Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-398-377(კ-07) 4 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

თავმჯდომარე (მომხსენებელი) _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. მ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 26 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-398-377(კ-07) გ. მ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინებით გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 158-159/.

ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა გ. მ.-მ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზების შევსება მოითხოვს სასამართლო პრაქტიკის შემოწმებას, რაც დროსთანაა დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს გ. მ.-ს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს ჩაბარდა 2007 წლის 14 მაისს /ს.ფ.163/, რაც დასტურდება საფოსტო ბარათითა და თავად განმცხადებლის მიერ განცხადების დათარიღებით. განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კასატორმა წარმოადგინა საპროცესო ვადის გაშვების შემდეგ, კონკრეტულად ფოსტაში გზავნილი ჩაბარებულია 2007 წლის 25 მაისს, რა დროსაც გასულია ხარვეზის შევსების ვადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით განსაზღვრულია საპროცესო ვადის გამოთვლისა და საპროცესო ვადის დამთავრების წესები. Gგ. მ.-ის შემთხვევაში საპროცესო ვადა ამოწურულად ითვლებოდა 2007 წლის 24 მაისს, განჩინების ჩაბარებიდან მეათე დღეს, ამდენად, კასატორის განცხადება ვადის გაგრძელების შესახებ აღარ ექვემდებარება განხილვას, საპროცესო ვადის ამოწურვის გამო. ასევე, წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, არ წარმოადგინა სსსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ.-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.