ბს-402-381(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – მ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სამუშაზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 თებერვალს მ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა დუშეთის რაონულ სასამართლოს მოპასუხეების -დუშეთის რაიონის გამგეობისა და დუშეთის რაიონის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2002 წლის მარტიდან მუშაობდა დუშეთის რაიონის გამგეობაში, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტად. პარალელურად, გამგეობის 2002 წლის 24 აპრილის ¹54 დადგენილებით დაევალა სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება, რისთვისაც გაიარა რეგიონალური შესყიდვების კოორდინატორთა სემინარი.
2005 წლის 26 ოქტომბერს დუშეთის რაიონის გამგებლის ¹986 წერილით ეცნობა, რომ დუშეთის რაიონის გამგეობაში 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 1 სექტემბრის ¹04-03-19/193/15578 წერილი. დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 იანვრის დადგენილებით დუშეთის რაიონის საკრებულოს წარედგინა წინადადება დუშეთის რაიონის გამგეობის, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ, რაც უცვლელად იქნა მიღებული საკრებულოს 2006 წლის 9 იანვრის ¹76 გადაწყვეტილებით. მოსარჩელის განმარტებით, იგი აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, შტატების შემცირების მოტივით დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაცია სამუშაოდან გათავისუფლებისას ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც, შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ ორი ან მეტი პირი და, რომლის ოჯახშიც არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე.
მოპასუხემ 7 ..... სამსახურიდან გაათავისუფლა 4 ...., ხოლო მე-4 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღო ახალი თანამშრომელი, რომელმაც მუშაობაზე უარი განაცხადა. გამგეობაში არის ერთი სპეციალისტის ვაკანტური საშტატო ერთეული. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტები მიღებულია კანონდარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს მოსალოდნელი შემცირების შესახებ. დუშეთის რაიონის გამგეობას შტატების შემცირების საკითხი უნდა გადაეწყვიტა გაფრთხილებიდან ერთ თვეში, 2005 წლის 21 ნოემბრამდე, მან კი, თავისი ინიციატივით, გადაწია 2006 წლის 1 იანვრამდე. მოსარჩელის განმარტებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაფუძნებულია იმ აქტებზე, რომელთაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6011. მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონს, ასევე დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა დუშეთის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების, დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულებისა და დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 იანვრის ¹3 დადგენილების ბათილად ცნობას, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
მოპასუხეების - დუშეთის რაიონის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Yთქმა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება მიღებულია მიკერძოებით, უსაფუძვლოა, არ ემყარება კანონს და ლახავს მის კანონიერ უფლებებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მხარეები ჩააყენა არათანაბარ პირობებში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ ჩაიბარა, არ მიეცა საშუალება პასუხი გაეცა მოპასუხის პრეტენზიებისათვის. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მის გათავისუფლებას წინ უსწრებდა დუშეთის რაიონის გამგეობისა და რაიონის საკრებულოს მიერ რაიონის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცება. აღნიშნული დოკუმენტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. დაირღვა გამგეობის მიერ პროექტის წარდგენის წესი, ხოლო საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი 2006 წლის 9 იანვრის ¹76 გადაწყვეტილება არაა რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მისი გაფრთხილებისას არ იქნა დარღვეული მოქმედი კანონმდებლობა, რაც, აპელანტის განმარტებით, არამართებულია. გამგეობას რეორგანიზაცია შტატების შემცირებით უნდა დაემთავრებინა 2006 წლის 1 იანვრამდე. მისი გათავისუფლება კი მოხდა 2006 წლის 10 იანვარს, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 12 იანვარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიიღო ხელფასი. ხელფასი მიიღო იმიტომ, რომ მუშაობდა სრული მოცულობით და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ მისი გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ არ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით ,,სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ", ვინაიდან, მის კმაყოფაზეა ორი მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე. ოჯახში არა ჰყავს დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი. სხვა მოხელეებთან შედარებით გააჩნდა გამგეობაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი და შესაბამისი კვალიფიკაცია.
სასამართლოს მიერ ასევე უგულებელყოფილ იქნა მოსაზრება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მისი გათავისუფლების მომენტისათვის, 10 იანვრისათვის, არსებობდა წამყვანი სპეციალისტის ვაკანსია, რაც მისთვის ადმინისტრაციას არ შეუთავაზებია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მეუღლე დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე პირი იყო, რადგან 2003-2004-2005 წლებში იჯარით მიღებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 100,35 ჰა. აპელანტის განმარტებით, 100 ჰა მიწის ფართობი არის ალპური ზონის საძოვარი. ნაკვეთი მიღებულია 2003-2004 წლებში და არ არის სათანადოდ გაფორმებული. საძოვარი, თუნდაც 100 ჰა არ არის ის შემოსავლის წყარო, რომლითაც შეიძლება არჩინოს მცირეწლოვანი შვილები. მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით დუშეთის რაიონის გამგეობისა და დუშეთის რაიონის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგინდა დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა მ. დ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულების ბათილად ცნობა, დუშეთის რაიონის გამგეობის .... თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. დამატებით განმარტა, რომ არ ითხოვდა დუშეთის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებისა და დუშეთის გამგეობის 2006 წლის 4 იანვრის ¹3 დადგენილების ბათილად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.1 მუხლით (2006 წლის 10 იანვრისათვის მოქმედი რედაქცია), მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ¹2470 საქართველოს კანონში შეტანილი (ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან) დამატებებისა და ცვლილებების თანახმად, ამოღებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი და ამდენად, 2006 წლის 10 იანვარს, მოსარჩელის გათავისუფლებისას, აღნიშნული ნორმა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას, სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას აღარ ითვალისწინებდა. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31.3 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21. «დ" მუხლების თანახმად, დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34 მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მისი გათავისუფლებისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება და მიუთითა, რომ, როგორც დუშეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 სექტემბრის ¹175 დადგენილებით დასტურდება, მ. დ-ის ოჯახში არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი (მისი მეუღლე).
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს სავალდებულო რეკვიზიტებს, არ არის მითითებული ორგანო, რომელშიც შეიძლება მისი გასაჩივრება, მისამართი და გასაჩივრების ვადა არ წარმოადგენს კანონის (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების) ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის I და II პუნქტებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დუშეთის რაიონის გამგეობაში განხორციელდა თანამდებობათა შემცირება, რის შესახებაც მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108.1 მუხლის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ რეორგანიცაზიის შემდეგ შემცირდა მთავარი სპეციალისტის შტატი და აღარ არ არსებობდა ის თანამდებობა (....), რომელიც მოსარჩელეს ეკავა გათავისუფლებამდე. სადავო განკარგულება კი გამოცემულ იქნა უფლებამოსილი პირის, დუშეთის რაიონის გამგებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარში ძირითადად იმავე გარემოებებზე მიუთითებდა, რაზეც სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დუშეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹986 წერილის საფუძველზე, ამავე გამგეობის .... მ. დ-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა მომავალი რეორგანიზაციის შესახებ შტატების შემცირებით.
დუშეთის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹368 გადაწყვეტილებით დამტკიცებული, დუშეთის რაიონის გამგეობის, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, საჯარო თანამდებობათა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად, დუშთის რაიონის გამგეობის და საკრებულოს სტრუქტურა განისაზღვრა 28 საშტატო ერთეულით, ხოლო ამავე საკრებულოს 2006 წლის 10 იანვრის ¹76 გადაწყვეტილებით დამტკიცებული, დუშეთის რაიონის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესაბამისად _ 18 საშტატო ერთეულით. საშტატო განრიგში გათვალისწინებული არ იქნა .... თანამდებობა.
დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულებით, დუშეთის რაიონის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის .... მ. დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენებისა თუ მისი მცდარი განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის 96.2 მუხლის რედაქციაში 2006 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ამოღებულ იქნა ის მავალდებულებელი ნორმა, რომელიც შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაციას უკრძალავდა მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ მოხელის მიმართ დაცული არ იქნებოდა სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება.
კასატორის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია, დაწესებულბის რეორგანიზაციისას, როცა მას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შესაძლებლად მიიჩნევს ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გამგეობაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და ზემოაღნიშნულ მუხლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო კასატორის სამსახურიდან დათხოვნა მოეხდინა სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციის მხრიდან დარღვეულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ კასატორის სამსახურიდან დათხოვნა არ მოხდა გაფრთხილების ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ იმავდროულად, აღნიშნული ვერ ჩაითვლება კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან მას კომპენსაციასთან ერთად მიღებული აქვს ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რითიც დაცულია იმავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის (2 თვის თანამდებობრივი სარგო) გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დუშეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის ¹9 განკარგულებასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და თვლის, რომ სახეზე არ არის მითითებული აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, რაც ამ ეტაპზე ქმნის სამსახურში აღდგენის თაობაზე კასატორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის დამატებით საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.