¹ბს-403-382(კ-07) 18 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა-
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ს.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. ი. დ.-ი; 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 5 დეკემბერს ე. ს.-მ სარჩელი აღძრა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი. დ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა და კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების მინიჭება შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გამოეყო მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო მაღაზიის მშენებლობა, რაზეც გააჩნდა მარნეულის რაიონის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამმართველოს ნებართვა. მოსარჩელის მიწის ნაკვეთში შეიჭრა მის მეზობლად მცხოვრები მოპასუხე ი. დ.-ი და მიისაკუთრა მშენებარე მაღაზია და მოსარჩელეს არ ეძლევა მშენებლობის გაგრძელების საშუალება. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ი. დ.-ს არ გააჩნია რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხის უფლების არსებობა (იხ. ს.ფ. 2-3).
მარნეულის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ი. დ.-მ ე. ს.-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეული სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ.-ის სოფლის საკრებულოს გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ე. ს.-ზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, შემდეგი საფუძვლით:
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, მარნეულის რაიონის სოფელ .ლ.-ში ფლობს მიწის ნაკვეთს, რაც დასტურდება მის სახელზე 1999 წლის 16 მაისს გაცემული მიწის ¹327 სარეგისტრაციო მოწმობით. 1999 წელს ი. დ.-ის თანხმობით, მისი მიწის ნაკვეთის გვერდით, ე. ს.-ის მხარეს, დაიდგა ჯიხური დროებით, სანამ აღნიშნული ჯიხური არ დასჭირდებოდა დ.-ს მაღაზიის მშენებლობისათვის. მაგრამ დათქმული პირობის მიუხედავად, ე. ს.-მ დაიწყო მაღაზიის მშენებლობა, რითაც შეილახა შეგებებული მოსარჩელის ინტერესები, რადგან ი. დ.-საც განზრახული ჰქონდა მაღაზიის მშენებლობა.
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, მიწის რეგისტრატორის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, რადგან გაიცა ორი სარეგისტრაციო მოწმობა. შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის მოსაზრებით, მის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არა აქვს იურიდიული ძალა და დაირღვა მისი უფლებები, რადგან მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნებართვა მისცა სხვა პირს. აღნიშნულის მიუხედავად ქ.-ის გამგეობამ არ მიიღო ზომები სადავო საკითხის გადასაწყვეტად და ერთსა და იმავე ფართზე არსებობს ორი სარეგისტრაციო მოწმობა, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უფრო გვიან გაცემული მოწმობა /იხ. ს.ფ. 21-22/.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ისახან დერზიევის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მარნეულის რაიონის სოფელ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ს.-ს ნება დაერთო განეხორციელებინა მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე 30მ2 მიწის ნაკვეთზე მაღაზიის მშენებლობა. 1999 წლის 21 დეკემბერს შ. ს.-ზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა იჯარით აღებულ 30მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. სადავო მიწის ნაკვეთი 2001 წლის 26 ნოემბერს მიწის სარეგისტრაციო ¹430/230/01-ით დარეგისტრირდა ე. ს.-ის სახელზე, როგორც მესაკუთრეზე და სადავო მიწის ნაკვეთის შემსყიდველზე. 2003 წლის 11 სექტემბერს კი ე. ს.-ის სახელზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოქმედებები ქ.-ის საკრებულოს, ასევე მიწის მართვის სამმართველოს მხრიდან განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება და არც მიწის მართვის სამმართველოში არ არსებობს არავითარი საბუთი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის, ასევე ხელშეკრულება მიწის შესყიდვის შესახებ. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის /იხ. ს.ფ. 40-41/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
მარნეულის რაიონის სოფელ ქ.-ის 1998 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელემ იყიდა 30მ2 მიწის ნაკვეთი. 2003 წლის 11 სექტემბერს სადავო მიწის ნაკვეთზე აიღო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹439/230. მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება, რაც დაადასტურა 2003 წლის 8 სექტემბრის ¹334/427 მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობით. აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობა ირიცხება ვინმე გასახან გასანოვზე, რაც დადასტურებულია მარნეულის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2004 წლის 29 იანვარს გაცემული წერილით. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, შეიქმნა მიწების აუქციონით გამცემი კომისია. ამდენად, 1998 წლის 20 აგვისტოს, როდესაც მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთი შეისყიდა, აუქციონი არ არსებობდა. ამასთან, მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 26 თებერვლის ¹28 წერილით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის მოსარჩელე ე. ს.-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის განჩინებით ე. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 191-195/.
რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებულმა მოსარჩელემ გაზარდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და მისი თანამდევი შედეგების გაუქმება (იხ. ს.ფ. 264-265).
ე. ს.-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ი. დ.-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 267-275).
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე – ისახან დერზიევის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი და მოპასუხეს აეკრძალა ხელშემშლელი მოქმედება; ისახან დერზიევს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მარნეულის რაიონის სოფელ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ე. ს.-ს მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში გამოეყო 30მ2 მიწის ნაკვეთი და მაღაზიის მშენებლობის ნება დაერთო. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1999 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც იჯარით აღებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2001 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹439/230/01.
სასამართლოს განმარტებით საქმეზე დართული ფოტოსურათებით, დათვალიერების ოქმითა და მოწმეების ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სხვადასხვა ადგილას, რის გამოც მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მისი ნაკვეთის შემადგენელი ნაწილია, საფუძველს მოკლებული იყო. ამასთან, მარნეულის რაიონის გამგეობის მიერ 2003 წლის 8 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელსაც ერთოდა საკადასტრო რუკა, რომელიც ადგილზე დათვალიერებულ რეალობას არ შეესაბამებოდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობა, რის გამოც სასამართლო ვერ გასცდა მოთხოვნის ფარგლებს /იხ. ს.ფ. 276-279/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისახან დერზიევმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის სახელზე გაცემული იყო სადავო მიწის ფართობზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იყო ყალბი, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული ზონა და ნაკვეთის ნომერი, სადაც სადავო მიწის ნაკვეთია განთავსებული. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად და, შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული /იხ. ს.ფ. 285/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი შეგებებული სარჩელის _ 2003 წლის 11 სექტემბრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობისა და ე. ს.-სათვის მიწის გადაცემის ნაწილში სოფელ ქ.-ის საკრებულოს 1996 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო ე. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე შეჩერდა საქმის წარმოება /იხ.ს.ფ. 36-39; ტ.II/.
ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ ე. ს.-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 100).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ისახან დერზიევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. დ.-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. დ.-ის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის სოფელ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს დადგენილება, ე. ს.-ის სახელზე 2003 წლის 11 სექტემბერს გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერი მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ე. ს.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მარნეულის რაიონის სოფელ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილებით ე. ს.-ს გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30მ2 მიწის ფართობი მაღაზიის ასაშენებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2001 წლის 26 ნოემბერს მოხდა ე. ს.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე 2003 წლის 11 სექტემბერს ე. ს.-ის სახელზე გაიცა საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების შესაბამისად, რის საფუძველზეც მოხდა ე. ს.-ის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, ე. ს.-ის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ორჯერ, სხვადასხვა საფუძვლით. 2003 წლის 11 სექტემბრის სარეგისტრაციო მოწმობაში სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციად მითითებულია როგორც არასასოფლო-სამეურნეო, ხოლო საკადასტრო გეგმით, რომელიც თან ერთვის სარეგისტრაციო მოწმობას და მისი შემადგენელი ნაწილია, სადავო მიწის ნაკვეთი აღნიშნულია როგორც საკარმიდამო, ანუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფუნქციის.
სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილება ე. ს.-სათვის სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ვინაიდან საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით და საკადასტრო რუკის თანახმად, სადავო მიწა იყო სასოფლო-სამეურნეო ფუნქციის დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობაში გადაცემაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად დაუშვებელი იყო, თუ არ მოხდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების 1-ლი მუხლის მიხედვით, დეპარტამენტი ახორციელებდა მმართველობით ფუნქციას მიწის ერთიანი ფონდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამავე დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, მის ერთ-ერთ ძირითად კომპეტენციას წარმოადგენდა მიწის დანიშნულების შეცვლა. საქმის მასალებში კი არ იყო წარმოდგენილი მიწის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის შესახებ /იხ. ს.ფ. 112-116/.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ს.-ის წარმომადგენელმა მ. ი.-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 134-139/.
კასაციის მოტივი:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 2003 წლის 10 სექტემბრის ¹107 დადგენილებით მოპასუხე ისახან დერზიევის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 30მ2 მიწის ფართობი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გადაყვანილ იქნა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად მაღაზიის ასაშენებლად, კერძოდ, ისახან დერზიევის სააღრიცხვო ბარათები უბეჭდოა, არ არსებობს 30მ2 ნაკვეთზე საკადასტრო რუკა. ასევე, დადგენილია, რომ ე. ს.-ზე გადაცემული მიწის ნაკვეთი წარმოდგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასეთი სახით გადაეცა მას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში იქნა რეგისტრირებული 2001 წლის 26 ნოემბერს. კასატორის მითითებით, სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომით ჩაიწერა ს.-ის ნაცვლად ნამაზოვი. 2003 წლის 11 სექტემბერს აღნიშნული მოწმობა გაიცა განმეორებით, უკვე ს.-ის გვარზე, რის შესახებაც რეგისტრაცია აღარ გაკეთებულა.
ამასთან, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, შეიქმნა მიწების აუქციონით გამცემი კომისია. ამდენად, 1998 წლის 20 აგვისტოს, როდესაც მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთი შეისყიდა, აუქციონი არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე ე. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საერთოდ არ გამოიყენა კანონი და სამართლებრივად არ შეაფასა იგი, არ მიუთითა რომელი კანონი გამოიყენა რაიონულმა სასამართლომ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ე. ს.-ის სახელზე მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე სადავო 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ორჯერ სხვადასხვა საფუძვლით და ორივე შემთხვევაში საკუთრების უფლება წარმოეშვა უკანონოდ. აღნიშნულის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების მოწმობაში სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციად აღნიშნულია არასასოფლო-სამეურნეო, ხოლო საკადასტრო გეგმაში – საკარმიდამო. უფრო მეტიც, მხოლოდ აღნიშნული გარემოება დაუდო საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილების არაკანონიერად მიჩნევას და ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით და ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ე. ს.-ს ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილებით გამოეყო მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მაღაზიის ასაშენებლად, რაც ასევე დადგენილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ. 1999 წლის 21 დეკემბერს იჯარით აღებული 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შ. ს.-ზე, ხოლო 2001 წლის 26 ნოემბერს ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილების საფუძველზე _ ე. ს.-ზე. 2003 წლის 11 სექტემბერს ე. ს.-ის სახელზე გაიცა ¹432/230/01 საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2004 წლის 24 ივნისს ე. ს.-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრიდა მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. ს.-ის სახელზე სხვადასხვა საფუძვლებით ორჯერ მოხდა სადავო მიწის რეგისტრაცია, რადგან 2003 წლის რეგისტრაცია 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილების შედეგად განხორციელებული ქმედებების თანამდევი შედეგი იყო. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის გ. დორეულის მიერ 2005 წლის 24 იანვარს გაცემული ¹12 მიმართვის თანახმად, 2001 წლის 26 ნოემბერს ე. ს.-ის სახელზე საკუთრების მოწმობაში შეცდომით ს.-ის ნაცვლად ნამაზოვის მითითების გამო 2003 წლის 11 სექტემბერს გაიცა საკუთრების მოწმობა განმეორებით, რის გამოც ახალი რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულებაზე, რადგან მითითებული ბრძანებულებით მოხდა მხოლოდ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების ფორმის დამტკიცება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის საკასაციო პრეტენზია, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მიღების შემდეგ, ე. ს.-მა 1999 წლის 20 თებერვალს შეისყიდა სადავო მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ 1999 წლის 21 დეკემბერს, ხოლო 2001 წლის 26 ნოემბერს გაიცა საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹439/230/01.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ საკადასტრო რუკაში სადავო მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეჟიმად საკარმიდამოს მითითება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმგვარი დასკვნის გასაკეთებლად, რომ ე. ს.-ს საკუთრების უფლება წარმოეშვა უკანონოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის 2003 წლის 11 სექტემბრის ჩანაწერს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრებულოს სადავო გადაწყვეტილებაში, ე. ს.-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შესყიდვის საბუთში, 1999 წლის 21 დეკემბრისა და 2001 წლის 26 თებერვლის საჯარო რესტრის ჩანაწერებში მითითებულია, რომ სადავო 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და შეცდომით მიეთითა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსად საკარმიდამო, ხოლო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ცნო ბათილად გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილება თანამდევი შედეგებით. ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიჩნია დადგენილად, რომ სადავო 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის ი. დ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უარყო რაიონული სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ს.-სთვის მაღაზიის მშენებლობის მიზნით გამოყოფილი 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი. დ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოება რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებების, ადგილზე დათვალიერებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაიზიარა რა რაიონული სასამართლოს მოსაზრებები და დასკვნები, არ მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე, გადაწყვეტილებაში არ აუსახავს მოსაზრებები და დასკვნები, რომლებიც უარყოფდა აღნიშნულ გარემოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, დაადგინოს ე. ს.-სათვის ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილებით მაღაზიის მშენებლობისათვის გამოყოფილი მარნეულის რაიონის სოფელ ლ.-ში მდებარე 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა ი. დ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, რადგან რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმეების – სოფელ ქ.-ის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ასევე საკრებულოს ყოფილი საქმის მწარმოებლის ჩვენებებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ი. დ.-ის მიწის ნაკვეთიდან დაშორებულია 7 მეტრით და არავითარი საერთო არა აქვს ი. დ.-ის საკარმიდამო ნაკვეთთან. აღნიშნული დასტურდება ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმით. ასევე საქმის მასალების თანახმად, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მოხელეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე და გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა 2003 წლის 8 სექტემბერს ი. დ.-ის სახელზე გასცა ყალბი საკუთრების მოწმობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთი შედის თუ არა ი. დ.-ის საკარმიდამო ნაკვეთში და სადავო და ი. დ.-ის სახელზე დარეგისტრირებული 30 კვ.მ მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ თუ არა ერთსა და იმავე მიწას, რადგან აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება საქმის მასალებით და საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლევასა და შეფასებას.
მითითებულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ი. დ.-ის სახელზე მარნეულის რაიონის გამგეობის 2003 წლის 10 სექტემბრის ¹10/7 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მარნეულის რაიონის გამგეობის მითითებული დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა ი. დ.-ის თხოვნა და მისი საკარმიდამო მიწიდან 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაყვანილ იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად და გამოეყო მაღაზიის ასაშენებლად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც რაიონული სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი. დ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, ეჭვქვეშ დგება საკითხი ე. ს.-ისა და ი. დ.-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ თუ არა ერთსა და იმავე მიწას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით და სათანადო მტკიცებულებათა შეგროვების, საქმეში წარმოდგენილი და რაიონული სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად უნდა გამოიკვლიოს ზემოთ მითითებული გარემოებები და გააკეთოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოების დადგენის შედეგად, წარმოადგენს თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი ი. დ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და აღნიშნული საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შედეგად, უნდა იმსჯელოს ე. ს.-სათვის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფით ილახება თუ არა ი. დ.-ის კანონიერი უფლებები და ადგება თუ არა ზიანი მის ინტერესებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ უნდა იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე და შეამოწმოს ქ.-ის საკრებულოს 1998 წლის 20 აგვისტოს ¹15 გადაწყვეტილებისა და მისი თანამდევი შედეგების კანონიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორ ე. ს.-ის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელი და დასაშვებია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.