ბს-40-40(კ-08) 9 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. გ-ა
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. გ-ამ 20.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 990.39 ლარის და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 742.2 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1996 წლის 13 თებერვლიდან 2003 წლის 25 თებერვლამდე მსახურობდა ¹22662 სამხედრო ნაწილში. სამსახურიდან დაითხოვეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სამსახურიდან დათხოვნის დროს სამინისტროს მის მიმართ გაუცემელი დარჩა ხელფასის, კვების, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხა, კერძოდ: ხელფასის _ 286.32 ლარი, კვების _ 403.16 ლარი, მატერიალური დახმარების _ 66.96 ლარი, ჯილდოს _ 233.95 ლარი, სულ _ 990.39 ლარი. მიუღებელი დარჩა ასევე სანივთე ქონების კომპენსაცია _ 742.20 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მრავალგზის მიმართვისა, მის მიმართ არსებული დავალიანება არ აუნაზღაურებიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.07.07წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 990.39 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 914.72 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაქყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.07.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვიოს სანივთე ქონების კომპენსაციის 914.72 ლარის დაკისრების ნაწილში; თ. გ-ას სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 990.39 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც მუშაობდა მოხელე. შესაბამისად, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ას მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე შეეხებოდა 2000-2002 წლების დავალიანებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹22662 სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობა ¹13 ადასტურდებდა ვალის აღიარების ფაქტს, რამდენადაც აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათის იყო და ადასტურდებდა არა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ 08.06.07წ. გაცემულია წერილი ¹9/1639, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეებს ცნობები მიუღებელი ფორმის შესახებ უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა, რასაც ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე სანივთე ქონების სანაცვლოდ გასაცემი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასცა რა ცნობა თ. გ-ას მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე, ამით არ მომხდარა ვალის აღიარება, რაც შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თ. გ-ამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდს გამოეყენებინა. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 1996-2003 წლების დავალიანების ანაზღაურება, რომლიდან ხელფასს შეადგენდა 286.32 ლარი, კვების კომპენსაციას _ 403.16 ლარი, მატერიალურ დახმარებას _ 66.96 ლარი და ჯილდოს _ 233.95 ლარი. კასატორმა მიუთითა, რომ ხელფასის მიღების უფლების წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, ხოლო 94-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტით ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, შრომითი ანაზღაურება (ხელფასი) წარმოადგენდა ადმინისტრაციის მიერ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოში უნდა წარედგინა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კნონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, კერძოდ, ყოველი თვის ხელფასის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან ერთ თვეში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში _ სამი წლის ვადაში, თანახმად სსკ-ის 129-ე მუხლისა.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ კვების, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხა არ შედის ხელფასში. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სასურსათო ულუფა გაიცემა ყოველთვე ფულად სარგოებთან ერთად. ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. სსკ-ის 129-ე მუხლით ამგვარ ვალდებულებებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას მითითებული კომპონენტების ნაწილში უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ცნობები დავალიანების აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ცნობები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო.
თ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.11.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.08წ. განჩინებით თ. გ-ას საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 397.1 მუხლით შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანისათვის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.06.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 403.16 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თ. გ-ას სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 403.16 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. გ-ას სარჩელი მიუღებელი სახელფასო დავალიანების, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით ან უკიდურეს შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა მოხდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. გ-ა გათავისუფლდა 25.02.03წ., შესაბამისად, მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა მოხდეს საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹22662 სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობები არ ადასტურებს ვალის აღიარებას, ვინაიდან ინფორმაციულ ხასიათს ატარებენ და მოწმობენ არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი. ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. დავალიანების აღიარებას არ ადასტურებს აგრეთვე შეიარაღებული შტაბის გენშტაბის 28.12.05წ. ¹1214 წერილი, რომელიც უთითებს რიცხული დავალიანებების გაცემაზე არა მოპასუხის, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, უკანასკნელის წარმომადგენლობის უფლებამოსილება წერილის ავტორს არ გააჩნდა. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ იწვევს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის განცხადებებით არაერთი მიმართვის ფაქტი თავდაცვის სამინისტროსადმი, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს იმ სახელმწიფო ორგანოსათვის მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადებით მიმართვას, რომელსაც აქვს დავის გადაწყვეტის იურისდიქცია, ხსენებული მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად არ ითვალისწინებს პირის მოვალისადმი, მოპასუხისადმი განცხადებით მიმართვას. რაც შეეხება საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 08.06.07წ. ¹9/1639 წერილს, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე ჰპირდება თ. გ-ას, რომ ხელფასის ანაზღაურება განხორციელდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, აღნიშნული წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის დეფინიცია, ამ ნორმის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. ამავე კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებულია მოხელისათვის დანამატის გაცემის ისეთი ფორმა, როგორიცაა ერთდროული ფულადი ჯილდო. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების ფორმა _ ერთდროული ფულადი ჯილდო. ამდენად, ფულადი ჯილდო წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ დანამატს, რომელიც თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შეადგენს ხელფასის შინაარსს. მოხელის ხელფასის განმსაზღვრელ, კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანამატის შესახებ მითითებულია ასევე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტში, რომლის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლი აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურისათვის სასურსათო ულუფის და ფორმის თანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, კვების და სანივთე ქონების კომპენსაციაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 08.06.07წ. ¹9/1639 ცნობა სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. შესაბამისად, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1996-2003 წლების კვების კომპენსაცია 403.16 ლარი, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ 403.16 ლარის თ. გ-ას სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში თ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 08.11.07წ. გადაწყვეტილება თ. გ-ას სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 587.23 ლარის (მათ შორის ხელფასის _ 286.32 ლ., მატერიალური დახმარების _ 66.96 ლ., ჯილდოს _ 233.95 ლ.) ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოსაკვლევად საქმის დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 403.16 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. თ. გ-ას სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის 403.16 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების _ 587.23 ლარის (ხუთასოთხმოცდაშვიდი ლარისა და ოცდასამი თეთრის) დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.