Facebook Twitter

¹ბს-411-390(კ-07) 4 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 16 ოქტომბერს მ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრიდან 2006 წლის 4 ივლისამდე მუშაობდა ...ის საბავშვო სახლის დირექტორის ...ედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹972/კ ბრძანებით მოსარჩელე მ. დ-ი გათვისუფლდა თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, იგი თანამდებობრივად არ იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოხელე, რის გამოც მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 ივლისის ¹972/კ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.

მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 ივლისის ¹972 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, გამონაკლისს ადგენს კანონი. დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ უნდა ეცნობოს და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

მითითებული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრციული ორგანოს მიერ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდილი პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელს. ამავე კანონის 26.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფუძნებს სკოლის გარეშეE საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაინტერესებულ პირს არ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ განხილვაში და გაერკვია, 2006 წლის 24 ივნისის ოქმში აღნიშნული დარღვევები იყო თუ არა გამოწვეული მოსარჩელის სამსახურებრივი გულგრილობით.

სასამართლოს მითითებით, სადავო აქტი გამოცემულია იმ პერიოდისათვის მოქმედ შრომის კანონთა კოდექსის 1351-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა უფლებას, როგორც ზემდგომ ორგანოს დაედო ადმინისტრაციული სასჯელი დაქვემდებარებული ორგანოს თანამშრომლის მიმართ, ხოლო ამავე კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთ სახეს შეიძლება წარმოადგენდეს სამუშაოდან გათავისუფლება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. დ-ისათვის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. დ-ს აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი ბრძანების ბათილად ცნობიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ იმდენად, რამდენადაც ...ის საბავშვო სახლში ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის შედეგი გახდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც “ზოგადი განათლების შესახებ" კანონის 55.2-ე მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96.2 მუხლების თანახმად წარმოადგენს განათლების სამინისტროს ვალდებულებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად გადაწყვიტოს მოსარჩელის დისციპლინური წესით დასჯის კანონიერება და მისი თანამდებობაზე აღდგენის საკითხი. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გადაწყვეტს არსებითად მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საკითხს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას აქტის სადავო საკითხის გადაწყვეტილად ბათილად ცნობისა და საქმეზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება და მიიჩნია, რომ აქტი გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1-ე მუხლით დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება მოსარჩელე დ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით. აღნიშნულის მოტივაციისას სასამართლო დაეყრდნო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი, არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეალურად მონაწილეობდა ...ის საბავშვო სახლში 2006 წლის 15 მაისიდან 15 ივნისამდე განხორციელებულ შემოწმების პროცესში. აღნიშნული მ. დ-მა დაადასტურა სასამართლო პროცესზეც.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, კანონმდებლობით დაკისრებულ შემთხვევაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტი და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლი სამინისტროს ავალდებულებს, განახორციელოს საქართველოს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლი და კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა. შესაბამისად, 2006 წლის 11 მაისს გამოიცა მინისტრის ¹431 ბრძანება ... საჯარო სკოლაში შემოწმების ჩატარების თაობაზე, რითიც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შემოწმების ჩატარება მოიცავდა აღნიშნულ სკოლაში შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანებაში მითითებულ საკითხებზე კონკრეტული მასალებისა და დოკუმენტაციის მოძიებასა და შესწავლას, ამ დოკუმენტაციებზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ახსნა-განმარტებების მიღებას და საქმის ყოველმხრივი გამოკვლვის შემდეგ, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას. ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა ასევე მოსარჩელესაც, სწორედ იმ დარღვევეთან დაკავშირებით, რაც გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, მოსარჩელე მ. დ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, წერილობით დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, წარმოების დაწყების შემდეგ დაცული იყო ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის 95-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 28 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 5 ივნისს მ. დ-მა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, აღნიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 ივლისის ¹972 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დაშვების შემთხვევაშიც კი, მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, შეამოწმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და იმსჯელოს კასაციის საფუძვლებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.