¹ბს-403-387(კ-08) 26 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 27 ივლისს ი. უ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ნიკორწმინდის სატყეო უბნის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 მარტის ¹178 ბრძანების საფუძველზე, ამავე სამინისტროს მიერ გაცემულ იქნა ხე-ტყის დამზადების ¹00027 სპეციალური ლიცენზია, რომლითაც მას გადაეცა ამბროლაურის სატყეო მეურნეობაში, ნიკორწმინდის სატყეო უბანში (კვარტალი ..., უბანი ...) 23 ჰა. მოსაპოვებელი რესურსების რაოდენობა განისაზღვრა 2008 მ3-ით. ხსენებული ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 15 აპრილიდან 2007 წლის 15 აპრილამდე. მოსარჩელე აღნიშნული ლიცენზიის პირობების სრული დაცვით ახორციელებდა საქმიანობას 2006 წლის 24 ოქტომბრამდე და ნიკორწმინდის სატყეო უბნიდან მოჭრა და გამოიტანა 669 მ3 სამასალე და საშეშე ტყის რესურსი, ხოლო გამოსატანი დარჩა 1339 მ3 ტყის რესურსი. თავდაპირველად, მძიმე კლიმატური პირობების, ხოლო შემდეგ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოსა და ნიკორწმინდის სატყეო უბნის უფროსების ბრალეული ქმედებების გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო ტყეკაფში და ემოქმედა დასახელებული ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ 2007 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს უფროსს, მაგრამ წერილობითი პასუხი არ მიუღია, რის შემდეგაც 2007 წლის 30 მარტს მიმართა ნიკორწმინდის სატყეო უბნის უფროსს და მოითხოვა ტყეკაფში შესვლა და იმავე ლიცენზიით გათვალისწინებული, დარჩენილი მასალის მოჭრა და გამოტანა. ნიკორწმინდის სატყეო უბნის უფროსმა მოსარჩელეს წერილობით, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, განუმარტა, რომ, რადგან მას გადაბარებული არ ჰქონდა ტყეკაფები, არ ჰქონდა უფლება, შეეშვა იგი ტყეკაფში. თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, მოსარჩელემ იმავე მოთხოვნით კვლავ მიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს უფროსს 2007 წლის 2 აპრილსა და 2 მაისს და ამასთან, განუმარტა, რომ ტყის ფონდის ზეზეური ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის ბიუჯეტში ჩარიცხული ჰქონდა 25000 ლარი, საიდანაც ათვისებული ჰქონდა 10567 ლარის ღირებულების რესურსი, ანუ ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა შეტანილი 14433 ლარი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველომ მოსარჩელეს პასუხად აცნობა, რომ ტყეკაფი იმ დროისათვის გადაბარებული არ იყო რეინჯერზე და შესაბამისად, არ მიეცემოდა მასში შესვლისა და ლიცენზიის შესაბამისად, სარგებლობის უფლება.
ზემოაღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელემ თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტს და მოითხოვა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად სარგებლობა, რაზეც უარი მიიღო და არ დაკმაყოფილდა მისი კანონიერი მოთხოვნა. 2007 წლის 18 მაისს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვა იმავე ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ნიკორწმინდის სატყეო უბანში დარჩენილი რესურსების ათვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ვადის აღდგენა, რომლის განმავლობაშიც მას ხსენებული სატყეო სამმართველოს ბრალეული ქმედების შედეგად, არ უსარგებლია.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ¹05/01-16/1668 პასუხი წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის _ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს მიეცემოდა შესაძლებლობა, ესარგებლა ლიცენზიის პირობების შესაბამისად _ მოეპოვებინა რესურსი, მოეჭრა და გამოეტანა დარჩენილი 1339 მ3 სამასალე და საშეშე ტყის რესურსი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლიცენზიით სარგებლობისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენა _ ლიცენზიის ვადის 5 თვითა და 23 დღით აღდგენა (გაგრძელება); რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოსა და ნიკორწმინდის სატყეო უბნისათვის ქმედების განხორციელების დავალება _ მოსარჩელისთვის არანაირად არ შეეშალათ ხელი ლიცენზიით გათვალისწინებული ტყის ფონდის ზეზეური ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობაში.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ნიკორწმინდის სატყეო უბანი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ¹7-1-13 სარეინჯერო კვარტლით.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. უ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვადის აღდგენის საკითხი დარჩა გადაუწყვეტელი და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იმავე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს, რეინჯერ თ. ჯ.-ს დაევალათ ლიცენზიის ვადის აღდგენის შემთხვევაში, ხელი არ შეეშალათ მოსარჩელისათვის ლიცენზიით გათვალისწინებული ტყის ფონდის ზეზეური ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობაში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლიცენზიის აღდგენის ნაწილში სადავო საკითხი უნდა დარჩენილიყო გადაუწყვეტელი და ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის 2007 წლის 3 ივლისის ¹05/01-16/1388 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ლიცენზიის ვადის აღდგენაზე და იმავე ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იყო ადმინისტრაციული წარმოების არსებითი დარღვევით, კერძოდ, დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა _ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული საჩივარი განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო 1 თვის ვადაში. მოსარჩელე ი. უ.-მ ხსენებულ დეპარტამენტს განცხადებით მიმართა 2007 წლის 18 მაისს, მას კი აღნიშნულზე პასუხი გადაეცა 2007 წლის 3 ივლისს. მთლიანად იყო დარღვეული ამავე კოდექსის 194-ე მუხლი, რასაც ადასტურებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები. ხსენებული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ლიცენზირებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენებოდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ამ კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამართულიყო ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ამავე კოდექსის 110-112-ე მუხლების დებულებები. დასახელებული მასალები ადასტურებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-112-ე მუხლების მოთხოვნები მთლიანად იყო უგულებელყოფილი.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვეული იყო ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნა _ დაცული არ იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა. ლიცენზია გაიცემოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლიცენზიის ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ კი მიღებულ იქნა არა ბრძანება, არამედ მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია ცნობის სახით, რომელიც მიღებული იყო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის დავალდებულებისა და ვადის აღდგენის საკითხის განუხილველად დატოვების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ი. უ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იმავე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ი. უ.-ს სახელზე გაცემულ იქნა ხე-ტყის დამზადების ¹00027 სპეციალური ლიცენზია, იმავე სამინისტროს 2006 წლის 14 მარტის ბრძანების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეს გადაეცა ამბროლაურის სატყეო მეურნეობაში, ნიკორწმინდის სატყეო უბანზე 23 ჰა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის 2007 წლის 3 ივლისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, იმდენად, რამდენადაც ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენებოდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესები, რა დროსაც, ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, უნდა გამართულიყო ზეპირი მოსმენა და მასში მონაწილეობა მიეღო და საკუთარი აზრი წარედგინა დაინტერესებულ პირს ხსენებული კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ი. უ.-ა, რომელიც მიწვეული არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად კანონით დადგენილი წესით და მას შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოთ მითითებული მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ეთქვა უარი ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტს, ვინაიდან “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების" მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ" ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი იყო ამ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის კომპეტენციაშიც არ შედიოდა ლიცენზიის გაცემა. “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის ¹1020 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ამავე სამინისტროს დავალდებულების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა კანონის არასწორი განმარტება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს კანონმდებლობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის ¹05/01-16/1388 წერილობითი პასუხი შეუძლებელია ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, მაშინ, როდესაც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹132 დადგენილებით დამტკიცებული “ტყითსარგებლობის ლიცენზიის წესისა და ნებართვის შესახებ დებულება" არ ითვალისწინებს ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.
კასატორის მტკიცებით, საფუძველს არის მოკლებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დარღვევაზე აპელირება, მაშინ, როდესაც აღნიშნული მუხლი შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადებს, ხოლო ასეთი საჩივარი ამავე სამინისტროში წარმოდგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების 1-თვიანი ვადა. ხსენებული კოდექსის 115-ე მუხლი კი გულისხმობს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ლიცენზირებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის, რის საჭიროებაც არ არსებობდა.
კასატორის განმარტებით, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნები საერთო განსჯადობასთან მიმართებაში, რამდენადაც საერთო განსჯადობის მიხედვით, სარჩელის წარდგენა და საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადგილსამყოფლის მიხედვით. გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა და სასამართლომაც ერთ-ერთ მოპასუხედ ცნო არა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, არამედ მისი სტრუქტურული ერთეული _ ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ამ სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული უფლება-მოვალეობები განეკუთვნება ამავე სამინისტროს კომპეტენციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 26 ივნისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.