¹ბს-406-390(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. კ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანებისა და 2006 წლის 31 მაისის ¹1017 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. კ-ამ 2006 წლის 14 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანებისა და 2006 წლის 31 მაისის ¹1017 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 2003 წლის 30 იანვრიდან. სამსახურის პერიოდში დისციპლინური სასჯელი არ მიუღია, 2006 წლის 6 მარტს სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო გაატარეს ნარკოლოგიურ დისპანსერში შემოწმებაზე. ხელმძღვანელობის მიერ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება; ამის შემდეგ იგი აგრძელებდა სამსაურეობრივი მოვალეობის შესრულებას და 2006 წლის 6 აპრილიდან პირადი პატაკის საფუძველზე მისი უშუალო უფროსის გ. მ-ს თანხმობით გავიდა კუთვნილ შვებულებაში, ხოლო 6 მაისიდან კვლავ გააგრძელა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. 2006 წლის 20 მაისს სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი დისციპლინური გადაცდომისათვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹199 ბრძანებით 2006 წლის 12 აპრილიდან გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, ამავე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹1017 პ/შ 2006 წლის 31 მაისის ბრძანებით 12 აპრილიდან დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს პრეზდენტის 1997 წლის 16 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური სასჯელი დადებულ უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა უფროსისათვის გახდა ცნობილი მომხდარი გადაცდომა; ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხდება სამსახურებრივი შემოწმება, აღიძრა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის საქმე, არა უგვიანეს ერთი თვისა, დამნაშავის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების, შრომის დისციპლინის დარღვევისა და თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის ,,პოლიციის შესახებ” საქართევლოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 31 მაისის ¹1017 პ/შ ბრძანებით საქართველოს კანონის ,,პოლიციის შესახებ” 22-ე მუხლის I პუნქტის ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის I პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის ,,თ” პუნქტის, ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის წესახებ” დებულების მე-60 მუხლის ,,ლ” პუნქტის, 69-ე მუხლის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-6 მუხლის შესაბამისად, ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის უმცროსი ინსპექტორი ზ. კ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან 2006 წლის 12 აპრილიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის 2006 წლის 12 აპრილის ¹41/5-2072 წერილი და ასევე დასკვნა ზ. კ-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის უმცროსი ინსპექტორის ზ. კ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დამტკიცებული დასკვნის თანახმად, ზ. კ-ამ 2006 წლის 6 მარტს იმყოფებოდა რა განწესში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რამოდენიმე საათის განმავლობაში უნებართვოდ მიატოვა ობიექტი და სამსახურში დაბრუნდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც მან ჩაიდინა საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა1”, ,,ვ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების, შრომის დისციპლინის დარღვევისა და თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით, გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა რომ ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების, 69-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ,,დისციპლინური წესდების” მე-4 მუხლში მოცემულია დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ დისციპლინური სახდელის – სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანება და მისივე 2006 წლის 31 მაისის ¹1017პ/შ ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში; ზ. კ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 30.3 "ზ" მუხლის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი _ სამსახურიდან დათხოვნა. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული იქნა "საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდება", რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებებით ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის მოსარჩელე ზ. კ-ა დათხოვნილ იქნა ორჯერ, ასევე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, განსახილველი დავის შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომისათვის ორჯერ, სხვადასხვა დროს (2006 წლის 12 აპრილი და 2006 წლის 31 მაისი) გამოყენებული იქნა ორი დისციპლინური სახდელი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით არის კანონშეუსაბამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 3.1 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშირისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, ხოლო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 11.2, "დ" მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სარჩელში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2006 წლის 6 აპრილიდან, მისი უშუალო უფროსის თანხმობით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 6 მაისამდე, ხოლო 6 მაისიდან გააგრძელა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება; სასამართლომ ჩათვალა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 89 "ბ" მუხლის შესაბამისად, ზ. კ-ან შვებულების დროს სამსახურეობრივი ურთიერთობები შეჩერდებოდა, რაც არ იქნა გათვალისწინებული სადავო ბრძანებების გამოცემისას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 და 31 მაისის ¹1017პ/შ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "დ" პუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მათ მიმართ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისათვის დადგენილი ნორმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხის უგულებელყოფით, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამავე დროს სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძვლით მიიჩნია, რომ სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საკითხის გადაუწყვეტლად _ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანება და 2006 წლის 31 მაისის ¹1017პ/შ ბრძანება და უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან ამ მუხლის გამოყენების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო სასამართლომ ამ მუხლის შესაბამისად ბათილად სცნო სადავო ადმინისტრაციული აქტები და ამავდროულად დააკისრა განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მან მიატოვა განწესი და სამსახურში დაბრუნდა გარკვეული დროის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში და სასამართლოს აღნიშნულის შესახებ საერთოდ არ უმსჯელია, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-5 მუხლი, რომლითაც დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. მართალია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია ორი ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ ორივეში გამოყენებულია ერთი და იგივე დისციპლინური სახდელი და სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია ამ ბრძანებების გამოცემას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლი და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, ვინაიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ დაურღვევია ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი წესი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი, რომლითაც სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი იყო სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო ბრძანებების ბათილობა მხარის მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რასაც საკასაციო სასამართლო უსაფუძლობის გამო ვერ გაიზიარებს. ზ. კ-ა წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მისი სარჩელის არდაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ. 45-46). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2008 წლის 19 თებერვალს ზ. კ-ამ კიდევ ერთხელ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი (ს.ფ. 63). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის წარდგენილი სარჩელით ზ. კ-ა ითხოვდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 და 2006 წლის 31 მაისის ¹1017პ/შ ბრძანებების გაუქმებას უკანონობის მოტივით (ს.ფ. 1-2). “უკანონობის” მოტივით ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გაუქმება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კასატორის მიერ მითითებული საპროცესო ნორმის მოთხოვნა და საქმე განხილულ იქნა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე, რადგან სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ თვითნებურად მიატოვა განწესი და სამსახურში დაბრუნდა გარკვეული დროის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სადავო არ არის ზ. კ-ას მიერ განწესის თვითნებურად მიტოვებისა და სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნების გარემოება, მაგრამ კასატორის (მოპასუხის) მიერ გამოსაკვლევი და შესაფასებელია რამდენიმე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომელზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლისათვის დისციპლინური სასჯელის დადება არ შეიძლება მისი შვებულებაში ყოფნის დროს. მოსარჩელის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ არ შეიძლებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მისი შვებულებაში ყოფნის დროს. საქმის წარმოების მიმდინარეობისას ამ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას პირველად ყურადღება მიექცა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც 2008 წლის 21 იანვრის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტემენტის წარმომადგენელს გ. შ-ეს დაავალა ზ. კ-ას შევებულებაში გასვლის თაობაზე ბრძანების წარმოდგენა (ს.ფ. 58). სააპელაციო პალატის 2008 წლის 19 თებერვლის სხდომაზე გამოცხადებულმა გ. შ-ემ განაცხადა, რომ ბრძანება ზ. კ-ას შვებულებაში ყოფნის თაობაზე ვერ წარმოადგინა (ს.ფ. 63), თუმცა არ იქნა უარყოფილი შვებულებაში ყოფნის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, მიუთითა სარჩელში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2006 წლის 6 აპრილიდან მისი უშუალო უფროსის თანხმობით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 6 მაისამდე. ამდენად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ზ. კ-ან სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებული იყო, რაც არ იქნა გათვალისწინებული სადავო ბრძანებების გამოცემის დროს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის (კასატორის) მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს ზ. კ-ას შვებულებაში ყოფნის ფაქტი, თავისი სამართლებრივი შედეგებითურთ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. კ-ას ერთი და იგივე დიციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობა ფაქტიურად დაეკისრა მოპასუხის მიერ გამოცემული ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 12 აპრილის ¹199 ბრძანებით ზ. კ-ა დათხოვნილი იქნა სამსახურიდან; იმავე თანამდებობის პირის 2006 წლის 31 მაისის ¹1017 პ/შ ბრძანებით კი ზ. კ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2006 წლის 12 აპრილიდან (ს.ფ. 6-7).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე, რომლითაც განისაზღვრება პოლიციელის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელების სახეები. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის შესაძლებელია პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა (აღნიშნული ნორმა მითითებული რედაქციით ჩამოყალიბდა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის ¹2103-IIს კანონის შესაბამისად და მოქმედებდა სადავო ბრძანებების გამოცემის დროს). აღსანიშნავია, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია, კერძოდ – მე-8 ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გაურკვეველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა რატომ გამოსცა სხვადასხვა შინაარსის ბრძანება ერთი და იგივე დარღვევისათვის ზ. კ-ას მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კასაციის მიზეზები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს კასაციის განაცხადის დასაკმაყოფილებლად, რადგან კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ აქვს, რის გამოც იმავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.