ფაქტიურად მოსარჩელე ფლობს. ქალაქის მერიას კი რაიმე პრეტენზია არა აქვს და რაიმე მოთხოვნა არ დაუყენებია იმის გამო, რომ მოსარჩელეს მიერთებული აქვს ქუჩის და მდინარის ნაპირის ნაწილი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გ. ნ-ას სახელზე გაცემულია კანონის დარღვევით (იხ. ს.ფ. 95-99; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-ებმა და მოითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი მოტივით:
აპელანტების მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ გამოუკვლევია რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები, რაც აუცილებელია კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, ამასთან რაიონულმა სასამართლომ არ მიიღო მოპასუხეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
აპელნტების მოსაზრებით, დაუსაბუთებელია რას ემყარება რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთი თავდაპირველად მხოლოდ 600 კვ.მ-ს შეადგენდა, ამჟამად კი მხოლოდ 349 კვ.მ-ია.
აპელანტების მითითებით, მათი აწ გარდაცვლილი ბაბუა – გ. ნ-ას ძირძველი ოჯახი ცხოვრობდა ..... ქ. ¹8-ში, რომელიც შემდგომში იწოდებოდა ..... ქუჩად, ამჟამად კი _ ...... ქ. I ჩიხი ¹8. აღნიშნულ ტერიტორიაზე გ. ნ-ას ეკუთვნოდა 900-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ედგა ძველი ოდა და დამხმარე ნაგებობა – სამზარეულო. ..... და მის პარალელურ ..... ქუჩებს კვეთდა ..... ქუჩა. დაახლოებით 50-იანი წლების ბოლოს ..... ქუჩაზე აშენდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, რომელმაც გადაკეტა ..... ქუჩა და ფაქტიურად გ. ნ-ას ჩაუკეტა სახლთან მისასვლელი გზა, რამაც გამოიწვია ..... ქუჩიდან ნ-ების საკარმიდამო ნაკვეთამდე არსებული ..... ქუჩის მონაკვეთის ჩიხად გადაკეთება, რის შედეგადაც იგი იწოდება ..... ქუჩის I ჩიხად. 1958 წელს გ. ნ-ამ თავისი საკარმიდამო ტეროტორიიდან 300 კვ.მ დაუთმო თავის შვილს ა. ნ-ას საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მას დარჩა 600 კვ.მ. ა. ნ-ამ 1961 წელს ააშენა საცხოვრებელი სახლი გ. ნ-ას საკუთრებაში და ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე არსებული კუხნა სახლის გვერდით. ამ დროისათვის ა. ნ-ას სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მხოლოდ მამის მიერ დათმობილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. .... ქუჩაზე ჩიხის გაკეთების შედეგად მიეცა მას შესაძლებლობა 300 კვ.მ-ით კიდევ გაედიდებინა თავისი ფართობი და შეევსო იგი 600 კვ.მ-მდე, რაც აისახა მის სახელზე გაცემულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათშიც. ნინუების ოჯახებს ჰქონდათ ერთი საერთო მთავარი შესასვლელი .... ქუჩის I ჩიხიდან და მათ სხვა მისასვლელი გზა არ გააჩნიათ.
აპელანტების მითითებით, 1986 წელს გ. ნ-ამ დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა თვითონ კი ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ დამხმარე ნაგებობაში _ სამზარეულოში. 1986 წელს გ. ნ-ას სახელზე გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მოხდა ფართობის დაზუსტება და ნაცვლად 989 კვ.მ-ისა დაფიქსირდა 600 კვ.მ, რასაც ფაქტიურად ფლობდა იგი. გ. ნ-ას ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე აღბეჭდილია ნ-ების ნაკვეთის სიტუაციური გეგმა. 1986 წლის მდგომარეობით მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლებითა და დამხმარე ნაგებობებით. გეგმის მიხედვით, სამზარეულო გ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთს მიეკუთვნება.
ა. ნ-ას სახელზე გაცემულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში აღბეჭდილ სიტუაციურ გეგმაზე კი 1961 წლის მდგომარეობით ფიქსირებულია მხოლოდ მისი საცხოვრებელი სახლი, სამზარეულო კი მინიშნებული არ არის. ა. ნ-ას ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის პირობებში დაფიქსირებული იქნებოდა სიტუაციურ გეგმაზეც.
აპელანტების მითითებით, აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათებით ნათელი ხდება, რომ სასაზღვრო მანძილი მხარეების საკარმიდამო ნაკვეთებამდე 80 სმ-ს არ შეადგენს და იგი ნაანგარიშები უნდა იქნეს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის უკანა კედლიდან მოპასუხის ტერიტორიაზე განთავსებული სამზარეულოს გვერდით კედლამდე, რასაც ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ მოპასუხის სახლის უკან არსებულ მდინარეზე კალაპოტის ასამაღლებლად გაკეთებულია ბეტონის ჯებირი, რომელიც გამოყენებულია სამზარეულოს უკანა კედლად, გრძელდება მთელ უკანა კედელზე და მთავრდება იქ, სადაც იწყება მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთი.
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ზიანი ადგება სხვა მოქალაქეების ინტერესებსაც, რადგან ა. ნ-ას მიერ თვითნებურად მიერთებული ტერიტორია არის გზის ის ნაწილი, რომელზედაც გადის .... ქუჩის ¹10 კორპუსის საკანალიზაციო ქსელი. კერძო საკუთრებაში მითითებული ტერიტორიის გადაცემიტ სერიოზული სიძნელეები შეექმნებათ კანალიზაციის გაწმენდის ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო თავისი ინიციატივით გაერკვია რამდენად დასაშვები იყო მითითებული სახელმწიფო ტერიტორიის კერძო პირისათვის საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 106-109; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. და თ. ნ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 177-183; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 198-200; ტ.I).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 257-264; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. და თ. ნ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ა. ნ-ას მიწის ნაკვეთის საზღვრის გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით გ. ნ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმის შედგენის შესახებ ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურის და არქიტექტურული სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით გ. ნ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა გ. ნ-ას სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან მახარაძის მშრომელთა დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1958 წელს გ. ნ-ამ თავისი საკარმიდამო ნაკვეთიდან 300 კვ.მ დაუთმო თავის შვილს ა. ნ-ას საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მას ფაქტობრივად დარჩა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლო გასცდა რ. პ-ას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ოზურგეთის არქიტექტურის სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების ნაწილში (იხ. ს.ფ. 36-44; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-ებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო შემდეგი მოტივით:
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” პუნქტების შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითებები და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი – 1965 წელს გ. ნ-ას სახელზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად, გ. ნ-ას სახელზე თავდაპირველად დაფიქსირებული იყო 889 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც გადასწორდა 989 კვ.მ-ად, ხოლო შემდეგ დაზუსტდა 600 კვ.მ-ით. ბარათში შეტანილი ცვლილება დადასტურებულია 1986 წლის 17 აპრილის ოზრუგეთის აღმასრულებელი კომიტეტის ¹86 გადაწყვეტილებით, რაც მითითებულია ბარათის ზედა მარჯვენა კუთხეზე. აღნიშნული ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ 1986 წლის 17 აპრილის მდგომარეობით გ. ნ-ზე ირიცხებოდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1986 წლის 18 ივნისს, ბარათში ცვლილების შეტანიდან ზუსტად 2 თვის შემდეგ, როდესაც მახარაძის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა განიხილა გ. ნ-ას განცხადება საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ნებართვის მისაღებად, მან ნებართვა მიიღო ამ დროისათვის მის სარგებლობაში არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და და არა 345 კვ.მ ფართზე, როგორც მიიჩნია დადგენილად სააპელაციო სასამართლომ.
კასატორების მითითებით, გ. ნ-ას 1958 წლის მდგომარეობით სარგებლობაში გააჩნდა 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც 300 კვ.მ გადასცა თავის შვილს – ა. ნ-ას, ხოლო 689 კვ.მ დარჩა მას, რადაგნ სააღრიცხვო ბარათი რომელშიც დაფიქსირებულია გ. ნ-ას სახელზე 989 კვ.მ შესწორერბამდე შექმნილია 1965 წელს, ხოლო მან მიწა ა. ნ-ას გადასცა 1958 წელს, მაგრამ აღნიშნული აისახა 1986 წლის 18 ივნისს და დაზუსტდა მის სახელზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, მის მიერ არ იქნა შეფასებული მითითებული მტკიცებულება, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ასევე სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საჯარო რეესტრის წერილით. ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ს.ფ. 54-60; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 85-90; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს მთათარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხროვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის "ე1" პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს წინამდებარე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იხელმძღვანელა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული მითითებებით, რაც სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სავალდებულო იყო სააპელაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭიროა მტკიცებულებათა მოპოვება და დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად ხელახლა განხილვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ გ. ნ-ას სახელზე ირიცხებოდა 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საიდანაც 1958 წელს 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დაუთმო თავის შვილს _ ა. ნ-ას, რის შედეგადაც გ. ნ-ას ფაქტობრივად დარჩა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მახარაძის მშრომელთა დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მართალია დასტურდება, რომ გ. ნ-ას მიწის ნაკვეთიდან გამოეყო სამოსახლო მიწის ნაკვეთი 300 კვ.მ-ის ოდენობით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დგინდება რა ოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობდა გ. ნ-ა თავდაპირველად, ა. ნ-ის 300 კვ.მ ნაკვეთის გადაცემამდე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ გ. ნ-ას, მიწის ნაკვეთის შვილისათვის დათმობის შემდეგ დარჩა 345 კვ.მ, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა იმგვარი დასკვნის გაკეთებას, რომ იგი თავდაპირველად ფლობდა მხოლოდ 600 კვ.მ-ს, არ დასტურდება ქ. მახარაძის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 ივნისის სხდომის ¹137 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით გ. ნ-ას ნება დაერთო განეხორციელებინა ძველი დაშლილი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად ახალი სახლის მშენებლობა, მასში არ არის მითითებული რა ოდენობის მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა გ. ნ-ას. ამდენად, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად სააპელაციო სასამართლომ, რომ გ. ნ-ა 1986 წელს ითხოვდა მშენებლობის განხორციელებას ფაქტობრივად მის საკუთრებაში არსებულ 345 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. ნ-ას თავდაპირველად ერიცხებოდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სათანადო მტკიცებულებების არსებობის გარეშე მივიდა ამგვარ დასკვნამდე.
სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, აღნიშნული გარემოებების დადგენის მიზნით, არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებებით.
ასევე საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 თებერვლის ¹55/22-62 წერილში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, აღნიშნული წერილის თანახმად, გ. ნ-ას სახელზე სააღრიცხვო ბარათი გაიხსნა 1965 წლის 5 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთი თავდაპირველად დატანილი იყო 889 კვ.მ, რომელიც შემდგომ შესწორდა 989 კვ.მ-ად, ხოლო შემდგომ _ 600 კვ.მ-ად. ამავე წერილის თანახმად, ბარათში შეტანილი მონაცემები დამტკიცდა ქ. ოზურგეთის აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 17 აპრილის ¹86 გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ფლობდა თუ არა გ. ნ-ა ა. ნ-ის ნაკვეთის დათმობამდე 989 კვ.მ მიწის ნაკვეთს და შესაბამისად, 300 კვ.მ მიწის დათმობის შემდეგ დარჩა თუ არა რეალურად 600 კვ.მ, როგორც დაფიქსირებულია სადავო საკუთრების მოწმობაში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი წერილის თანახმად, გ. ნ-ას ნაკვეთი 989 კვ.მ დაფიქსირებული იყო 1965 წელს და 1986 წლისათვის შემცირდა 600 კვ.მ-მდე. ანუ თავდაპირველად არ ფლობდა 989 კვ.მ-ს და ეს ოდენობა დაუფიქსირდა წერილის თანახმად, 1965 წელს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდან, რადგან ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის წერილიდან ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ ნაკვეთის ოდენობის 989 კვ.მ-დან 600 კვ.მ-მდე შემცირება მოხდა 1986 წელს. წერილში მითითებულია მხოლოდ ნაკვეთის ოდენობის გადაკეთების ფაქტზე, მაგრამ რა პერიოდში მოხდა აღნიშნული ცვლილება, არ დგინდება. წერილის თანახმად, გ. ნ-ას სააღრიცხვო ბარათში შეტანილი მონაცემები დამტკიცდა 1986 წლის 17 აპრილის ¹86 გადაწყვეტილებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს გ. ნ-ა რა ოდენობის მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თავდაპირველად, საჭიროების შემთხვევაში საქმეზე დანიშნოს ექსპერტიზა მიწის ნაკვეთების ზომების დადგენის მიზნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორების მიერ წამოყენებულ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასწორად დადგენის შესახებ და საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას მხოლოდ სათანადო მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემეობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.