Facebook Twitter

¹ბს-401-380(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. შ.-ი, ლ. მ.-ი, ვ. ხ.-ი და სხვები, სულ 49 ფიზიკური პირი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინება

დავის საგანი _ ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

02.08.05წ. პ. შ.-მა, ლ. მ.-მა, ვ. ხ.-მა და სხვებმა, სულ 49 ფიზიკურმა პირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მესამე პირად დაასახელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და 37 300 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს. 07.02.06წ. მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ 35 382. 71 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 12.11.04წ. ¹505 ბრძანებულებით უნდა განხორციელებულიყო შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ბალანსზე რიცხული ჯავშანსატანკო და საარტილერიო საშუალებების და აგრეთვე იმ შეიარაღებისა და ტექნიკის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, რომლებიც არ გამოიყენებოდა შინაგანი ჯარების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლით, 2004 წლის 25 ნოემბრამდე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს უნდა წარმოედგინათ საქართველოს შინაგანი ჯარების იმ ქვედანაყოფების ნუსხა, რომელთა გადაცემაც გათვალისწინებული იყო თავდაცვის სამინისტროსათვის. საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულებით საქართველოს მთავრობას დაევალა და ამასთანავე «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი 2005 წლის იანვარშიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. მიუხედავად აღნიშნულისა, თავდაცვის სამინისტრომ არ აუნაზღაურა მათ იანვრის თვის კუთვნილი ხელფასი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილებით პ. შ.-ის, ლ. მ.-ის, ვ. ხ.-ის და სხვათა, სულ 49 ფიზიკური პირის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა დაბეგრილი ხელფასის სახით 2005 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულებით უნდა განხორციელებულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები არსებული საშტატო რიცხოვნებით უნდა გადასცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გადაცემული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინების უზრუნველყოფა. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 01 თებერვლამდე უზრუნველეყო გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება. «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი შინაგანი ჯარების ნაწილის თავდაცვის სამინისტროში გადასვლა, ამავე კანონის 43-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და მიეთითა სამინისტროს ქვედანაყოფების ძირითადი და აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელეები მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში, სამხედრო ნაწილში: ... ნ/..., რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულებით გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ბრძანებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვრიდან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დროიდან მოსარჩელეთა სამხედრო ქვედანაყოფი იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მოხელეებს, ხოლო «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.01.05წ. ¹2/5 ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 08.12.04წ. ¹566 ბრძანებულების მე-2 პუნქტის, 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულების მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტების შესრულების მიზნით შექმნილ მიღება-ჩაბარების ერთობლივ კომისიას, 2005 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყო როგორც მძიმე ტექნიკის, ინფრასტრუქტურის ობიექტების, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების მიღება-ჩაბარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 12.01.05წ. ¹4 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 08.12.04წ. ¹566 და 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილები არსებული საშტატო რიცხოვნობით უნდა გადასცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის დაფინანსებაც განისაზღვრა «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.02.05წ. ¹206 ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივლინებული სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ 2005 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ამორიცხულ იქნენ 27.12.04წ., ამასთან ¹... სამხედრო ნაწილი ...-ის სამხედრო მოსამსახურეებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო საქმიანობა და 2005 წლის იანვრის თვეში კვლავ ახორციელებდნენ საფრენოსნო დავალებებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის განკარგულების გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგელობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისევე როგორც ადმინისტრაციულმა კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ 2005 წლის იანვრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინსიტროს შორის ხორციელდებოდა თავდაცვის სამინისტროსათვის გადმოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების, მათ შორის ... ¹... ს/ნ-ის პირადი შემადგენლობის რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 13.01.05წ. ¹3/8-16ს წერილით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.02.05წ. ¹206 ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის 28.03.05წ. ბრძანებით. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნებით, რადგან მოსარჩელეები თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე დაინიშნენ თავდაცვის მინისტრის ¹206 ბრძანებით 2005 წლის 1 თებერვლიდან და მათ აღნიშნული აქტი სადავოდ არ გაუხდიათ. კასატორის განცხადებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ისინი საქმიანობას ახორციელებდნენ თავდაცვის მინისტრის დავალებების საფუძველზე.

საკასაციო პალატის 10.05.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკსაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, მათი აზრით, არ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.10.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში, სამხედრო ნაწილში: ... ნ/..., რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹616 ბრძანებულებით, ამავე ბრძანებულების დანართში მითითებულ სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ბრძანებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს. საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღნიშნული ბრძანებულების 1-ლი პუნქტით დადგინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების არსებული საშტატო რიცხოვნებით გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას დაევალა «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გადაცემული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინების უზრუნველყოფა. «2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი შინაგანი ჯარების ნაწილების თავდაცვის სამინისტროში გადასვლა, ამავე კანონის 43-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და მიეთითა სამინისტროს ქვედანაყოფების ძირითადი და აუცილებელი ხარჯები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული ქვედანაყოფების თანამშრომლების სამსახურში დანიშვნის ბრძანებები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული იქნა ეტაპობრივად. მოსარჩელეები საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.02.05წ. ¹206 ბრძანებით ამავე წლის 1 თებერვლიდან დაინიშნენ თანამდებობაზე. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.02.05წ. ¹113, 02.02.05წ. ¹110 ბრძანებები, რომლებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან მოვლინებული სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე 2005 წლის 1 იანვრიდან. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კასატორმა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოცემულმა სხვა ნაწილებმა მიიღეს იანვრის თვის ხელფასი(იხ. 28 ნოემბრის სხდომის ოქმი, მე-3 გვერდი). საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ მოსარჩელეები 2005 წლის იანვრის თვეში ასრულებდნენ საფრენოსნო დავალებებს და ეწეოდნენ სამხედრო სამსახურს. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სპეციალური კანონმდებლობა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმას არ შეიცავს. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფელბა აქვს. განსახილველ შემთხვევაში ¹... სამხედრო ნაწილის ...-ის სამხედრო მოსამსახურეებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო საქმიანობა და 2005 წლის იანვრის თვეში ახორციელებდნენ საფრენოსნო დავალებებს, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთი თვის, 2005 წლის იანვრის ხელფასის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.