საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-414-398(კ-08) 17 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებით ი. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბორჯომის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.08.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 20.03.08წ. განჩინება 14.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იგივე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ამასთან სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ადვოკატთა ტესტირება და გაწევრიანებულნი არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2.05.08წ. განჩინებით ი. ა.-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება 05.06.08წ., ხოლო წარმომადგენელს დ. ნ.-ს 18.07.08წ. ჩაჰბარდათ. მიუხედავად ამისა, ი. ა.-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 440-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 440-ე მუხლით, 70-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.