Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-422-405(კ-08) 10 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების მეპაიეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ზუგდიდის რაიონის რწმუნებულის ა. ბ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და მესამე პირების _ რ. კ-ას, ჯ. თ-ას, მ. ზ-ას, მ. ღ-ას, ზ. შ-ას და სხვათა (სულ 44 პირის) მიმართ, ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 17 თებერვლის ¹11 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების მეპაიეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ზუგდიდის რაიონის რწმუნებულმა ა. ბ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და მესამე პირების _ რ. კ-ას, ჯ. თ-ას, მ. ზ-ას, მ. ღ-ას, ზ. შ-ას და სხვათა (სულ 44 პირის) მიმართ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 17 თებერვლის ¹11 განკარგულების ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების მეპაიეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ზუგდიდის რაიონის რწმუნებულის ა. ბ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 17 თებერვლის ¹11 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების მეპაიეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ზუგდიდის რაიონის რწმუნებულმა ა. ბ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ას სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის სათანადო ასლების დართვით წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლომ საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია წარმომადგენელი ავრორა ბებიას მიერ (ს.ფ. 151-158); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შეტანილია საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის რწმუნებული ავრორა ბებიას მიერ. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნ. წ-ის მიერ გაცემულია რწმუნება ¹ს-04/73, რომლითაც საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრ ავრორა ბებიას ეძლეოდა უფლება დაეცვა ასოციაციის ინტერესები საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მაგრამ მას ვადა ამოეწურა 2007 წლის 31 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ. 11). ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რწმუნებით ა. ბ-ას არ აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება. საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2008 წლის 8 აპრილს, ამდენად საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორ საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი სათანადო ასლების დართვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნა კასატორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განჩინება საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ნ. წ-მა ჩაიბარა პირადად 2008 წლის 11 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ. 171). შესაბამისად, კასატორს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2008 წლის 12 სექტემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 19 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა _ საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ გაუშვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.