¹ბს-412-396(კ-06) 10 იანვარი, 2007 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ლ-მა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბათუმის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი აწ გარდაცვლილი მამის _ გ. ლ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და დარღვეული უფლებების აღდგენა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში;
მოსარჩელის მამა _ გ. ლ-ი დაიბადა 1908 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ....., დიდ სამამულო ომში მობილიზაციით გაწვეული იყო 1941 წლის ივნისის თვეში ამბროლაურის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ, მსახურობდა წითელი არმიის ....-ე მსროლელი დივიზიის ....-ე მსროლელი პოლკის რიგებში, 1942 წლის 15 მაისს ქერჩის რაიონში ჩავარდა ტყვედ და ომის დამთავრაბამდე იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკებში. სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს ¹9871-ს დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო შემოწმების (ფილტრაცია) გავლის შემდეგ 1947 წლის თებერვლამდე იყო სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, გ. ლ-ი ექვემდებარებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას (ს.ფ. 2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გ. ლ-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მისი უფლებები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, შრომაში იძულებით ჩართვა, მოქალაქეობის ჩამორთმევა, საცხოვრებლად განმწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, აგრეთვე კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებები, ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მამა გ. ლ-ი სსრკ სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს ¹9871-1 დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმების გავლის შემდეგ 1947 წლის თებერვლამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან საქმის მასალები იძლეოდა საკმარის საფუძველს, რომ გ. ლ-ი აღიარებული ყოფილიყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და მისი დარღვეული უფლებები აღდგენილიყო (ს.ფ. 15).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბათუმის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აპელანტის განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემოდა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენდა კანონი. ვინაიდან გ. ლ-ი არ იმყოფებოდა გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალურ დასახლებაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, ფსიქიკურ დაწესებულებაში, ამიტომ იგი არ შეიძლებოდა აღიარებული ყოფილიყო პოლიტიკური რეპრესიის მსვერპლად და შესაბამისად, მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრები ვერ მოიპოვებდნენ ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული პენსიის დანიშვნის უფლებას.
აპელანტის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის 2005 წლის 29 ივლისს გაცემული ¹7/10/3 ცნობის მიხედვით დადგენილი პირობები (ტყვეობაში ყოფნა ან საფილტრაციო კომისიის მიერ იძულებით სამუშაოებზე გამოყენება) არ იძლეოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველს, რადგან “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2-4 მუხლები ასეთ საფუძველს არ ითვალისწინებდა (ს.ფ. 16-17).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბათუმის ფილაილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ბ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ი დაიბადა 19.... წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ...., 1941 წლის ივნისის თვეში დიდ სამამულო ომში მობილიზაციით გაწვეული იყო ამბროლაურის სამხედრო კომისარიატის მიერ, მსახურობდა წითელი არმიის ....-ე მსროლელი დივიზიის ....-ე მსროლელი პოლკის რიგებში. 1942 წლის 15 მაისს ქერჩის რაიონში ჩავარდა ტყვედ და ომის დასრულებამდე იმყოფებოდა ბერლინის ტყვეთა ბანაკში. გ. ლ-ი სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს ¹9871-ს დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმების გავლის შემდეგ, 1947 წლის თებერვლამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, შრომაში იძულებით ჩაბმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენასთან, ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის 2005 წლის 29 ივლისს გაცემული ¹7/10/3ლ-36-ი ცნობა (ტყვეობაში ყოფნა, საფილტრაციო კომისიის მიერ იძულებით სამუშაოებზე გაყვანა) არ იძლეოდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების საფუძველს. ასეთი აღიარებისათვის, ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის, რომ შრომაში იძულებით ჩაბმა განხორციელებული უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მოტივით, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა (ს.ფ. 29-32).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, მისი სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც მამამისი _ გ. ლ-ი დიდ სამამულო ომში მობილიზაციით გაწვეული იყო 1941 წლის ივნისის თვეში .... რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ, მსახურობდა წითელი არმიის ....-ე მსროლელი დივიზიის ....-ე მსროლელი პოლკის რიგებში, 1942 წლის 15 მაისს ქერჩის რაიონში ჩავარდა ტყვედ და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკებში. სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს ¹9871-ს დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო შემოწმების (ფილტრაცია) გავლის შემდეგ 1947 წლის თებერვლამდე იყო სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე. აქედან გამომდინარე, იგი ექვემდებარებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას (ს.ფ. 35-36).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს, რომ გ. ლ-ი აკმაყოფილებს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 2-4-ე მუხლებით პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობისათვის დადგენილ პირობებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.