¹ბს-399-378(კ-07) 26 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) _ ე. მ.-ი, მ. და ქ. ზ.-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 3. საქართველოს მთავრობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 17 ოქტომბერს ე. მ.-მ და მ. და ქ. ზ.-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიმართ და მოითხოვეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მატერიალური ზიანის: ე. მ.-ის სასარგებლოდ _ 105960 ლარის (მათ შორის: იძულებითი განაცდურის _ 91560 ლარის; 1997 წლის 26 მაისს მშვიდობიან მიტინგზე მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად საავადმყოფოში და შემდგომი სამი თვის მანძილზე მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის; მშვიდობიან მიტინგზე მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად განპირობებული ოპერაციის ჩატარებისა და შემდგომი გამოკვლევა-მკურნალობისათვის _ 10000 ლარის; 2002 წლის 13 მაისს საცხოვრებელი ბინის დარბევისა და გაძარცვის შედეგად მიყენებული ზარალის _ 3900 ლარის), მ. ზ.-ის სასარგებლოდ _ 7437 ლარის (მათ შორის: ავტომანქანის წართმევით მიყენებული ზარალის _ 6937 ლარის და შვილის _ ქ. ზ.-ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის), სულ 113397 ლარის, აგრეთვე, მორალური ზიანის _ 14 წლის მანძილზე პერმანენტული, სასტიკი, არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის _ 300000 ლარის, სულ _ 413397 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც 1991 წლის 22 დეკემბრიდან უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა იერიში მიიტანეს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, იარაღის ძალით დაამხეს და სამშობლოდან განდევნეს ხალხის მიერ არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები, ისინი პოლიტიკური მოტივით განიცდიდნენ პერმანენტულ დევნა-შევიწროვებას. 1992 წლიდან მათზე ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიების სხვადასხვა ფორმა, კერძოდ: ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა (მრავალგზის დაპატიმრებები, უსანქციო დაკავებები), ქონების განადგურება, სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებელი ბინის უსანქციო ჩხრეკები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სხვადასხვა შეზღუდვები _ სასტიკი, არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, დაკავებები არაუფლებამოსილი პირების მიერ, სასამართლოსთვის წარდგენა განსჯადობის დარღვევით, ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენის თავისუფლების, პირადი ცხოვრების, პირადი საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებების შეზღუდვა, თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლების შეზღუდვა, ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციის გავრცელების, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვა, ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, დედათა და ბავშვთა უფლებების შეზღუდვა, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებების შეზღუდვა, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური, თანასწორი ცხოვრების უფლების შეზღუდვა, სახელმწიფო დაწესებულებებში პიროვნებაზე არსებული ოფიციალური დოკუმენტების, ინფორმაციის გაცნობის, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის უფლებების შეზღუდვა. მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ მიმართ უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 21-ე მუხლი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, 32-ე მუხლი, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, 41-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მოგვიანებით მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინეს განცხადება და აღნიშნეს, რომ სასარჩელო განცხადებაში მათ მიერ დაშვებული იყო უზუსტობა. მოსარჩელეებმა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 413397 ლარის ნაცვლად, 920080 ლარი მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის სხდომაზე მოსარჩელეებმა საბოლოოდ მოითხოვეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ.-ის და მ. და ქ. ზ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე. მ.-ი და მ. ზ.-ი აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელში მითითებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა _ ე. მ.-მ და მ. ზ.-მ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს და ასეთად უნდა ყოფილიყვნენ აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო, რაც შეეხებოდა მათ მოთხოვნებს მათივე მცირეწლოვანი ქალიშვილის _ ქ. ზ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, ასევე იძულებით განაცდური ხელფასის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ისინი იყო უსაფუძვლო, სახელდობრ, ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ 1991 წლის დეკემბრიდან 2003 წლამდე მათზე პერმანენტულად ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმის ზემოქმედება: პირადი თავისუფლების, სიტყვის, აზრის თავისუფლების, შრომითი უფლებების შეზღუდვა, სამსახურიდან უკანონო დათხოვნა, უკანონო დაკავებები, საცხოვრებელი ბინის უკანონო ჩხრეკა, ჯანმრთელობის დაზიანება და საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა. მოსარჩელეთა მიერ სარჩელსა და ახსნა-განმარტებებში გადმოცემული, მათზე პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულ იქნა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების: დ. ზ,-ის, ს. ჭ.-ს, თ. მ.-ის, ბ. დ.-ის, ა. ა.-ს, ი. კ.-ისა და ლ. ც.-ს ჩვენებებით, კერძოდ, მოწმე დ. ზ.-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დადგენილი იყო, რომ იგი 1991-1994 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსიც. მისი განმარტებით, მოსარჩელეებთან პირველი შემხებლობა ჰქონდა ჯერ კიდევ 1989-1990 წლებში, როდესაც იყო ნაძალადევის (ყოფილი ლენინის) რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი, რა დროიდანაც ე. მ.-ს იცნობს, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალბატონს, რომელზედაც გაცემული იყო ბრძანება მიტინგის ჩატარებისას მისი იზოლირების შესახებ, ხოლო 1991 წლის შემდგომი პერიოდიდან, დაიწყო რა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა _ ე.წ. ,,ზვიადისტების" მასიური დევნა, ე. მ.-ი გამოიკვეთა, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ამიტომაც იგი არაერთგზის იქნა დაკავებული და წარდგენილი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში. მასთან მიმართებაში ამოღებული იყო ფორმა ¹1 და დარიგებული ჰქონდა იგი შესაბამის სამსახურებს, რათა მოეხდინათ მიტინგის მსვლელობისას მისი აყვანა და მასისგან იზოლირება. ბუნებრივია, ასეთი დაკავებების დროს მასთან ერთად ხდებოდა მისი მეუღლის დაკავებაც. დ. ზ.-ის განმარტებით, მას კარგად ახსოვს, რომ ე. მ.-ი 1992 წლის 16 სექტემბერს დააკავეს მერაბ კოსტავას ეზოში ჩატარებულ მიტინგთან დაკავშირებით, ხოლო 1993 წლის 2 ივნისს _ აღმაშენებლის გამზირზე (ყოფილი პლეხანოვი) განთავსებულ ერთ-ერთ ბინაში, ,,მრგვალი მაგიდის" მიერ ჩატარებული შეკრების დროს. მისივე განმარტებით, ე. მ.-ისა და მისი მეუღლის დაკავებები არ იყო სამართლებრივად სწორი, რადგან ხშირად არ ხდებოდა დაკავებულ პირთა სასამართლოსთვის წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად იმდენად, რამდენადაც მათი დაკავებები ხდებოდა არა მხოლოდ არასანქცირებული, არამედ სანქცირებული მიტინგების დროსაც.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ს. ჭ.-ს ჩვენებით დადგენილი იყო, რომ იგი წარმოადგენდა ეროვნულ მოძრაობაში ე. მ.-ის თანამებრძოლს, რა დროისთვისაც გამოკვეთილი იყო ე., მ.-ის, როგორც ლიდერის სახე, რის გამოც მის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან ხორციელდებოდა განსაკუთრებული ზემოქმედება, რაც ხშირ შემთხვევაში სრულდებოდა ე. მ.-ის დაკავებით და მასზე ფიზიკური ზემოქმედებით. ხსენებული მოწმის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ 1992 წლის 16 სექტემბერს იგი, ე. მ.-ი და მ. ზ.-ი დააკავეს მიტინგის მსვლელობისას და წარდგენილ იქნენ ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოში, რა დროსაც მოხდა ყველა დაკავებული პირის გათავისუფლება რამდენიმე საათის შემდეგ, ხოლო ე. მ.-ი, როგორც ლიდერი, არ გაუთავისუფლებიათ და დაკავებულ იქნა რამდენიმე დღით. მისივე განმარტებით, დადგენილი იყო, რომ 1997 წლის 26 მაისს თ. მ.-ის სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია რა მიტინგი, ე. მ.-ი დაკარგა მხედველობის არედან და დაიწყო მისი ძებნა პოლიციის განყოფილებებში, რა დროსაც იგი აღმოაჩინა გულწასულ მდგომარეობაში მთაწმინდის რაიონის შს განყოფილებასთან მდგარ სასწრაფო მანქანაში და რადგან ე. მ.-სთან მიმართებაში ადგილზე გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი, იგი გადაყვანილ იქნა ე.წ. ,,არამიანცის" საავადმყოფოში, რა დროსაც თავადაც გაჰყვა სასწრაფო დახმარების მანქანას და გაიღო მის მკურნალობაზე გაწეული ხარჯები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული თ. მ.-ის ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ მისი დის ეროვნულ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო, ისმინებოდა მასა და ე. მ.-ს შორის გამართული სატელეფონო საუბრები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ბ. დ.-ის ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ იგი ე. მ.-ს იცნობდა ეროვნული მოძრაობიდან, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს. მისი განმარტებით, როდესაც იგი 1992 წლის 31 მარტს ჩამოვიდა გროზნოდან და დააკავეს, გვერდზე განთავსებული საკნიდან, სადაც, როგორც შემდეგ გაირკვა, დაკავებული იყო ე. მ.-ი, შეტანილ იქნა ამ უკანასკნელის გამამხნევებელი წერილი. მისივე განმარტებით, 1993 წელს ქ. თბილისში, გლდანის ტერიტორიაზე ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა _ მეტსახელად ,,კუკარაჩამ" ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. მ.-ს, ხოლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნამდე, ე. მ.-ი მასთან ერთად იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს შენობაში, ე.წ. ,,ბუნკერში" და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ა. ა.-ს ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ 1992 წლის 22 დეკემბერს მისი მეუღლე გახდა თვითმხილველი, თუ როგორ იტაცებდნენ მ. ზ.-ის კუთვნილ ავტომანქანას მხედრიონელები იმ მიზნით, რომ მას აღარ ჩაეტარებინა მიტინგი. მ. ზ.-ის ავტომანქანის გატაცება მოხდა შეგნებულად, პოლიტიკური მოტივით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ იგი და მისი მეუღლე წარმოადგენდნენ ე.წ. ,,ზვიადისტებს". მხედრიონელებმა ზუსტად იცოდნენ, ვისი მანქანაც მიჰყავდათ. მისივე განმარტებით, იგი, როგორც ე. მ.-თან და მ. ზ.-თან დაახლოებული პირი, თავადაც იქნა დაკავებული პოლიციის მიერ დასაკითხად, რა დროსაც შეკითხვებს ძირითადად უსვამდნენ ე. მ.-თან მიმართებაში. ამ დროს მან მოპირდაპირე კაბინეტიდან გაიგონა ბავშვის ტირილი, შემდეგ კი დაინახა ე. მ.-ი და მ. ზ.-ი თავიანთ ქალიშვილთან ერთად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული მრ. ზ.-ის ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ ე. მ.-ი და მისი ბიძაშვილი _ მ. ზ.-ი იმყოფებოდნენ რა მუდმივ დევნაში, დროებით ცხოვრობდნენ მ. ზ.-ის დედასთან. 1993 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც იგი იმყოფებოდა მათთან სტუმრად, თავად გახდა თვითმხილველი იმისა, თუ როგორ შეცვივდნენ ავტომატიანი პირები სახლში და 2 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ბინას, შემდეგ კი ე. მ.-ი და მ. ზ.-ი დააკავეს და წაიყვანეს წლინახევრის შვილთან ერთად, რა დროსაც მათ განუმარტეს, რომ ი. ბ.-ს სურდა მათთან საუბარი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ც. თ.-ს ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ იგი იყო ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის უახლოესი მეზობელი და მათი დაკავების გამო, ხშირად მას და მის შვილს უხდებოდათ მათი ბავშვის მოვლა-პატრონობა, თავადაც შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში, რის გამოც იგი დაკავებული და წაყვანილ იქნა დაკითხვაზე უშიშროების იზოლატორში, სადაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მასზე ადრე მიყვანილი ჰყავდათ ე. მ.-ი და მ. ზ.-ი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ისინი გამთენიისას გამოუშვეს, ე. მ.-ი კი დატოვეს უშიშროების იზოლატორში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ნ. დ.-ის ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ 1992 წლიდან თბილისში არ ჩატარებულა აქციები სამართლიანობის აღდგენისათვის, სადაც მას და ე. მ.-ს არ მიეღოთ მონაწილეობა. 1993 წლის 27 ივლისს გამართული მიტინგის დროს ისინი სასტიკად იქნენ დარბეული _ მას თავში მოხვდა პოლიციელის ხელკეტი, ხოლო ე. მ.-ს კი _ მკერდში, რამაც შემდეგში ძალზედ მძიმე შედეგი გამოიღო, კერძოდ, ე. მ.-ს მიღებული დაზიანების შედეგად განუვითარდა მკერდის სიმსივნე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული გ. ე.-ის ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ იგი ე. მ.-ს იცნობდა უზენაესი საბჭოდან, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს. მისივე განმარტებით დადგენილი იყო, რომ ე. მ.-ი ყოველთვის იყო ლიდერთა შორის, ხოლო მ. ზ.-ი _ მის გვერდით, რის გამოც ხშირად ე. მ.-თან ერთად ხდებოდა მ. ზ.-ის დაკავებაც. ამასთან, იგი, როგორც ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, თვითმხილველია იმ ფაქტისა, რომ ე. მ.-ი 1991 წლის დეკემბერში კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, ხუნტის მიერ პროვოცირებული და წარმოებული საომარი მოქმედებების დროს იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს შენობაში და აგრძელებდა თავის სამსახურებრივ საქმიანობას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ი. კ.-ის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ იგი მუშაობდა რა ქ. თბილისის სატრანსპორტო პოლიციაში, თვითმხილველი იყო იმ ფაქტისა, რომ მისი ცოლისდა ე. მ.-ი დაკავების შემდეგ არაერთხელ იქნა მოთავსებული მათ შენობაში არსებულ დაკავების საკანში, რომელიც ითვლებოდა ყოველგვარი თვალსაზრისით ცუდ საკნად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ მოწმის სახით დაკითხული ლ. ც.-ს ჩვენებით, დადგენილი იყო, რომ იგი მოსარჩელეებს იცნობდა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობიდან. სახელდობრ, ქ. თბილისში ამ მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ე. მ.-ი. ხუნტის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული მიტინგების დროს ხდებოდა დარბევები და ხორციელდებოდა რეპრესიები, რაც გამოიხატებოდა მიტინგის ორგანიზატორთა და მათი ოჯახის წევრთა დაპატიმრებებში პოლიტიკური მრწამსის ნიშნით, რომლის მსხვერპლიც გახდა ე. მ.-ც. იგი რამდენჯერმე იქნა დაკავებული ადმინისტრაციული პატიმრობით, სასამართლო წესით და მის გარეშეც. მისივე განმარტებით, იგი თავად ღებულობდა მონაწილეობას 1997 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ გრანდიოზულ მანიფესტაციაში, რომელიც დარბეულ იქნა სპეცრაზმის მიერ, პოლკოვნიკ თ. მ.-ის განკარგულებით, რა დროსაც თავად დაკავებულ იქნა, ხოლო ლიდერები და მათ შორის, ე. მ.-ც ფიზიკური ძალის გამოყენებით შეაგდეს სპეცრაზმის მანქანაში და ე. მ.-ს განსაკუთრებით მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს თავში ხელკეტის ცემით, რის გამოც მან მიიღო მძიმე ფორმის ტვინის შერყევა და გადაყვანილ იქნა ¹... საავადმყოფოში, სადაც 30 დღე გაატარა. მისივე განმარტებით, სამხედრო საბჭო, შემდეგ კი ხუნტის მთავრობა, მიმართავდა რეპრესიების სხვადასხვა ფორმებსა და მეთოდებს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა მიმართ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი იყო ქურდების შეგზავნა მომიტინგეთა საცხოვრებელ ბინებში და მათი დარბევა, რაც გამოყენებულ იქნა ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის ოჯახის მიმართაც, კერძოდ, მ. ზ.-ს მოჰპარეს ავტომანქანა, რომელიც მთლიანად იყო ჩაყენებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამსახურში. ამ მანქანით ხვდებოდა აეროპორტში უცხოეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს და ემსახურებოდა მათ. გარდა ამისა, მ. ზ.-ი აღნიშნული ავტომანქანით უშუალოდ ხვდებოდა უცხოელ დიპლომატებს სასტუმრო “...-სა” და საქართველოში არსებულ საელჩოებში, რაც, ხსენებული მოწმის განმარტებით, მხედველობიდან არ გამორჩენია მაშინდელ უშიშროებას და მოხდა მათი პარალიზება ამ მანქანის გატაცებით, რაც ჯერ კიდევ იყო გამოუძიებელი. ლ. ც.-ს ჩვენებით დადგენილი იყო, რომ თავად სამჯერ იყო თვითმხილველი იმ ფაქტისა, თუ როგორ იქნა დაკავებული და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი მ. ზ.-ი თ. მ.-ის სპეცრაზმის მიერ, სადაც მას აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც მისი აქტიურობის, ასევე, მეუღლის გამოც.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, გარდა ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა, ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება დადასტურებულ იქნა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. სახელდობრ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ საქართველოს შსს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 1992 წლის 9 აპრილს გაცემული ¹75/1 ცნობით დადგენილი იყო, რომ იმავე წლის 7 აპრილიდან 9 აპრილამდე იგი იმყოფებოდა შს სამმართველოს დროებითი მოთავსების საკანში, არასანქცირებულ მიტინგში აქტიური მონაწილეობისათვის. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 11 ივლისის ¹08 ცნობით, დადგენილი იყო, რომ ე. მ.-მ გადაიხადა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 200000 კუპონის ოდენობით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ ქ. თბილისის ... კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული კლინიკის ავადმყოფის სტაციონარული სამედიცინო ბარათიდან ამონაწერით დადგენილი იყო, რომ 1997 წლის 26 მაისს ავადმყოფი ე. მ.-ი სასწრაფო დახმარების მანქანით მიყვანილ იქნა ...-ის პოლიციის განყოფილებიდან, რა დროსაც ავადმყოფს აღენიშნებოდა გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი კეფის, წელის, მარცხენა ბეჭისა და ზედა კიდურის არეში, რაც, მისი გადმოცემით, დაეწყო პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ. იმავე ამონაწერში მითითებული ნეიროქირურგის დასკვნით კი დადგენილი იყო, რომ ავადმყოფს აღენიშნებოდა კეფის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ქალის შიდა წნევის მომატების სინდრომი და დაენიშნა წოლითი რეჟიმი 10 დღის განმავლობაში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ შრომის წიგნაკიდან ამონაწერით, დადგენილი იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 2 იანვრის ¹3 ბრძანების პირველი პარაგრაფით ე. მ.-ი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს ...-ად, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების საფუძველზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ ქ. თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა მე-3 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ოპერრწმუნებულის მიერ 1992 წლის 16 სექტემბერს შედგენილი ჩხრეკის ოქმით, დადგენილი იყო, რომ ე. მ.-ისა და მისი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ იქნა ჩხრეკა, რა დროსაც მათი ბინიდან, გარდა გაზეთების _ ,,ა” და ,,ს" _ სხვადასხვა ნომრებისა, ამოღებულ იქნა მათი პირადი წერილებიც.
საქალაქო სასამართლომ ყოველივე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების გარდა, მიიჩნია, რომ ე. მ.-სა და მ. ზ.-ზე პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებათა მნიშვნელობა ერთობლიობაში უნდა მინიჭებოდა საქმეზე მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ საგაზეთო პუბლიკაციებსა და ფოტოსურათებს, ხოლო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები _ ე. მ.-ი და მ. ზ.-ი წარმოადგენდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს და ისინი ასეთად უნდა ყოფილიყვნენ აღიარებული. ამასთან, “1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფომ გამოხატა რა ნება და დაგმო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, ამასთან, დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, 2005 წლის 24 ივნისს ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, ამ კანონის მოქმედება გავრცელდა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს არა მხოლოდ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის ოქტომბრამდე, არამედ შემდგომ _ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზეც, რასაც სწორედ განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. მ.-ის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, რაც გამოიხატებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობასა და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში. სახელდობრ, ე. მ.-ის, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს თანამშრომლის, სამსახურიდან დათხოვნა მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილებით, ხოლო აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტში მითითებული იყო, რომ უზენაესი საბჭოს სამდივნოს დაკომპლექტება უნდა განხორციელებულიყო სამხედრო საბჭოსთან შეთანხმებით, რაც ასევე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კადრების მიღება ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ არალეგიტიმური ორგანოს მიერ პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ მათი შვილის _ ქ. ზ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას, იყო უსაფუძვლო, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთან (მშობელთან) ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში ან სპეციალური დასახლების ადგილას, რაც სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და გაზიარებული ვერ იქნებოდა მოსარჩელე ე. მ.-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას მათი შვილის დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხლება თითქოსდა წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მის განთავსებას, რადგან ასეთი ღონისძიება არათუ მათი შვილის, არამედ თვით მოსარჩელეების მიმართაც არ განხორციელებულა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განთავსება ხდებოდა მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირის მსჯავრდებისას.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ, რაც შეეხებოდა სარჩელის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმ საფუძვლებით, რომ, თითქოსდა მშვიდობიან მიტინგზე მიყენებულმა ზიანმა გამოიწვია სიმსივნური დაავადება და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაცია, შემდგომი მკურნალობა და გამოკვლევები, ასევე რეპრესიის საფუძველზე მოხდა საცხოვრებელი ბინის დარბევა, მისი გაქურდვა და მ. ზ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ფარულად გატაცება, აღნიშნული მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, რადგან ვერ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ზემოხსენებულ სარჩელის საფუძველსა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ვერ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უტყუარად სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან რეპრესიების განხორციელების თვალსაზრისით იყო მოსარჩელეებთან მიმართებაში წარმოებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, თუ ცალკეული კრიმინალური სუბიექტების მიერ, რაც აუცილებელი პირობა იყო ზიანის განსაზღვრისას. მოსარჩელე ე. მ.-ის მოთხოვნა იძულებით განაცდური ხელფასის სახით 91560 ლარის ანაზღაურების შესახებ, იყო უსაფუძვლო, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა სამსახურში აღდგენის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, ურომლისოდაც განცალკევებულად შეუძლებელი იყო ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა არ მომხდარა და შესაბამისად, არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც, ხოლო, რაც შეეხებოდა სასარჩელო მოთხოვნას პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისათვის მორალური ზიანის სახით 329700 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, მართალია, არაქონებრივი ზიანისათვის შეიძლებოდა მოთხოვილი ყოფილიყო ფულადი ანაზღაურება, მაგრამ აღნიშნული ხორციელდებოდა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხოლოდ განსაზღვრა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ოდენობა, თუმცა არ მიუთითა, თუ რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაამყარა თავისი აღნიშნული მოთხოვნა და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაადასტურა იგი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების არა მხოლოდ წესს, არამედ ასევე ადგენდა შესაბამის სამართლებრივ შედეგებსაც. სახელდობრ, ხსენებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები და მიენიჭებოდა შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრებოდა ცალკე კანონით. ამდენად, აღნიშნული სპეციალური კანონი არ აწესრიგებდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების წესს, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით განსაზღვრულ საკანონმდებლო წესრიგში მოქცევა კი, სასამართლოს ზღუდავდა მისი მოქმედების ფარგლების დაუსაბუთებელი გაფართოებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ.-მა და მ. ზ.-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ მტკიცებულებებად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც დადასტურებულად მიიჩნია მთელი რიგი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომელმაც მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმა _ პირადი თავისუფლების შეზღუდვა, სიტყვის, აზრის, შრომის უფლების შეზღუდვა, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნა, უკანონო დაკავებები, საცხოვრებელი ბინის უკანონო ჩხრეკა, ჯანმრთელობის დაზიანება და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი ხელყოფა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, საგაზეთო პუბლიკაციებით, სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტებით დგინდებოდა, რომ ე. მ.-ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საპროტესტო გამოსვლებსა და მიტინგებში. ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული მიტინგები ტარდებოდა კანონის დაცვით და იყო სანქცირებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასანქცირებული მიტინგის ჩატარებისათვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოქალაქის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და სახელმწიფოს მოქმედება განხილული უნდა ყოფილიყო კანონის ჩარჩოებში არსებულ მოქმედებად, რაც დასტურდებოდა იმ დროს მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც ჩაიდენდა წვრილმან ხულიგნობას ან დაარღვევდა კრების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესს, შეიძლებოდა დაკავებული ყოფილიყო კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის მოადგილის) მიერ საქმის განხილვამდე. საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის შს სამმართველოს 1992 წლის 9 აპრილის ¹75/1 ცნობა, რომლის მიხედვითაც, ე. მ.-ი 7 აპრილიდან 9 აპრილამდე იმყოფებოდა შსს დროებითი დაკავების საკანში არასანქცირებულ მიტინგში აქტიური მონაწილეობისათვის (ს.ფ. 13). ხსენებული კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებს უფლება ჰქონდათ განეხორციელებინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავება, რაც ჩადენილ იქნა წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დაგმობილ იქნა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლების მიერ 1992-2003 წლებში კანონის ჩარჩოებში განხორციელებული მოქმედებები მიჩნეულიყო უკანონოდ და ხელისუფლების მიერ წესრიგის უზრუნველსაყოფად განხორციელებული არასანქცირებული მიტინგის ჩატარებისათვის ხელის შეშლა _ პოლიტიკურ რეპრესიად. საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიერ 1997 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა _ ფორმა ¹27/ს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ე. მ.-ი მიყვანილ იქნა მიმღებ განყოფილებაში სასწრაფო დახმარების მანქანით მთაწმინდის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან. მას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება და უჩიოდა ტკივილებს. ე. მ.-ის განცხადებით, აღნიშნული დაზიანებები შედეგი იყო პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფისა, რაც გამოწვეული იყო 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლის დარბევით. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 10 და 20 ივნისის განჩინებები, რომლებიდანაც ირკვეოდა, რომ ე. მ.-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის _ თ. მ.-ის მიერ შელახული პატივისა და ღირსების აღდგენა, ასევე მკურნალობის ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული განჩინებებით ე. მ.-ის განცხადებები არ იქნა მიღებული წარმოებაში, ე. მ.-ს არ მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის და არც ხსენებული განჩინებები გაუსაჩივრებია და ისინი კანონიერ ძალაში შევიდა, მაშინ, როდესაც მას განემარტა, რომ შეეძლო მიემართა პროკურატურის ორგანოებისათვის, ხოლო აღნიშნული განჩინებების გასაჩივრება შეეძლო ქ. თბილისის სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ე. მ.-ის მიერ არ იქნა ამოწურული სამართლებრივი საშუალებები, რათა დადგენილიყო მის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების კვალიფიკაცია. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონიერებაზე. გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ ე. მ.-ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური სახის ძალადობა და საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სხვა დროს კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო დაკავებული ან დაპატიმრებული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, რაც გამოიხატებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობასა და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების თანახმად, საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1992 წლის 2 იანვრიდან გაეთავისუფლებინა ყოფილი უზენაესი საბჭოს სამდივნოს აპარატის თანამშრომლები, მუდმივი კომისიების მომსახურე პერსონალი და დაეკომპლექტებინა სამდივნოს აპარატი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოსთან შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არ ყოფილა განხორციელებული რეპრესია მოსარჩელის მიმართ, ვინაიდან მაშინ მოქმედი კანონი ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილი საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას აძლევდა უფლებას, აღნიშნული სუბიექტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობის, ან შტატების შემცირების გამო, ვადამდე მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს რეორგანიზაცია და ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელებულიყო ხსენებული სამდივნოს აპარატის თანამშრომლების გათავისუფლება, საქმეში კი არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, შეეზღუდა თუ არა ე. მ.-ს ახალ რეორგანიზებულ სტრუქტურაში დასანიშნად მონაწილეობის მიღება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმის სახით დაკითხული ანჟელა ახალაიას ჩვენება, რომლის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტი, რომ მ. ზ.-ის კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს ორგანიზაცია “მხედრიონის” წევრებმა ხელისუფლების დაკვეთითა და პოლიტიკური მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ მოწმის ჩვენება საკმარისად მიიჩნია იმის დასადგენად, რომ ხსენებული ავტომანქანის გატაცება განხორციელდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით და საქალაქო სასამართლოს დასკვნა იყო წინააღმდეგობრივი, ვინაიდან მან მოსარჩელეებს უარი უთხრა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე და აღნიშნა, რომ ვერ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უტყუარად სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან რეპრესიების განხორციელების თვალსაზრისით იყო წარმოებული მოსარჩელეებთან მიმართებაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, თუ ცალკეული კრიმინალური სუბიექტის მიერ, რაც იყო ზიანის განსაზღვრის აუცილებელი პირობა. საქმეში არსებული მასალებით დაუდგენელი იყო არა მარტო ის, თუ ვინ ჩაიდინა მ. ზ.-ის კუთვნილი ავტომანქანის გატაცება, არამედ ის ფაქტიც, ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი აღნიშნულ გარემოებას, იყო თუ არა ავტომანქანა მ. ზ.-ის საკუთრება და მოხდა თუ არა მისი გატაცება, ასევე დაუდგენელი იყო, მიმართა თუ არა დაზარალებულმა დახმარებისათვის შესაბამის ორგანოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა, რომ ავტომანქანის გატაცება ჩათვლილიყო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური მოტივით ჩადენილად და ზარალის ანაზღაურება დაკისრებოდა სახელმწიფოს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ქ. ზ.-ი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია მოსარჩელეთათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა ერთიანი მიზნით მოცული რეპრესირების პოლიტიკა და სახეზე იყო ცალკეული ფაქტები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მოსარჩელეთა მიმართ ასევე არ განხორციელებულა ხსენებული კანონის მე-4 მუხლით რეგლამენტირებული არც ერთი სახის რეპრესიული ღონისძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ.-მ და მ. და ქ. ზ.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით არის გამოტანილი, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას მთავარ მტკიცებულებად მიჩნეული აქვს მოწმეთა ჩვენებები და ამით დადასტურებულად მიიჩნია მთელ რიგი გარემოებები, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელმაც მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების _ ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმა _ პირადი თავისუფლების შეზღუდვა, სიტყვის, აზრის, შრომის უფლების შეზღუდვა, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნა, უკანონო დაკავებები, საცხოვრებელი ბინის უკანონო ჩხრეკა, ჯანმრთელობის დაზიანება და კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი ხელყოფა.
კასატორები არ ეთანხმებიან აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
კასატორთა მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას რომ არ ეყრდნობოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, ამის დამადასტურებელია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები:
1. ქ. თბილისის ... კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული კლინიკის მიერ გაცემული ფორმა ¹27. მასში მითითებულია, რომ 1997 წლის 26 მაისს ე. მ.-მ პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება;
2. ცნობა, გაცემული საქართველოს რესპუბლიკის შსს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ ე. მ.-ი დაკავებული იყო მიტინგში მონაწილეობისათვის და იმყოფებოდა შს სამმართველოს დროებითი დაკავების საკანში, რაც, ცხადია, დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის (სამხედრო საბჭო) უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, რაც ზემოთ მითითებული კანონის თანახმად, მიიჩნევა პოლიტიკურ რეპრესიად;
3. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე. მ.-ი დაკავებულ იქნა მთაწმინდის რაიონის პოლიციის მიერ და წარდგენილ იქნა სასამართლოში, რომელმაც ე. მ.-ს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი;
4. ჩხრეკის ოქმი, შედგენილი 1992 წლის 16 სექტემბერს თბილისის ვაკის რაიონის შს მე-3 ქვეგანყოფილების სს ოპერრწმუნებულის, მილიციის კაპიტან მ.-ის მიერ. აღნიშნული ოქმიდან დასტურდება შემდეგი: ჩხრეკა ჩატარდა ღამის 12 საათზე, უკანონოდ, ყოველგვარი დადგენილების გარეშე; ბინიდან ამოღებულ იქნა გაზეთები _ “აღდგომა", “საქართველოს ცის ქვეშ" და პირადი წერილები, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა, ითვლება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვად, რადგან ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლით;
5. ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2002 წლის 16 მაისს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2002 წლის 13 მაისს გაიქურდა კასატორთა საცხოვრებელი ბინა _ ქ. თბილისში, ...-ის II მ/რ-ის II კვ-ში, მე-7 კორპუსის ბინა ¹.... ამ ფაქტის შედეგობრივი კავშირი მათ პოლიტიკურ დევნასთან დასტურდება მათ მიერ 2002 წლის 13 მაისს ვაკე-საბურთალოს შსს ... განყოფილების უფროსის, გ. ა.-ის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტებით. ვინაიდან, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 43-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს სახალხო დამცველი, რომელიც უფლებამოსილია, გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს, თავად-აზნაურთა საკრებულომ 2002 წლის 18 მაისს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რათა საქართველოში შეწყვეტილიყო ტერორი და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები. საცხოვრებელი ბინის ძარცვა-დარბევის შედეგობრივ კავშირს კასატორთა მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასთან კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველის 2003 წლის 15 იანვრის პასუხი თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლისა და საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარისადმი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქ. თბილისის პროკურატურამ სახალხო დამცველის შუამდგომლობაზე რეაგირება მოახდინა 2003 წლის 8 იანვრის ¹19გ-2002-675-ჩ წერილით და დაადასტურა კასატორთა საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტი;
6. საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე. მ.-ი, რომელიც მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფროს კონსულტანტად, სამსახურიდან გათავისუფლდა 1992 წლის 2 იანვრიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
კასატორთა განმარტებით, ზემოთ მითითებული საბუთები მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განმარტება, თითქოსდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იქნა დადასტურებულად მიჩნეული მთელი რიგი გარემოებები, არის უსაფუძვლო. საქმის გარემოებებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, “რეპრესირებულთა კავშირმა" წერილობით მიმართა ყველა იმ ორგანოს, სადაც კასატორები იყვნენ დაკავებულნი, გასამართლებულნი და ასევე, მათი კუთვნილი ავტომანქანის გატაცების შესახებ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. 2005-2006 წლებში მათ მიმართეს შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებს: მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას, ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს. კასატორთა მტკიცებით, მათი უფლებები ამ შემთხვევაშიც დაირღვა, რადგან ყველა სახელმწიფო სტურუქტურამ უარი განაცხადა მათ შესახებ არსებული ინფორმაციის მიწოდებაზე. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებაც, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული მიტინგები ტარდებოდა კანონის დაცვით და იყო სანქცირებული და მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასანქცირებული მიტინგის ჩატარებისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვად და სახელმწიფოს მოქმედება განხილული უნდა ყოფილიყო კანონის ჩარჩოებში არსებულ მოქმედებად.
კასატორები არ ეთანხმებიან აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა სახელმწიფოს მხრიდან კასატორთა დაკავებები, მეტად მნიშვნელოვანია მოწმის სახით დაკითხული, 1991-1994 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შემდგომში კი იმავე მინისტრის მოადგილისა და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროს დ. ზ.-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც ის ადასტურებს და აღიარებს იმ გარემოებებს, რომლებზედაც კასატორები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს. დ. ზ.-ე განმარტავს, რომ პირველი შემხებლობა მოსარჩელეებთან ჰქონდა ჯერ კიდევ 1989-1990 წლებში, როდესაც იყო ...-ის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი, რა დროიდანაც ე. მ.-ს იცნობს, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალბატონს, რომელზედაც გაცემული იყო ბრძანება მიტინგის ჩატარებისას მისი იზოლირების შესახებ, ხოლო 1991 წლის შემდგომი პერიოდიდან, დაიწყო რა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა _ ე.წ. “ზვიადისტების" მასიური დევნა, ე. მ.-ი გამოიკვეთა, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ამიტომაც იგი არაერთგზის იქნა დაკავებული და წარდგენილი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, მასთან მიმართებაში ამოღებული იყო ფორმა ¹1 და დარიგებული ჰქონდათ შესაბამის სამსახურებს, რათა მოეხდინათ მიტინგის მსვლელობისას მისი აყვანა და მასისგან იზოლირება. ბუნებრივია, ასეთი დაკავებების დროს მასთან ერთად ხდებოდა მისი მეუღლის დაკავებაც.
კასატორები აღნიშნავენ, რომ დ. ზ.-ის განმარტებით, მას კარგად ახსოვს, რომ ე. მ.-ი 1992 წლის 16 სექტემბერს დააკავეს მერაბ კოსტავას ეზოში ჩატარებულ მიტინგთან დაკავშირებით, ე. მ.-ისა და მისი მეუღლის დაკავებები არ იყო სამართლებრივად სწორი, რადგან ხშირად არ ხდებოდა დაკავებულ პირთა სასამართლოსთვის წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, იმდენად, რამდენადაც მათი დაკავებები ხდებოდა არა მხოლოდ არასანქცირებული, არამედ სანქცირებული მიტინგების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატამ საერთოდ უგულვებელყო ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც კანონის დარღვევაა. ამასთანავე, სამართალდარღვევის ფაქტს რომც ჰქონოდა ადგილი, ე. მ.-თან მიმართებაში ყველა დაკავება კანონდარღვევით ხორციელდებოდა, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოცდაათ დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. როგორც ამას ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული დ. ზ.-ე და ს. ჭ.-ა, მერაბ კოსტავას ეზოში მოხდა ე. მ.-ის დაკავება და მას შეეფარდა 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა კანონის დარღვევით, რადგან მას იმ დროს ჰყავდა ოთხი თვის ბავშვი. საქმეში დევს ქ. თბილისის სამხედრო გარნიზონის კომენდატურის გამომძიებელ მ. დ.-ის მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ 1993 წლის 5 ოქტომბერს კასატორები მიიყვანეს სამხედრო კომენდატურაში.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებაც, რომ ე. მ.-ის მიერ არ იქნა ამოწურული სამართლებრივი საშუალებები, რათა დადგენილიყო მის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების კვალიფიკაცია. მოსარჩელემ თავისი მიზეზით არ გაასაჩივრა სასამართლო განჩინებები, რომლითაც მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. კასატორები არ იზიარებენ აღნიშნულ მსჯელობას, რადგან მას შემდეგ, რაც თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მათი განცხადება და განემარტათ, რომ მიემართათ სასამართლოსათვის მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კასატორებმა ვერ მოახერხეს თ. მ.-ის მისამართის გაგება.
კასატორთა მტკიცებით, არამცთუ უსაფუძვლო, არამედ ტენდენციურიცაა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების თანახმად, საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1992 წლის 2 იანვრიდან გაეთავისუფლებინა უზენაესი საბჭოს სამდივნოს აპარატის თანამშრომლები და მუდმივი კომისიების მომსახურე პერსონალი, ასევე დაეკომპლექტებინა სამდივნოს აპარატი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოსთან შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების ლეგიტიმურობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ასევე, ამავე დადგენილებით 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები შეფასდა, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალება და დაიგმო ყველა სახის რეპრესიული მოქმედებები, სააპელაციო პალატამ არ ცნო ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, როგორიცაა შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება და სამხედრო საბჭოს ქმედებები კანონიერად მიიჩნია იმ პერიოდშიც კი, როდესაც კანონიერი პრეზიდენტი და კანონიერი ხელისუფლება არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ფაქტობრივადაც კანონიერად მართავდა ქვეყანას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კანონიერმა ხელისუფლებამ, მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების გამო, უფრო მეტი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, 1992 წლის 6 იანვარს დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა, სააპელაციო სასამართლომ კი კანონიერად მიიჩნია სამხედრო საბჭოს მიერ 1992 წლის 2 იანვრიდან უზენაესი საბჭოს აპარატის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება და სამდივნოს აპარატის სამხედრო საბჭოსთან შეთანხმებით დაკომპლექტება.
კასატორები აღნიშნავენ, რომ უადგილო და ტენდენციურია სააპელაციო პალატის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მოხმობა იმ დროს, როდესაც საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ 1992 წლის 6 იანვარს სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოში 1992 წლის იანვარში განხორციელდა არაკანონიერი რეორგანიზაცია _ არა მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირება, არამედ, უზენაეს საბჭოზე შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც ე. მ.-ი იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს შენობაში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ამის დამადასტურებელია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოწმის სახით დაკითხული უზენაესი საბჭოს წევრების _ ბ. დ.-ისა და გ. ე.-ის ახსნა-განმარტებების სახით. ე. მ.-ს 1992 წლიდან 2006 წლამდე (პენსიაზე გასვლამდე) შრომის უფლება საერთოდ წართმეული რომ ჰქონდა, ამას ადასტურებს საქმეში არსებული დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილებისა და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები. 1992-2000 წლებში, კასატორთა მიმართ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების დასტურია: უკანონო პერმანენტული დაკავებები, ჯანმრთელობის დაზიანება, უკანონო ჩხრეკები, ბინის დარბევა-გაძარცვა, სამუშაოდან უკანონო დათხოვნა, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვები, რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მრავლადაა საქმეში წარმოდგენილი საბუთების, აქტების, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილების, მოწმეთა ჩვენებების, საგაზეთო პუბლიკაციების, ახსნა-განმარტებებისა და ფოტომასალების სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. მ.-ისა და მ. და ქ. ზ.-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 7 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 27 ივნისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. მ.-ისა და მ. და ქ. ზ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 26 სექტემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ე. მ.-ისა და მ. და ქ. ზ.-ების საკასაციო საჩივარი მ. და ქ. ზ.-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე, ე. მ.-სათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. მ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ე. მ.-ის შრომის წიგნაკიდან ამონაწერის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 2 იანვრის ¹3 ბრძანების პირველი პარაგრაფით ე. მ.-ი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დროს დაზარალებული (ს.ფ. 45), დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს ...-ად, ხოლო 1992 წლის 2 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილების საფუძველზე (ს.ფ. 39-42, ს.ფ. 113). ქ. თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა მე-3 განყოფილების 1992 წლის 16 სექტემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე. მ.-ისა და მისი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ იქნა ჩხრეკა, რა დროსაც მათი ბინიდან ამოღებულ იქნა გაზეთების _ ,,ა” და ,,ს" _ სხვადასხვა ნომრები (ს.ფ. 46-47). ქ. თბილისის ... კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული კლინიკის ავადმყოფის სამედიცინო ბარათიდან ამონაწერის მიხედვით, ე. მ.-ი 1997 წლის 26 მაისს მიიყვანეს აღნიშნულ კლინიკაში მთაწმინდის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან თხემ-კეფის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით, ქალის შიდა წნევის მომატების სინდრომით, არტერიალური ჰიპერტენზიით (ს.ფ. 5).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში მოხსენიებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს 1992 წლის 9 აპრილის ¹75/1 ცნობის მიხედვით, ე. მ.-ი 1992 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილამდე იმყოფებოდა იმავე სამმართველოს დროებითი დაკავების საკანში არასანქცირებულ მიტინგში აქტიური მონაწილეობისათვის (ს.ფ. 13). საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოსთვის საქართველოს სახალხო დაცველის მიერ 2003 წლის 15 იანვარს გაგზავნილი ¹63/03/675-ჩ წერილის მიხედვით, 2002 წლის 13 მაისს დაუდგენელი პირების მიერ გაიქურდა ე. მ.-ის ბინა, ხოლო თვით დაზარალებულს რაიმე ეჭვი ვინმეს მიმართ თავის ჩვენებაში არ გამოუთქვამს და არ დაუკავშირებია მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობასთან (ს.ფ. 34-35). ე. მ.-ის მიერ თბილისის მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების სასამართლოებში წარდგენილი განცხადებების მიხედვით, 1997 წლის 26 მაისს მანიფესტაციის დროს იგი სხვებთან ერთად დაარბიეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემეს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი ქ. თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა 26-დან 30 მაისამდე და აღნიშნული განცხადებებით მოითხოვა მისთვის ბოდიშის მოხდა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 49-50). გაზეთ “აღდგომის” 1992 წლის 6 დეკემბრის ნომერში მიტინგების დარბევისას განსაკუთრებული სისასტიკით ნაცემთა შორის მოხსენიებულია ე. მ.-ი და მითითებულია, რომ იგი დააპატიმრეს იმავე წლის 7 აპრილს და მიუსაჯეს 30 დღით პატიმრობა (ს.ფ. 66), ხოლო იმავე გაზეთის ¹18-ში აღნიშნულია, რომ 1992 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ეზოში დაარბიეს მიტინგი და დააპატიმრეს ე. მ.-ი (ს.ფ. 67). გაზეთ “...-ს” 1995 წლის 31 მარტი-6 აპრილის ¹7-ში აღნიშნულია, რომ იმავე წლის 20 მარტს პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევისას მთაწმინდის რაიონის პოლიციის განყოფილების მუშაკებმა ლ. ც.-სთან ერთად, დააკავეს წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი ე. მ.-ი (ს.ფ. 78). საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირის მოწმობის მიხედვით, ე. მ.-ი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილ პირად რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ს.ფ. 186).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, ხსენებული პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრადე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, აღნიშნული ცვლილებებითა და დამატებებით მითითებული კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე ცვლილებებითა და დამატებებით ხსენებული კანონის მე-2 მუხლიც ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ზემოაღნიშნული კანონით “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა _ ე. მ.-მ და მ. ზ.-მ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს და ასეთად უნდა ყოფილიყვნენ აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო, რაც შეეხებოდა მათ მოთხოვნებს მათივე მცირეწლოვანი ქალიშვილის _ ქ. ზ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების, ასევე იძულებით განაცდური ხელფასის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ისინი იყო უსაფუძვლო.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომელმაც მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმა _ პირადი თავისუფლების შეზღუდვა, სიტყვის, აზრის, შრომის უფლების შეზღუდვა, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნა, უკანონო დაკავებები, ჯანმრთელობის დაზიანება და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი ხელყოფა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ე. მ.-ისა და მ. ზ.-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებზე, მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზოგადად იმსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, საგაზეთო პუბლიკაციებითა და სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტებით დგინდებოდა, რომ ე. მ.-ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საპროტესტო გამოსვლებსა და მიტინგებში, ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული მიტინგები ტარდებოდა კანონის დაცვით და იყო სანქცირებული. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ ე. მ.-ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური სახის ძალადობა და საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სხვა დროს კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო დაკავებული ან დაპატიმრებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ მათი შვილის _ ქ. ზ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ ნაწილში სარჩელი და შესაბამისად, საკასაციო საჩივარიც არის უსაფუძვლო, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მიჩნეულიყო, ანუ აღიარებული ყოფილიყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთან (მშობელთან) ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. აღნიშნული გარემოებების არსებობა კი ქ. ზ.-თან მიმართებაში წარმოდგენილი სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებულ შესაბამის მტკიცებულებებში ლაპარაკია მხოლოდ ე. მ.-ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასა და მის მიმართ განხორციელებულ კონკრეტულ მოქმედებებზე, ხოლო ე. მ.-ის მეუღლე _ მ. ზ.-ი ხსენებულ მტკიცებულებებში განსახილველი კუთხით საერთოდ არ არის მოხსენიებული, რის გამოც სარჩელი და შესაბამისად, საკასაციო საჩივარიც მ. ზ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხერპლად აღიარების ნაწილშიც არის უსაფუძვლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ე. მ.-ის აღიარების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები, ყოველმხრივ არ შეაფასა ისინი და შესაბამისად, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მაგრამ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ე. მ.-ი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ყურადღება გაამახვილა მიტინგების სანქციონირების საკითხზე, საერთოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შეეხება ე. მ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ შეიძლებოდა აღნიშნული ჩვენებების მიხედვით, მსჯელობა იმ საკითხზე, გამოყენებულ იქნა თუ არა ე. მ.-ის მიმართ პოლიტიკური მოტივით რაიმე კონკრეტული სახის პოლიტიკური ძალადობა.
რაც შეეხება ე. მ.-სათვის, ისევე, როგორც მ. და ქ. ზ.-ებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი სარჩელი არის უსაფუძვლო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები და მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. ამდენად, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი არ აწესრიგებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების წესს, ხოლო რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის შესახებ კანონი არ არის მიღებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, განსაზღვროს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ე. მ.-ის მიმართ განხორციელებული კონკრეტული მოქმედებები ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იძულების ამა თუ იმ ფორმად და შესაბამისად, რამდენად შეიძლება იქნეს მიჩნეული ე. მ.-ი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და განიცადა თუ არა მან უშუალოდ პოლიტიკური რეპრესია, ანუ, რამდენად წარმოადგენს იგი აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. მ.-ისა და მ. და ქ. ზ.-ების საკასაციო საჩივარი მ. და ქ.-ნ ზ.-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე, ე. მ.-სათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. მ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ.-ისა და მ. და ქ. ზ.-ების საკასაციო საჩივარი მ. და ქ. ზ.-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, აგრეთვე, ე. მ.-სათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. მ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს მ. და ქ. ზ.-ების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებასა და მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, აგრეთვე, ე. მ.-სათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს ე. მ.-სთვის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.