Facebook Twitter

ბს-407-386(კ-07) 3 აგვისტო, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განიხილა თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის საკასაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-3/.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს/იხ.ს.ფ. 64-66/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინება და თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის განცხადება დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაექვემდებარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს /იხ.ს.ფ. 68-72/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 167-168/.

საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-ემ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება /იხ.ს.ფ. 171-174/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება /იხ.ს.ფ. 184- 193/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 199-204/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. გ-ე განცხადებით მოითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი მოპასუხეების _ დ. ბ-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; 2007 წლის 4 ივლისამდე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს წარმოადგენდა ასევე თანამდებობის პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ კანონიერების შემოწმება.

2007 წლის 4 ივლისს (გამოქვეყნდა 2007 წლის 18 ივლისს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით ამოღებულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “დ” პუნქტი, VII2 თავი და 22-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლებიც ეხებოდა თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემოწმებას. ამასთან, 2007 წლის 4 ივლისს (გამოქვეყნდა 2007 წლის 18 ივლისს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის “ზ” პუნქტში და აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობის ან სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობა უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, რამდენადაც იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ კანონიერების შემოწმება 2007 წლის 4 ივლისს (გამოქვეყნდა 2007 წლის 18 ივლისს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით აღარ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, რის გამოც მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო საქმეს და იგი განსახილველად უნდა გადაეცეს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქმე ბს-407-386(კ-07) თ. გ-ის წარმომადგენლის _ დ. შ-ის საკასაციო საჩივრის გამო განსჯადობით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.