ბს-400-379(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. შ-ემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანების მე-16 პუნქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. შ-ე 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიგებში ..., იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გამოცხადებული ჰქონდა მადლობები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის ¹343 განკარგულებით გამოეცხადა «მადლობა» სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სამხედრო ფიცისადმი ერთგულებისათვის.
სამუშაოდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-.... ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ოცეულის .., გააჩნდა .... სამხედრო წოდება, იღებდა ხელფასს 714 ლარის ოდენობით.
2005 წლის 4 ივლისს ¹16107 სამწყობრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით მ. შ-ეს გაუფორმდა კუთვნილი შვებულება 5 ივლისიდან 20 აგვისტომდე.
შვებულებაში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანების მე-16 პუნქტით მ. შ-ე გათავისუფლდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის მოტივით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად.
მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას დაირღვა მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის კანონით მინიჭებული უფლებები. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტულ საფუძვლებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მეტიც, იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს იმ დროს, როდესაც ¹16107 სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რისი უფლებაც მოპასუხეს არ გააჩნდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის მანძილზე, როდესაც ამ კანონის 89-ე მუხლის «ბ»-»ი» ქვეპუნქტების საფუძველზე შეჩერებულ იქნა მისი სამსახურებრივი ურთიერთობა. მითითებული 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი უთითებს სწორედ შვებულებაში ყოფნის დროს (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანება (მე-16 პუნქტი) კაპიტან მ. შ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, მ. შ-ე დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა უწინდელ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის საშტაბო და უზრუნველყოფის .... .... თანამდებობაზე.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით დგინდებოდა, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობით მ. შ-ის გათავისუფლებას საფუძვლად ედო ქვეითი ბრიგადის ..., .... ჩ-ას პატაკი თავდაცვის მინისტრის სახელზე, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე, ....-ე და უზრუნველყოფის ბატალიონების იმ პირადი შემადგენლობის სია, რომლებიც ვერ ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციონალურ მოვალეობებს. კონკრეტულად, თუ რაში გამოიხატებოდა თითოეულის მიერ ფუნქციონალური მოვალეობების შეუსრულებლობა, ხსენებულ პატაკში არ იყო განმარტებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერც სასამართლო სხდომაზე განმარტა, თუ რა იგულისხმებოდა მ. შ-ის «სამსახურებრივ შეუსაბამობაში». ასეთად, როგორც წესი, კანონმდებელი მიიჩნევდა: ატესტაციის შედეგებს; დოკუმენტის არქონას, რომელიც აუცილებელი იყო მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელ ცოდნას და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობას; თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას მუშაკს სათანადოდ შეესრულებინა სამსახურებრივი მოვალეობა; არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ ჩვევებს («საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლი).
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი. მოპასუხემ ვერ წარადგინა მ. შ-ის სამსახურებრივი შეუსაბამობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტება, რომ სადისციპლინო წესდების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მეთაურს უფლება ჰქონდა მიემართა მინისტრისათვის მისი ხელქვეითის სამსახურიდან დათხოვნის მოტივით მიზეზის მითითების გარეშე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინების მიუხედავად, უსაფუძვლოდ ილახებოდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული შრომის კონსტიტუციური უფლება.
საქალაქო სასამართლო მიუთითებდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ 1994 წლის 2 სექტემბრის ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებაზე», რომლის თანახმად, მართალია, მეთაურს უფლება ჰქონდა, მიემართა თავდაცვის მინისტრისათვის ხელქვეითის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო სამსახურიდან მისი დათხოვნის მოთხოვნით, მაგრამ წესდების 43-ე მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, მეთაური ვალდებული იყო, პატაკში მიეთითებინა მიზეზები, რომლებმაც ხელქვეითის თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეითი ბრიგადის მეთაურის პატაკში ჩამოთვლილ პირთაგან მ. შ-ის გათავისუფლების საფუძვლად მხოლოდ «ფუნქციონალურ მოვალეობათა შეუსრულებლობაზე» მითითება საკმარისი არ იყო. პატაკში მეთაური ვალდებული იყო, მიეთითებინა თითოეული ხელქვეითის, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, თუ რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან «ფუნქციონალურ მოვალეობათა შეუსრულებლობა».
საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მ. შ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ანუ იმ დროს, როდესაც მას დროებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რაც საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის დარღვევაზე მიუთითებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. შ-ე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარებოდა იმავე თანამდებობაზე აღდგენას (ს.ფ. 84-88).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის აზრით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება კანონიერია, რამდენადაც იგი გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 110-111).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივ საფუძვლებს. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 137-139).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კონკრეტულ შემთხვევაში _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონითა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებით». აღნიშნული წესდების პირველი თავის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას საქართველოს ინტერესების დაცვის მიზნით. ამავე წესდების მე-3 თავის 39-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მეთაურმა უნდა შეახსენოს მას სამსახურებრივი მოვალეობები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს დისციპლინური სასჯელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ქვეითი ბრიგადის მეთაურის ვ. ჩ-ას 2005 წლის 4 ივლისის პატაკიდან ირკვევა, მ. შ-ე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციონალურ მოვალეობას. აღნიშნული პატაკი საფუძვლად დაედო მ. შ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება კანონიერია, იგი გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 149-150).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანება მ. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, მ. შ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847 ბრძანებით (მე-16 პუნქტი) მ. შ-ე გათავისუფლდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის მოტივით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის _ 2005 წლის 8 ივლისის მდგომარეობით მოსარჩელე იმყოფებოდა შვებულებაში (ს.ფ. 13).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მ. შ-ის შვებულებაში ყოფნის გამო სადავო ბრძანების კანონდარღვევით გამოცემასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მითითებულ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი ადგენს საჯარო მოხელის შრომის უფლებების დაცვის მკაფიო გარანტიებს და ამ უფლებების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას განეკუთვნება გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვის დაწესება. მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი, აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის რედაქციის თანახმად, სამსახურიდან შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო, დაუშვებელი იყო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ»-»ი» ქვეპუნქტების საფუძველზე მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში. ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა მოხელის შვებულებაში ყოფნა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში მ. შ-ე სამუშაოდან გათავისუფლების მომენტში იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და ამდენად, შეჩერებული იყო მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, მაგრამ შეიარაღებული ძალების რიგებიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი არ ყოფილა შტატების შემცირება, განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგები. შეიარაღებული ძალების რიგებიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა სამსახურებრივი შეუსაბამობა, რის გამოც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ამკრძალავი ნორმა არასწორად შეუფარდა სადავო სამართალურთიერთობას. შესაბამისად, მცდარია სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლის დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მოსარჩელის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა და რომლის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, სამუშაოზე აღდგენის უპირობო საფუძველს არ წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ეცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გზით და სავალდებულოა, შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება გამოცემულია მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტების გამოკვლევის გარეშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ მიმართებით უპირობოდ გაიზიარა ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 4 ივლისის პატაკი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მ. შ-ე არ ასრულებდა თავის ფუნქციონალურ მოვალეობებს. სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობა, რომელი კონკრეტული მოვალეობის დარღვევა ედო საფუძვლად ქვეითი ბრიგადის მეთაურის პატაკს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია ყველა კონკრეტული გარემოება, მით უფრო, რომ საკითხი ეხებოდა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ძალებიდან დათხოვნას, რომელიც დადებითად ხასიათდებოდა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ჰქონდა «მადლობა».
მ. შ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლების მართლზომიერების დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ 1994 წლის 2 სექტემბრის ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების» მე-3 თავის 39-ე პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მეთაურმა უნდა შეახსენოს მას სამსახურებრივი მოვალეობები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეუფარდოს დისციპლინური სასჯელი, ამასთან, მას შეუძლია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ნებისმიერი სასჯელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი, რადგან მ. შ-ის ყოფილი მეთაურის ვ. ჩ-ას 2005 წლის 4 ივლისის პატაკიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც მითითებული წესდების მე-3 თავის 43-ე პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ მეთაური (უფროსი), რომელმაც ხელქვეითი თანამდებობიდან გადააყენა, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ თავის უშუალო მეთაურს (უფროსს) და პატაკში აღწეროს მიზეზები, რომლებმაც ხელქვეითის თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია, მეთაური (უფროსი), რომელიც უსაფუძვლოდ გადააყენებს ხელქვეითს თანამდებობიდან, პასუხს აგებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილების, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847-ე ბრძანება მ. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელის საკითხზე ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს მოსარჩელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების გზით. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას, უნდა გადაწყვიტოს მოსარჩელის დასაქმების საკითხი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ კანონი მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურებას არ უკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ სამსახურში მის უშუალო ყოფნას და მუშაობას. საჯარო მოხელის ხელფასი არ არის ხელფასი გამომუშავებაზე. თუკი მოხელე თავისი ბრალით, არასაპატიოდ არ იმყოფება სამსახურში, ასეთი შემთხვევა შეიძლება მითითებული კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ხელფასის დაკავების ან 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მისი სამუშაოდან გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველი. შემთხვევას, როდესაც მოხელე არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან და ადმინისტრაციის ბრალით ვერ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს, «საჯარო სამსახურის შესახებ», ისევე როგორც «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონი არ განიხილავს ხელფასის გაუცემლობის საფუძვლად.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელე ვერ განიხილება პირად, რომელმაც დაკარგა საჯარო მოხელისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, მას აღნიშნული სტატუსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული აქვს და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურების პერიოდში წყვეტა არ არის. შემდგომში მოხელის სამუშაოზე დარჩენისა თუ მისი გათავისუფლების საკითხი უკვე სამომავლო საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც გამოცემულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად და შესაბამისად, უნდა იყოს დასაბუთებული. ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდი ვერ მოექცევა სამოხელეო ურთიერთობების მიღმა და სამართლებრივი სიცარიელე მოხელის, ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან მიმართებაში ამ შემთხვევაში ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის ¹1847-ე ბრძანება მ. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. მ. შ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.