Facebook Twitter

ბს-413-392(2კ-07) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ თ. ლ-ი, ლ. გ-ი, ნ. მ-ი, მ. ტ-ე, ი. რ-ე, მ. ვ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ი. რ-ემ, ლ. გ-მა, მ. ვ-მა, თ. ლ-მა, ნ. მ-მა, მ. ტ-ემ და ა. თ-ამ მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების, 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის 2000 წლის 8 მაისის ¹9 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საქალაქო სამსახური. ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან.

ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება და 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულება წინააღმდეგობაშია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” მე-3 მუხლის “მ” ქვეპუნქტთან, რომლითაც სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია მოიაზრება მერიის სტრუქტურაში. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება ასევე ეწინააღმდეგება “სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანებას. ამდენად, ერთი მხრივ, დამტკიცდა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე დღესვე მოხდა მათი სამსახურის ლიკვიდაცია. სადავო აქტებით სამართლებრივად გაფორმდა სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ, ფაქტობრივად, განხორციელდა არა სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია, სამსახურის მოხელეებზე კი გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები.

მოსარჩელეთა მითითებით, სადავო აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა ორგანომ. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, ისინი დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა გაეფრთხილებინა სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, სამსახურიდან მათი გათავისუფლებისას არასწორად იქნა მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე, რადგან რეალურად ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა (ს.ფ. 2-7).

თბილისის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის, ლ. გ-ის, მ. ვ-ის, თ. ლ-ის, ნ. მ-ის, მ. ტ-ის, ა. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერის 2000 წლის 8 მაისის ¹9 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საქალაქო სამსახური. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისი მერის 2000 წლის 8 მაისის ¹9 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. მითითებული ბრძანების საფუძველზე 2005 წლის 16 მაისს ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლები (მათ შორის მოსარჩელეები) გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და იგი გამოიცა არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს და დასაბუთებას, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის სავალდებულოა.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, რამდენადაც დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. კანონის მითითებული ნორმის მიხედვით, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო (ს.ფ. 190-195).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ი. რ-ის, ლ. გ-ის, მ. ვ-ის, თ. ლ-ის, ნ. მ-ის, მ. ტ-ის და ა. თ-ას წარმომადგენლებმა ნ. ჯ-მა და ა. ტ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აპელანტთა განმარტებით, 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ქ. თბილისის მერისა და პრემიერის უფლებამოსილებანი. ამ დებულების მიხედვით, საქალაქო სამსახურების შექმნა და გაუქმება არ წარმოადგენდა მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უშუალო კომპეტენციას. აღნიშნული ფუნქცია ქ. თბილისის მერს ჰქონდა მხოლოდ ძველი დებულებით, შესაბამისად, ლიკვიდაციის ბრძანების გამოცემისას ქ. თბილისის მერი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების დარღვევით. ახალი დებულების თანახმად, საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრებოდა პრემიერის წარდგინებით ქ. თბილისის მერის მიერ დამტკიცებული სამსახურის დებულებით.

საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებით მოხდა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაცია, ხოლო იმავე დღეს 2005 წლის 5 მაისს ¹39 ბრძანებით დამტკიცდა ხსენებული სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამსახური არ გაუქმებულა.

იმაზე, რომ საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის უფლებამოსილება შედიოდა არა ქ. თბილისის მერის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში, მეტყველებს 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-3 მუხლში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ¹674 ბრძანებით შეტანილი ცვლილება, რომლითაც ქ. თბილისის მერიის სტრუქტურებიდან ამოღებულ იქნა საქალაქო სამსახური _ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. აღნიშნული ბრძანებულება ძალაში შევიდა 2005 წლის სექტემბრის თვიდან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ¹674 ბრძანებულებით ქ. თბილისის მერიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმებული სანიტარული ინსპექციის ფუნქციები გადაეცა ახლად შექმნილ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელეთა შრომითი მოწყობა (ს.ფ. 198-201).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი. რ-ის, ლ. გ-ის, მ. ვ-ის, თ. ლ-ის, ნ. მ-ის, მ. ტ-ის და ა. თ-ას წარმომადგენლების ა. ტ-ასა და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება გასაჩივრებული აქტის _ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”, ხოლო პირველი პუნქტით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება. მითითებული დებულების მე-3 მუხლით ქალაქის მერიის სტრუქტურაში არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, რაც, ფაქტობრივად, ინსპექციის ლიკვიდაციის ტოლფასია.

“საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” მე-4 მუხლში მერიის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლად დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტის ზემოდასახელებული აქტით დამტკიცებული დებულების შესასრულებლად ქ. თბილისის მერი უფლებამოსილი იყო, მიეღო 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება. საგულისხმოა, რომ მისი ტექსტით სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაცია კი არ დადგინდა, არამედ მხოლოდ დაფიქსირდა პრეზიდენტის ბრძანებულების შედეგად წარმოქმნილი რეალური მდგომარეობა.

სასამართლოს დასკვნას საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე ქ. თბილისის მერის არაუფლებამოსილების შესახებ არ აბათილებდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებაზე აპელირება. ამ აქტით მასში საქალაქო სამსახურების: ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის, მერიის საბინაო მეურნეობის საბინაო განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ლიკვიდაციის დასახელება განპირობებული იყო იმით, რომ ისინი პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენდნენ. ამგვარი სტატუსი კი სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას არ გააჩნდა.

ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების მართლზომიერად მიჩნევა განაპირობებდა მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობასაც. იგი ბრძანებიდან გამომდინარეობდა და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა ბრძანების არამართლზომიერებაზე იყო დაფუძნებული (ს.ფ. 359-363).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრეს ი. რ-ემ, მ. ვ-მა, თ. ლ-მა, ლ. გ-მა, ნ. მ-მა და მ. ტ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, 2005 წლის 1 მარტამდე მოქმედი ქ. თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, საქალაქო სამსახურის შექმნა და გაუქმება შედიოდა ქ. თბილისის მერის კომპეტენციაში. ამდენად, ქ. თბილისის მერი უფლებამოსილი იყო, 2000 წლის 8 მაისის ¹9 ბრძანებით შეექმნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისად, 2005 წლის 1 მარტამდე მის კომპეტენციაში შედიოდა საქალაქო სამსახურების შექმნაც და გაუქმებაც. 2005 წლის 1 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულება”. ახალი დებულების შესაბამისად, ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებიდან ამოღებულ იქნა საქალაქო სამსახურის შექმნა და გაუქმება. დებულების მე-3 მუხლში პრეზიდენტმა თავად განსაზღვრა საქალაქო სამსახურების ნუსხა, რომელთა ლიკვიდაციაც განხორციელდა ხსენებული ბრძანებულებით. ესენია: კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი.

ამდენად, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია ლიკვიდირებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-3 მუხლის “მ” პუნქტში, პირდაპირ არის გათვალისწინებული სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, როგორც საქალაქო სამსახური.

გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ასევე არ ანიჭებს ქალაქის მერს საქალაქო სამსახურების შექმნისა და გაუქმების უფლებამოსილებას.

საქალაქო სამსახურების შექმნისა და გაუქმების საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში გადასვლას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2005 წლის 29 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ¹674 ბრძანებით შეიტანა ცვლილება მის მიერ 2005 წლის 1 მარტს მიღებულ ბრძანებულებაში და მასში განსაზღვრული ქ. თბილისის მერიის სტრუქტურიდან ამოიღო საქალაქო სამსახური სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა ახლად შექმნილ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელეთა შრომითი მოწყობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით არ მომხდარა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში რეალურად ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას საშტატო ერთეულების შემცირებით.

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ენიჭება იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერს 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებით არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა პრეზიდენტის მიერ 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით შექმნილი საქალაქო სამსახური.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებშიც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს ქ. თბილისის მერია და არა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. მითითებული ნორმიდან ნათლად ჩანს, რომ საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს ქ. თბილისის მერია და არა მისი რომელიმე სამსახური. რამდენადაც ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაცია არ მომხდარა, ამდენად, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოსარჩელეები აღედგინა ქ. თბილისის მერიაში (ს.ფ. 370-377, 378-385).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმის გარემოებები, არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის თანახმად, საქალაქო სამსახურების შექმნა წარმოადგენდა პრემიერის წარდგინებით ქალაქ თბილისის მერის კომპეტენციას.

საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის ახალი დებულება. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლში განისაზღვრა ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა, სადაც “მ” ქვეპუნქტად განისაზღვრა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია _ საქალაქო სამსახური. ამავე დებულების მე-12 მუხლის “ნ” ქვეპუნქტით ქალაქ თბილისის მერს მიენიჭა პრემიერის წარდგინებით საქალაქო სამსახურის დებულებების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულება გამოქვეყნდა 2005 წლის 2 მარტს, ხოლო აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ძალაშია ბრძანებულების გამოქვეყნებისთანავე.

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. ქ. თბილისის მერის იმავე თარიღის _ 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანებით დამტკიცებულია საქალაქო სამსახურის _ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება, რომლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ინსპექცია წარმოადგენს ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების საფუძველზე ლიკვიდირებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამონაცვლეს.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულებით კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში დაკავებული თანამდებობებიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის _ ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის მოტივით. აღნიშნული განკარგულების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება, რომლითაც ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის კასატორებთან მიმართებაში არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”, ხოლო პირველი პუნქტით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერის ახალი დებულება. მისი მე-3 მუხლით ქალაქის მერიის სტრუქტურაში არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, რაც, ფაქტობრივად, ინსპექციის ლიკვიდაციის ტოლფასია. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის დებულება, რომლის მე-3 მუხლში (“ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა”) “მ” ქვეპუნქტად გათვალისწინებულ იქნა საქალაქო სამსახური _ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. აღნიშნულ “მ” ქვეპუნქტში ცვლილება შევიდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ბრძანებულებით, რომლითაც აღნიშნული “მ” ქვეპუნქტით განისაზღვრა ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. ამდენად, ქ. თბილისის მერის სადავო აქტების გამოცემის მდგომარეობით _ 2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში უდავოდ გათვალისწინებული იყო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის “ნ” ქვეპუნქტით კი ქალაქ თბილისის მერს გააჩნდა პრემიერის წარდგინებით სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ. თბილისის მერის ¹28 ბრძანება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის “მ” ქვეპუნქტით განსაზღვრული რეალობის მოგვიანებით კონსტატაციას. ამასთან, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებაც, რომ, მართალია, 2005 წლის 5 მაისს გამოიცა ქ. თბილისის მერის ¹28 ბრძანება, სადაც საუბარია სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაციაზე, მაგრამ იმავე დღესვე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანებით, დამტკიცდა საქალაქო სამსახურის _ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება, რომლის მე-5 პუნქტში განისაზღვრა, რომ ინსპექცია წარმოადგენდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების საფუძველზე ლიკვიდირებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამონაცვლეს. რამდენადაც ლიკვიდაცია გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ტერმინი “ლიკვიდაცია” ზემოაღნიშნულ ბრძანებებში გამოყენებულია თუ არა რეორგანიზაციის შინაარსობრივი დატვირთვით. თუკი კასატორთა სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის _ 2005 წლის 16 მაისს არსებობდა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამონაცვლე შესაბამისი საშტატო ერთეულებით, გამოირიცხებოდა კასატორთა გათავისუფლება დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძვლით. ასეთ შემთხვევაში კასატორთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერება შეფასებას ექვემდებარებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერის მიერ 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებისა და 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანების გამოცემით გამოყენებული ხომ არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის “ნ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, რეალურად, ქ. თბილისის მერის მიერ ამ ორი აქტის ერთდროულად გამოცემით განხორციელებულია თუ არა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, აღნიშნული რეორგანიზაცია განხორციელებულია თუ არა შტატების შემცირებით, შემცირებულია თუ არა კასატორთა თანამდებობები და გამოირიცხებოდა თუ არა კასატორთა ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დანიშვნის ან მათთვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე შესაბამისი თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების კანონიერების საკითხი უნდა შეაფასოს ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუკი მოცემულ შემთხვევაში, რეალურად, განხორციელებულია სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის რეორგანიზაცია, ქ. თბილისის მერის ¹28 ბრძანება წარმოადგენს ინსპექციის ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის აქტს.

სააპელაციო სასამართლომ კასატორთა სამუშაოზე აღდგენის საკითხზე მსჯელობისას ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანებულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ნაცვლად შეიქმნა ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სადაც ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად შევიდა სანიტარული, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ზედამხედველობის განყოფილება _ ინსპექცია (ს.ფ. 318). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ინსპექციისა და ყოფილი სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ფუნქციურ დატვირთვათა შედარებით უნდა გამოარკვიოს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შექმნით განხორციელებულია თუ არა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის რეორგანიზაცია, გამოარკვიოს, ადგილი აქვს თუ არა შტატების შემცირებას და აღნიშნულის გათვალისწინებით იმსჯელოს კასატორთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. რ-ის, მ. ვ-ის, თ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. მ-ის, მ. ტ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.