Facebook Twitter

¹ბს-421-404(კ-08) 25 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 ივლისს ვ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კომპანია ,,...-სა” და მესამე პირის - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ საკომპენსაციო თანხის გაცემის თაობაზე

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან საოჯახო ნომრის აღდგენას, აღნიშნული ნომრის შეყვანას ერთიან კომპიუტერულ სიაში, მის რეგისტრაციას და რეგისტრირებული სიის გადაგზავნას კომპანია ,,...-თვის” საკომპენსაციო თანხის - 7000 აშშ დოლარის გასაცემად.

მოპასუხეებმა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კომპანია ,,...-მ” სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ვ. მ.-თვის საოჯახო ნომრის ¹01627 აღდგენა, მისი შეყვანა საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში და რეგისტრირებული და შესწორებული სიის გადაგზავნა კომპანია ,,...-თვის”, მოსარჩელეზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად, ხოლო კომპანია ,,...-ის” დაევალა საკომპენსაციო თანხის - 7000 აშშ დოლარის ვ. მ.-ზე გადაცემა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს ,,...-მ” და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

აპელანტი - სს ,,...-ი” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისYთქმას.

მეორე კასატორი - აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესითY გაასაჩივრა ვ. მ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ვ. მ.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 28 მაისს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზეანეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. მ.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. მ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.