ბს-402-386(კ-08) 22 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. გ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის – ს. ჩ-ის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირის – მ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 21 იანვრის აუქციონის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 1; 4; ტ.I/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო /იხ. ს.ფ. 77-79; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 6; ტ.II/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარა ჩხეიძისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 23-25; ტ. II/.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება /იხ. ს.ფ. 32-33; ტ.II/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას /იხ. ს.ფ. 58-61; ტ. II/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 85-88; ტ.II/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას /იხ. ს.ფ. 93-100; ტ.II/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ. ს.ფ. 102-103; ტ.II/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მხარეების მიერ წარმოდგენილი არ იქნა.
2008 წლის 10 ივნისს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასტორმა _ მ. გ-მა სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის შესახებ /იხ. ს.ფ. 119; ტ.II/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 129-130; ტ.II/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ. ს.ფ. 102-103; ტ.II/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. გ-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.