ბს-412-391(2კ-07) 2 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 29 დეკემბერს ლ. ღ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ზიანის _ 31003 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხეებისათვის სოლიდარულად და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის გადახდა (იხ. ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ ლ. ღ-ას სასარგებლოდ 31003 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 95-100).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ღ-ამ, ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ლ. ღ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის დაკისრება სოლიდარულად (იხ. ს.ფ. 104-106).
ქ. თბილისის მერიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 113-116).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 117-119).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ლ. ღ-ამ უარი თქვა მოთხოვნაზე ვადაგადაცილებული დროის გამო პროცენტის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 136).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. ს.ფ. 137-143).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ (იხ. ს.ფ. 148-150, 152-155).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 და 29 ივნისის განჩინებებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 176-177, 184-185).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება იქნა წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიერ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობისათვის ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გათვალისწინება სახელმწიფოს 1996-1997 წლების ბიუჯეტის პროექტებში. სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს, ამგვარი ვალდებულება წარმოადგენს თუ არა სამინისტროს ვალდებულებას მოსარჩელეთა მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე, როდესაც ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცება პარლამენტის კომპეტენციას განეკუთვნება. გარდა აღნიშნულისა, იმ პირობებშიც, თუ ფინანსთა სამინისტროს არ შეუსრულებია ვალდებულება და დაირღვა მოსარჩელის უფლებები, გამოყენებულ უნდა იქნეს თუ არა სამოქალაქო კოდექსით (1964 წლის რედაქცია) დადგენილი ხანდაზმულობის ნორმები (იხ. ს.ფ. 191-192).
ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოსაზრება და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოხატა თავისი პოზიცია და ქ. თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცნო სოლიდარულ მოვალეებად 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მოსაზრების ავტორის მითითებით, არასწორია ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად პასუხისმგებლობის დაკისრება.
მოსაზრების ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლი და 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (იხ. ს.ფ. 194-195).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 27 და 29 ივნისის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 176-177, 184-185).
კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით და ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.