ბს-418-396(კ-07) 22 ნოემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. რ-ემ მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 გაფრთხილების გაუქმება მ. რ-თვის 1820 აშშ დოლარისა და 63.91 ლარის ოდენობით სააღსრულებო მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში, ასევე, შემდგომ ჩატარებული ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმება და აღსრულების დაწყება 5-დღიანი ვადის მიცემით. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის ¹..... და ¹...... სააღსრულებო ფურცლების აღსრულების შეჩერება.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹..... და ¹........-2005 სააღსრულებო ფურცლების თანახმად, მას დაეკისრა მ. ნ-ის სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟოO მოსაკრებლის _ 591 ლარის, ჯ. ჟ-ის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟოO მოსაკრებლის _ 322 ლარის, ხოლო დ. ქ-ის სასარგებლოდ _ 9000 აშშ დოლარის გადახდა. 2006 წლის 24 იანვარს მ. რ-ემ მიიღო სააღსრულებო ბიუროს გაფრთხილება 5-დღიანი ნებაყოფლობითი ვადის მიცემის თაობაზე. ამასთან, სასამართლო აღმასრულებელმა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და 113-ე მუხლების საფუძველზე დააკისრა სააღსრულებო მოსაკრებლის 7% _ 1820 აშშ დოლარი და 63.91 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მოვალეს სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსასრულებლად ეძლევა 5 დღის ვადა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლო აღმასრულებელი აფრთხილებს მოვალეს, რომ დაწესებულ ვადაში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ამავე კანონის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად აღსრულების ხარჯები, მათ შორის, სააღსრულებო მოსაკრებელი ეკისრება მოვალეს და იგი ამოღებულ უნდა იქნეს აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად, ე. ი. თუ მოვალის მიერ 5-დღიან ვადაში არ მოხდება დაკისრებული თანხის გადახდა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადახდეს მას აღსრულების, მათ შორის სააღსრულებო მოსაკრებლის, ხარჯები.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მხარეს სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის განმავლობაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. ამ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს ისედაც უჭირს კაბალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, სასამართლო აღმასრულებლის მიერ უკანონოდ დაკისრებული მოსაკრებლის გამო კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა, რასაც ბინის აუქციონზე გაყიდვა მოჰყვება და რითაც მისი უფლებები ილახება (ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სააღსრულებო მოქმედებების აკრძალვისა და საქართველოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის ¹...... და ¹....... სააღსრულებო ფურცლების აღსრულების შეჩერების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მ. რ-ეს ეთქვა უარი. 2006 წლის 2 მარტს მ. რ-ემ სასამართლოს კვლავ მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და სააღსრულებო ბიუროსათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააღსრულებო მოქმედების ჩატარების აკრძალვა მოითხოვა, რაც ამავე სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის განჩინებით კვლავ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 13; 16-17; 20).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 წერილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 წერილი მოვალე მ. რ-ის მიმართ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც აღმასრულებელმა 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 წერილით ფაქტობრივად დაავალა _ მოსთხოვა მოვალე მ. რ-ეს ძირითად თანხასთან ერთად 7%-ის ოდენობით სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ნებაყოფლობით აღსრულების 5 დღის ვადაში, მან არ გაითვალისწინა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე, 38-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები. ამ ნორმათა შესაბამისად, მოვალეს სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ეძლევა 5 დღიანი ვადა, რაზედაც ეგზავნება შესაბამისი გაფრთხილება. მხოლოდ ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში იწყება იძულებითი აღსრულება, რომლის ხარჯებს, მათ შორის, სააღსრულებო მოსაკრებლისას მოვალე გაიღებს.
ამრიგად, საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სააღსრულებო მოსაკრებლის ნებაყოფლობით აღსრულების ვადაში დაკისრება, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოსარჩელის მიმართ ჩატარებული ყველა შემდგომი ღონისძიების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა (ს.ფ. 38-39).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 12 იანვრის ე.წ. ხუთდღიანი გაფრთხილებისას სააღსრულებო მოსაკრებლის უკანონოდ ცნობა და მის მიერ ჩატარებული შემდგომი ყველა უკანონო მოქმედების გაუქმება. საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 24 იანვრის წერილით დადგენილია, რომ მ. რ-ეს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად წინადადება მიეცა, 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა მასზე დაკისრებული თანხა, ამასთან, მიეთითა, რომ მე-10 და 1131-ე მუხლების საფუძველზე მხარეს ეკისრება მთლიანი თანხის 7% სააღსრულებო მოსაკრებელი.
აპელანტის განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია ამოღებული თანხის 7%-ით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მოქმედება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განახორციელა და შესაბამისად, მის მოქმედებას _ მის მიერ მიღებულ წერილს გაფრთხილებაზე, რომლის უკანონოდ ცნობასაც ითხოვდა მხარე, პირდაპირი და უშაულო ინდივიდუალური ზიანი მოვალის კანონიერი უფლების ან ინტერესის მიმართ არ მიუყენებია და არც უკანონოდ შეუზღუდავს მისი უფლება, პირიქით _ გაფრთხილება კიდევ ერთი საშუალებაა, მოვალემ თავიდან აიცილოს იძულებითი აღსრულების პროცედურა (ს.ფ. 42-43).
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე მ. რ-ემ, რომელმაც აღმასრულებლის ყველა შემდგომი მოქმედების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 44).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ის სარჩელი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹...... და ¹.......-2005 სააღსრულებო ფურცლების თანახმად, მ. რ-ეს დაეკისრა მ. ნ-ის სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 591 ლარის, ჯ. ჟ-ის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარისა და 322 ლარის, დ. ქ-ის სასარგებლოდ _ 9000 აშშ დოლარის გადახდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 12 იანვრის ¹01/09-01-2567-01 წერილით მ. რ-ეს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად ეცნობა 5 დღის ვადაში დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება განხორციელდებოდა იძულებით, რომლის ხარჯებიც დამატებით დაეკისრებოდა მას. მოვალეს ასევე ეცნობა სააღსრულებო მოსაკრებლის _ 7%-ის გადახდის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით რეგლამენტირებულია აღმასრულებლის ვალდებულება, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას მოვალეს გაუგზავნოს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, ხოლო 1131-ე მუხლით სააღსრულებო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ამოღებული თანხის 7%-ით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ გაფრთხილება შედგენილი იყო დასახელებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით, ანუ იგი არ გულისხმობდა მოვალის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ მოვალეს 2006 წლის 24 იანვრიდან, ანუ გაფრთხილების ჩაბარების მომენტიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დრომდე, გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღუსრულებია. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მ. რ-ის მოსაზრება გაფრთხილების შემდგომ აღმასრულებლის ყველა მოქმედების გაუქმების თაობაზე და, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, იგი საფუძველს მოკლებულად მიიჩნია (ს.ფ. 64-68).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, 2006 წლის 24 იანვარს მას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 და 28-ე მუხლების საფუძველზე ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა გაფრთხილება, რათა 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა კრედიტორების სასარგებლოდ დაკისრებული თანხა. ამასთან, სასამართლოს აღმასრულებელმა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და 113-ე მუხლების საფუძველზე დააკისრა სააღსრულებო მოსაკრებლის 7% _ 1820 აშშ დოლარი და 63,91 ლარი, რაც უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე მოვალეს სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსასრულებლად ეძლევა 5 დღის ვადა, ამასთან, სასამართლო აღმსრულებელი აფრთხილებს მოვალეს, რომ დაწესებულ ვადაში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება, რომლის ხარჯებს მოვალე გაიღებს. ამავე კანონის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე აღსრულების ხარჯები, მათ შორის მოსაკრებელი, ეკისრება მოვალეს და ის ამოღებულ უნდა იქნეს აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად, ე.ი. თუ მოვალის მიერ 5 დღის ვადაში არ მოხდება დაკისრებული თანხის გადახდა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადახდეს მას აღსრულების, მათ შორის, საღსრულებო მოსაკრებლის ხარჯები.
კასატორის განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან მასზე უარი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 5-დღიან ვადაში მოსაკრებლის დაკისრება და მისი მოთხოვნა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რადგან მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, რაც, კასატორის აზრით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დარღვევაა, ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად კანონიერი იყო აღმასრულებლის მოქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. რ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.