ბს-406-385(კ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი – მ. და თ. ნ-ე
სარჩელზე მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – რ. პ-ა
მესამე პირი – ოზურგეთის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 მარტს მოსარჩელე რ. პ-ამ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მ. და თ. ნ-ების მიმართ სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ოზურგეთში, .... ქ. ¹6ა-ში, რომელიც ამჟამად იწოდება .... ქუჩა ¹1, ჩიხი ¹8, ცხოვრობდა ცოლ-ქმარი გ. და ო. ნ-ები, რომელთაც ჰყავდათ ექვსი შვილი. 1958 წელს გ. ნ-ამ თავისი საკარმიდამო ნაკვეთიდან, რომელიც შეადგენდა 561 კვ.მეტრს 300 კვ.მეტრი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და საკარმიდამოდ მისცა მოსარჩელის მეუღლეს – ა. ნ-ას, რაც 1958 წლის 16 აპრილის ¹29 ოქმით დაამტკიცა ოზურგეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა. ნაკვეთის გამოყოფაზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით. სახლის ასაშენებლად შედგენილ იქნა პროექტი და მშენებლობა დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში. 1963 წელს რ. პ-ე დაქორწინდა ა. ნ-აზე და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად, ცალკე კომლად 2005 წლის 27 აპრილამდე, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე. 1986 წელს ძველი სახლის დანგრევისა და ახლის აგების ნებართვით საქალაქო საბჭოს აღმასკომს მიმართა გ. ნ-ამ. აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის ¹137 გადაწყვეტილებით გ. ნ-ას ნება დაერთო ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევასა და ახლის აშენებაზე. ამ დროისათვის ყოფილი .... ქუჩა იწოდებოდა .... ქუჩად. გ. ნ-ას სახელზე გაცემული სახლის პროექტისა და საკარმიდამო ნაკვეთის სიტუაციური გეგმის მიხედვით, საზღვარი ა. ნ-ასა და გ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთებს შორის დადგენილ იქნა 80 სმ გ. ნ-ას საცხოვრებელ სახლსა და მის საკარმიდამო ნაკვეთზე განთავსებულ კუხნა-სახლს შორის. შემდგომში გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აშენდა მრავალსართულიანი სახლი, რომელმაც ჩაკეტა .... ქუჩა და იგი, ფაქტობრივად, გაუქმდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი საშუალება მისცა ნ-ებს გზის ის ნაწილი, რომელიც მათ საკარმიდამო ნაკვეთზე გადიოდა, ჩაეღობათ და გაედიდებინათ საკარმიდამო ნაკვეთი. ამ გზით, დღევანდელი მდგომარეობით, თვითონ ფლობს 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და დაახლოებით ამდენივეს - მოპასუხე – მ. ნ-ა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცდილობდა მიეღო მემკვიდრეობა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ხელი შეუშალა მ. ნ-ას მხრიდან წამოჭრილმა დავამ საზღვართან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ათეული წლების მანძილზე აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის დავა არ ყოფილა. მ. ნ-ამ წარუდგინა საკადასტრო რუკაც, სადაც ნათლად ჩანს საზღვარი მის და მ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთებს შორის, მაგრამ ამ უკანასკნელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მოსარჩელის აზრით, დავა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობაში, რომელიც შევსებულია მისი მეუღლის, აწ გარდაცვლილ ა. ნ-ასა და მამამისის – გ. ნ-ას სახელზე, დაშვებულია შეცდომები, კერძოდ, ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთის სიგრძე ჭიშკრიდან საზღვრამდე დაფიქსირებულია 33,7 მეტრი, სინამდვილეში კი 52,05 მეტრია. მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ზომების მიხედვით, თუკი ჭიშკრიდან მოპასუხე მ. ნ-ას საზღვრამდე მისი ნაკვეთი შეადგენს 33,7 მეტრს, მაშინ მისი საცხოვრებელი სახლი, რომლის სიგრძე 14 მეტრია, აქედან 8 მეტრი გადის მ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთზე და მას სახლთან ერთად ჩამოერთმევა სახლში ასასვლელი კიბით სარგებლობის უფლებაც. საკითხის გადასაწყვეტად მიმართა რაიონულ გამგეობას, რომელმაც მისი განცხადება შესასწავლად გადასცა შესაბამის სპეციალისტებს, რომლებმაც განიხილეს იგი და მისი მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნიეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ა. ნ-ას და გ. ნ-ას სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობას, ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით ახალი მოწმობის გაცემას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ოზურგეთის მერია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთში, ... ჩიხის ¹8ა-ში გ. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მიწათსარგებლობის საზღვრების დადგენის მიზნით, შეადგინოს გ. ნ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, რომლითაც გამიჯნულია ა. ნ-ას მიწის ნაკვეთის საზღვარი გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გ. ნ-ას სახელზე გაატაროს რეგისტრაციაში მიწის ნაკვეთი არქიტექტურული სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. და თ. ნ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2006 წლის 31 იანვარს ა. ნ-ას სახელზე და რომლის მიხედვით ქ. ოზურგეთში .... ჩიხის ¹8-ში არსებულ 511,41 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს ა. ნ-ას ოჯახი, სწორადაა გაცემული, ხოლო მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2006 წლის 31 იანვარს გ. (გ.) ნ-ას სახელზე და რომლის თანახმად ქ. ოზურგეთში, ... ჩიხის ¹8-ში არსებულ 661,20 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობს გ. (გ.) ნ-ას ოჯახი, გაცემულია არასწორად, რაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.
1986 წელს შედგენილი და რაიონის არქიტექტორთან შეთანხმებული ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, გამიჯნულია მიწის საზღვარი გ. ნ-ას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით ა. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთამდე.
გ. ნ-ას სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის პროექტში ზუსტადაა ასახული მიწის ნაკვეთის ზომები და საზღვრები, კერძოდ, გ. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი შეადგენს 345 კვ.მ-ს, პროექტში ასახული მიწის ნაკვეთის ოდენობას, მაგრამ, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, არასწორი მონაცემებითაა გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გ. ნ-ას სახელზე, სადაც გატარებულია 661,20 კვ.მ ხოლო ა. ნ-ას სახელზე საკუთრების მოწმობა ფაქტობრივად სწორადაა გაცემული მიწის იმ ნაკვეთის ოდენობის შესაბამისად, რასაც რელაურად მოსარჩელე ფლობს (ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს). ქალაქის მერიას კი პრეტენზია არა აქვს და არც რაიმე მოთხოვნა დაუყენებია იმის გამო, რომ მოსარჩელეს მიერთებული აქვს ქუჩის და მდინარის ნაპირის ნაწილი.
ოზურგეთის რაიონული სახელმწიფო არქივის ცნობით, საარქივო დოკუმენტებში გ. ნ-ას სახელზე 1986 წელს საზღვრის მშენებლობის ნებართვის შესახებ განცხადება არ ინახება.
ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით, გ. ნ-ას სახელზე სააღრიცხვო ბარათი გახსნილია 1965 წლის 5 ოქტომბერს, რომელზეც მიწის ნაკვეთი დატანილია თავდაპირველად 889 კვ.მ, რომელიც შესწორებულია ჯერ 989 კვ.მ და შემდეგ - 600 კვ.მეტრით. მათში შეტანილი მონაცემები დამტკიცებულია ქ. ოზურგეთის აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 17 აპრილის ¹86 გადაწყვეტილებით, რაზეც მითითებულია ბარათის ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, ცნობაში აღნიშნულია, რომ 1940 წელს ბარათზე დატანილი იყო 1021 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 1960 წელს - 989 კვ.მ.
ამ ცნობებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გ. ნ-ას 1965 წლისათვის ჰქონდა 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 1986 წლის 17 აპრილს ¹86 აღმასკომის გადაწყვეტილებით - 600 კვ..
გ. ნ-ამ შვილს მისცა 300 კვ.მ, მაშასადამე, გ. ნ-ას დარჩა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ მომხდარა აღნიშნულის რეგისტრაცია და გ. ნ-ას საკუთრების მოწმობაში შეცდომით იყო 661,20 კვ.მ აღრიცხული.
მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-ას სახელზე 661,20 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ეწინააღმდეგება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონის მე-5, მე-6 და მე-11 მუხლებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორები სადავოდ ხდიდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აქვე მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებული იყო საპროცესო ნორმების დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოთხოვნის შინაარსს და აღნიშნავს, რომ რ. პ-ა სასარჩელო განცხადების საფუძველზე ითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ა. და გ. ნ-ების სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობები და მოპასუხეს _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა, ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, ახალი მოწმობის გაცემა.
2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე რ. პ-ამ დააზუსტა სარჩელი და მოთხოვნა მოხსნა ა. ნ-ას სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილობის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა დარჩა უცვლელად (ს.ფ. 91).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის ქ. ოზურგეთის, ... ჩიხის ¹8ა-ში, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ამავე გადაწყვეტილებით მე-3 ნაწილით ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მიწათსარგებლობის საზღვრების დადგენის მიზნით, შეედგინა გ. ნ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა ბინათმშენებლბის პროექტის მიხედვით, რომლითაც გაიმიჯნებოდა ა. ნ-ას მიწის ნაკვეთის საზღვარი საცხოვრებელი სახლიდან 80სმ-ის დაშორებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულ მე-3 ნაწილს და მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხის გადაწყვეტით სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, კერძოდ, საკითხი გადაწყვიტა მოთხოვნის არარსებობის პირობებში და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლის მოთხოვნები და იმავე საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს მხარეთა მიერ დავის საგნის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დარღვეულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურს, რომელიც საქმეში მიწვეული არ ყოფილა მხარის სტატუსით, დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ გარკვეული ქმედების განხორციელება, რის შედეგადაც არქიტექტურის სამსახურს წაერთვა საშუალება, განეკარგა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, წარმოედგინა შესაგებელი და უზრუნველეყო საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების რეალიზება. აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორები მ. და თ. ნ-ები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას - გ. ნ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობის თაობაზე და მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების დადგენა არ მოახდა საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლომ კასატორთა მოთხოვნისა და ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება გ. ნ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ საქმე ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-ას სახელზე ირიცხებოდა 600 კვ/მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საიდანაც მან 1958 წელს 300 კვ/მ დაუთმო თავის შვილს – ა. ნ-ას საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით.
საქმეში, ს.ფ. 164-ზე, დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართვა, საიდანაც იკვეთება, რომ ოზურგეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის ბიუროს საარქივო მასალების შესაბამისად, გ. ნ-ას სახელზე სააღრიცხვო ბარათი გახსნილია 1965 წლის 5 ოქტომბერს, რომელზეც მიწის ნაკვეთი დატანილია 889 კვ/მ-ის ოდენობით, რომელიც ჯერ შესწორდა და განისაზღვრა 989 კვ/მ-ით, ხოლო შემდგომ - 600 კვ/მ-ით. ბარათში შეტანილი მონაცემები დამტკიცებულია ქ. ოზურგეთის აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 17 აპრილის ¹86 გადაწყვეტილებით, რაზეც მითითებულია ბარათის ზედა მარჯვენა კუთხეში. სააპელაციო სასამართლო, მართალია, გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს მოცემულ დოკუმენტზე, მაგრამ არ აღნიშნავს, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის შეფასებასა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მის განხილვას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქმის მართებული გადაწყვეტისათვის, ვინაიდან საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის გადამწყვეტია იმ გარემოების დადგენა, თუU რა ოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობდა აწ გარდაცვლილი გ. ნ-ა და მის მიერ შვილის – ა. ნ-ათვის 300 კვ/მ მიწის გადაცემის შემთხვევაში, მიწის რა ნაწილი დარჩა მის მფლობელობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააუქმოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და თ. ნ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.