ბს-398-382(კ-08) 19 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 4 მაისს ე. მ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მთავრობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 31 იანვრის ¹2-12-11 განკარგულებით, შტატების შემცირების გამო, გაათავისუფლეს ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ... სამსახურის ...-ის თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹2-12-11 განკარგულების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის ¹... განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 3 აპრილის ¹02-12-53 ბრძანების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაუცველად, აღადგინეს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში 2007 წლის 2 აპრილიდან, რითაც შეიზღუდა მისი, როგორც კრედიტორის, კანონიერი უფლება. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესებდა საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული აქტების აღსრულების სპეციფიკურ წესებსა და პირობებს. იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვებოდა (აკრძალული იყო) სააღსრულებო ფურცლის გარეშე, ხოლო 21-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი ყოველთვის გადაეცემოდა კრედიტორს სასამართლოს მიერ. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მაშასადამე, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის მოქმედებაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ სანამ იგი ამ მოქმედებას არ შეასრულებდა, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობოდა _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა მთლიანად დამოკიდებული იყო კრედიტორის ნება-სურვილზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ქ. ბათუმის მერის მიერ არსებითად იქნა დარღვეული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის ზემოთ მითითებული იმპერატიული მოთხოვნა, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის მერიის (მოვალე) მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მის (კრედიტორის) მიერ, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნიდა წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, მოვალეს ეგზავნებოდა წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებდა მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვებოდა იძულებითი აღსრულება. ამდენად, მხოლოდ აღნიშნული წესის გათვალისწინებისა და დაცვის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი ქ. ბათუმის მერია, ნებაყოფლობით შეესრულებინა მისთვის დაკისრებული ვალდებულება და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო დაუსაბუთებელი და დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან, მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის (კრედიტორის), მხრიდან ადგილი არ ჰქონია ქ. ბათუმის მერიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართვას. მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა რომ მიეღო გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, იგი წარადგენდა მის მოსაზრებას, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული აქტის მიღებას. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 4 აპრილის ¹2-26-694 წერილით მას აცნობეს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შტატების შემცირების გამო, დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 26 აპრილის ¹2-26-871 წერილით მოსარჩელეს ასევე აცნობეს, რომ ქ. ბათუმის მერიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისად, ადმინისტრაციული მოსმენები ქ. ბათუმის მერიის ცალკეული მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 2 მაისის ¹2-26-899 წერილით აცნობეს, რომ ქ. ბათუმის მერიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული მოსმენა მის მიერ კომპეტენტური პირის ნებართვის გარეშე, სამსახურის ხუთ დღეზე მეტი ვადით მიტოვების გამო, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 3 აპრილის ¹02-12-53 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 3 აპრილის ¹02-12-53 ბრძანებით, მოსარჩელე ე. მ.-ის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნამდე, ე. მ.-ე აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ... სამსახურის ...-ის _ ...-ის თანამდებობაზე 2007 წლის 2 აპრილიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურებით, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი მოვალეს არ აძლევდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების უფლებას კრედიტორის მიერ მოთხოვნამდე და მის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო მოქმედებას იძულებითი აღსრულების შემთხვევაში იწყებდა და კანონის აღნიშნული დანაწესი არანაირ შეზღუდვას არ აწესებდა მოვალის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებასთან დაკავშირებით. ქ. ბათუმის მერია არ დაელოდა ე. მ.-ის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართვას და ნებაყოფლობით შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ, თუმცა ე. მ.-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას არ შეუდგა და სამუშაოზე არ გამოცხადდა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, თითქოს მოპასუხემ მოსარჩელის საზიანოდ, წინასწარ განზრახვით აღადგინა იგი სამუშაოზე, რათა შემდეგ რეორგანიზაციის საფუძველზე, ხელახლა დაეთხოვა სამუშაოდან. მოსარჩელეს ამის დასადასტურებლად სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მოსარჩელე სამუშაოზე აღდგენის შემდეგ ქ. ბათუმის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე კი არ გათავისუფლებულა სამუშაოდან, არამედ იგი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 4 მაისის ბრძანებით, სამსახურის თვითნებურად, ხუთ დღეზე მეტი ხნით მიტოვების გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სამუშაოდან. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე. მ.-ის კანონიერი უფლებები ან ინტერესები არ შელახულა. მოსარჩელის იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიუწვევლობით, რომლითაც მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ 2007 წლის 3 აპრილის ბრძანება მომზადდა, მოსარჩელის ინტერესები ვერ დაზარალდებოდა, რის გამოც სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება ე. მ.-თვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და იგი უნდა შესრულებულიყო. ამდენად, ქ. ბათუმის მერიამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სწორად აღადგინა ე. მ.-ე ... სამსახურის ...-ის თანამდებობაზე 2007 წლის 3 აპრილის ბრძანებით, რომლითაც არ დარღვეულა აპელანტის უფლებები, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ითვლებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ხსენებული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრული იყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვის, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების გამოცემით არ გაუარესდებოდა მოპასუხის სამართლებრივი მდგომარეობა, ამიტომ მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო არ იყო და აღნიშნული ვერ ჩაითვლებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევად, რის გამოც ე. მ.-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 3 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ე. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სწორი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო, რაც შეეხებოდა იმავე გადაწყვეტილებას მოსარჩელე ე. მ.-თვის სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში იგი უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდებოდა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერიამ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სწორად აღადგინა იგი ... სამსახურის ...-ის თანამდებობაზე 2007 წლის 3 აპრილის ბრძანებით. მცდარი და არამართებულია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლთან მიმართებაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება (აკრძალულია) სააღსრულებო ფურცლის გარეშე, ხოლო 25-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი ყოველთვის გადაეცემა კრედიტორს სასამართლოს მიერ. მაშასადამე, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის მოქმედებაზეა დამოკიდებული და ამიტომ, სანამ იგი ამ მოქმედებას არ შეასრულებს, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა. მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული წესების გათვალისწინებისა და დაცვის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი ქ. ბათუმის მერია, ნებაყოფლობით შეესრულებინა მისთვის დაკისრებული ვალდებულება და გამოეცა სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქმეზე სასამართლო წარმოების დამთავრების შემდგომ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის განხორციელება წარმოადგენს კრედიტორის უპირატეს უფლებას და არა მის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნებოდა მოვალის ინიციატივით კრედიტორის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საფუძვლები.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ არ მიუთითა თავის მოსაზრებებზე, არ შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი წერილობითი მტკიცებულებები. 2007 წლის 4 მაისის სააღსრულებო ფურცლისა და კასატორის განცხადების საფუძველზე, 2007 წლის 7 მაისს შეჩერებულ იქნა სააღსრულებო მოქმედება მოვალე ქ. ბათუმის მერიის მიმართ მისი სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის ფაქტი, რომ კასატორს, როგორც დაინტერესებულ პირს (კრედიტორს), არ მიუმართავს ქ. ბათუმის მერიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე. მ.-ის დარღვეულ შრომით უფლებებში აღდგენა არ გულისხმობს ავტომატურ რეჟიმში იმავე გადაწყვეტილების აღსრულებას. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ნებისმიერი სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს დაინტერესებულ მხარეს ყოველთვის შეუძლია თავისი მოსაზრების წარდგენა. კასატორს, როგორც დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა რომ მიეღო გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ არ მიუთითა თავის მოსაზრებებზე, არ შეაფასა საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები _ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 4 აპრილის ¹2-26-694 წერილი, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 26 აპრილის ¹2-26-871 წერილი, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 2 მაისის ¹2-26-899 წერილი, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 4 მაისის ¹02-12-71 ბრძანება. კასატორის, როგორც დაინტერესებული მხარის, მიერ მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 3 აპრილის ¹02-12-53 ბრძანების გაუსაჩივრებლობის ან ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერია იყო უფლებამოსილი მიეღო სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვიი აქტი, სამსახურის თვითნებურად, ხუთ დღეზე მეტი ხნით მიტოვების გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ, თუ ამის კანონიერი საფუძველი იარსებებდა.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის მიერ სამუშაოზე მისი ოპერატიულად აღდგენა მოხდა წინასწარ განზრახვით და კასატორის საზიანოდ, რათა შემდგომში დაგეგმილი რეორგანიზაციის საფუძველზე, ხელახლა დაეთხოვა იგი სამუშაოდან. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ე. მ.-ის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები _ აჭარის ა/რ ფოსტის 2007 წლის 24 იანვრის ¹1-12/15 წერილი, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2008 წლის 4 თებერვლის ¹მ-276 წერილი, 2007 წლის 4 მაისის ¹3-412 სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო მოქმედების შეჩერების თაობაზე 2007 წლის 7 მაისის განცხადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 19 ივნისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.