Facebook Twitter

ბს-404-383(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 19 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ნ-ემ მოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ი. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 15 ივნისის დადგენილების გაუქმება, რომლითაც ყადაღა მოეხსნა ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹2/41-ში მდებარე ი. ა-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქუთაისის სასამართლოს 1991 წლის 25 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, .... ქუჩაზე მდებარე ¹2/41 საცხოვრებელ სახლში მ. ნ-ეს დამოუკიდებელი სარგებლობის უფლებით გამოეყო 9.08კვ.მ ფართის მქონე ერთი ოთახი მიმდებარე აივნით. აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით მოსარჩელეს, ზ. ნ-ესა და ი. ა-ეს შორის ჯერ კიდევ 1991 მომდინარეობდა დავა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, თუმცა ამის მიუხედავად 2005 წლის 15 ივნისს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სადავო ბინაზე ყადაღა მოხსნა. აღნიშნულით აღმასრულებელმა დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. ამასთან, აღმასრულებელმა დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლება და არ აცნობა მას სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, არ ჩააბარა დადგენილება, რომლის გასაჩივრების უფლებაც ჰქონდა. ასეთ დადგენილებას აღმასრულებელი მოსარჩელეს ვერც ჩააბარებდა, რადგან 2004 წლის 3 იანვარს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე, რასაც ადასტურებდა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობები, ასევე ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ¹... განყოფილების უბნის უფროსის ინსპექტორის მიერ შედგენილი ბინის შემოწმების ოქმი (ს.ფ. 2-3).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ე-ის კერძო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 აგვისტოს და 25 აგვისტოს განჩინებები. ყადაღა მოეხსნა ქუთაისში, .... ქ. ¹2/41-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, რომელიც ირიცხება ლ. ე-ის შვილის ი. ა-ის სახელზე. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე.

აღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2005 წლის 15 ივნისს და შესაბამისად, განჩინება აღსრულდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (ს.ფ. 48-49).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისე უთხრა უარი, რომ არ მოუსმინა მხარეებს, არ გამოითხოვა სააღსრულებო საქმე, შესაბამისად, არ შეამოწმა აღსრულების კანონიერება, მით უფრო, როცა მის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება.

საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელმა დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-15, მე-19, 25-29-ე, 36-ე მუხლის «დ» პუნქტის, ასევე 37-ე მუხლის მოთხოვნები (ს.ფ. 53).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ე-ის კერძო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 აგვისტოს და 25 აგვისტოს განჩინებები. ყადაღა მოეხსნა ქუთაისში, .... ქ. ¹2/41-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, რომელიც ირიცხება ლ. ე-ის შვილის ი. ა-ის სახელზე. ამ განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. რამდენადაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და ამ განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, აღმასრულებლის მოქმედება ... ქ. ¹2/41-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ განხორციელდა კანონიერად (ს.ფ. 74-76).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეები, რომლებიც ინფორმირებულები იყვნენ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელემ მესამედ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ჩაეთვალა, რაც არ განუხორციელებია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ კანონდარღვევებზე, უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც აპელანტის კანონიერი უფლებები დაარღვია (ს.ფ. 83-84).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.