Facebook Twitter

ბს-423-401(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28.06.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ და მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 4336,83 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ნ. კ-მა 01.03.05წ. გააფორმა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ოთხი წლის ვადით. მხარეებს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაწეული საქმიანობის გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ნ. კ-მა დაარღვია კონტრაქტის პირობები და იგი ვალდებულია, კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, აუნაზღაუროს თავდაცვის სამინისტროს მასზე დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 4336,83 ლარს. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონტრაქტის 8.4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, განსჯად სასამართლოდ ჩაითვლებოდა სამინისტროს ადგილსამყოფლის რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.08.06წ. განჩინებით საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული სასამართლოს 03.11.06წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადებაზე ნ. კ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა, რომლითაც მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 01.03.05წ. დადებული კონტრაქტის 7.3, 7.4, 7.5, 8.4, პუნქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 22.03.06წ. ¹7 სხდომის ოქმის, ამავე კომისიის დაგენილების და 06.04.06წ. ¹882 ბრძანების მიხედვით განსაზღვრული დათხოვნის ფორმულირების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ი» ქვეპუნქტით (პირადი განცხადებით მძიმე ოჯახური პირობების გამო), შეცვლა მოითხოვა.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ი» ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს მძიმე ოჯახური პირობების გამო სამუშაოდან დათხოვნას და ასეთ პირობებში დათხოვნა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო კონტრაქტის პირობების დარღვევად. მით უფრო, როცა კონტრაქტში არ არის მითითებული აკრძალვა მძიმე ოჯახური პირობების შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. მეორე ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 22.03.06წ. ¹7 სხდომის ოქმში დაფიქსირებული დათხოვნის მოტივი 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ფაქტობრივ ვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-ის აზრით, ასევე უსაფუძვლოა დათხოვნის ფორმულირება 06.04.06წ. ¹882 ბრძანების მიხედვით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. კ-ს შორის 01.03.05წ. გაფორმებული ხელშეკრულების 7.5. მუხლი და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 06.04.06წ. ¹882 ბრძანებაში ცვლილებების შეტანით, ნ. კ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში დათხოვნის საფუძვლად, ნაცვლად კონტრაქტის პირობების დარღვევისა, მიეთიოს – პირადი განცხადება მძიმე ოჯახური პირობების გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ნ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.12.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები იმის თაობაზე, რომ 01.03.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. კ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ნ. კ-მა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში, ხოლო სამინისტრომ აიღო ვალდებულება, გადაეხადა ნ. კ-თვის შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კაპრალი ნ. კ-ი, როგორც დისციპლინური და ზრდილობიანი სამხედრო მოსამსახურე, მასზე მინდობილ საქმეს ასრულებდა კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და იგი ხასიათდებოდა დადებითად. 23.02.06წ. ნ. კ-მა პატაკით მიმართა სამხედრო ნაწილის მეთაურს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის მოთხოვნით, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, დედის ავადმყოფობის გამო, კერძოდ, 2004 წლის დეკემბერში შ. კ-მა მიიღო ტრავმა და ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია-ოსტიოსინთეზით, ხოლო 2005 წლის მაისში დაცემის შედეგად ჩამოუყალიბდა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში ცრუ სახსარი. 22.03.06წ. მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის ¹7 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიის მიერ განხილულ იქნა ნ. კ-ის პირადი პატაკი, მძიმე ოჯახური პირობების გამო, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. მსჯელობის შედეგად დადგინდა: აღძრულიყო შუამდგომლობა კაპრალ ნ. კ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 «თ» ქვეპუნქტით დაკავებული თანამდებობიდან, კერძოდ, მეორე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის დაცვის მეორე ოცეულის იარაღის ათეულის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის თანახმად, ნ. კ-ის განცხადება წარმოადგენდა ამავე კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის არა ,,თ» (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), არამედ ,,ი» ქვეპუნქტით დათხოვნის საფუძველს (პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო, მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა), რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ანუ კონტრაქტის როგორც დადება, ასევე შეწყვეტაც უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფუძვლოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნ. კ-თვის საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ. ასევე დაეთანხმა მსჯელობას შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, 06.04.06წ. ¹882 ბრძანებაში ცვლილებების შეტანას, ნ. კ-ის შეარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში დათხოვნის საფუძვლად, ნაცვლად კონტრაქტის პირობების დარღვევისა, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო პირადი განცხადების მითითებას, რამეთუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ არასწორია სამინისტროს წარმომადგენლის მსჯელობა ¹882 ბრძანებაში ცვლილების შეტანის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ნ. კ-მა მოითხოვა არა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა, არამედ მასში ცვლილების შეტანა. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ნ. კ-თვის საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოპასუხე დაარღვევდა კონტრაქტის პირობებს. ვინაიდან 7.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის სურვილით სამხედრო ძალების დატოვებისას, სამხედრო მოსამსახურეს საჯარიმო თანხის სახით უნდა გადაეხადა არა თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურეზე სამხედრო სამსახურის დროს გაწეული ხარჯები, როგორც ეს ხელშეკრულების პირობად არის მითითებული, არამედ კონტრაქტის შეწყვეტისას კონტრაქტით დარჩენილ ვადაში გადასახდელი ფულადი თანხები. მოსარჩელემ კი მოითხოვა ნ. კ-ვის გაცემული ხელფასის, როგორც საჯარიმო თანხის, გადახდა, რასაც კონტრაქტის 7.3 მუხლი არ ითვალისწინებს. აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგებზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20.04.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ ნ. კ-მა 23.02.06წ. პატაკით მიმართა ¹10144 სამხედრო ნაწილის მეთაურს, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა, საფუძვლად კი მძიმე ოჯახური პირობები – დედის ავადმყოფობა მიუთითა. სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ განიხილა მისი პატაკი და სამხედრო ნაწილის მეთაურის 01.03.06წ. ¹41 ბრძანებით, 23.02.06წ. მოხსნა ყველა სახის კმაყოფიდან და წარდგინებით იშუამდგომლა, რათა სამხედრო მოსამსახურე ნ. კ-ი «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტით (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) დათხოვნილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის «ი» ქვეპუნქტი, რომლიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას დასაბუთებული და დადასტურებული მიზეზების არსებობისას, რაც მოპასუხე ნ. კ-ის შემთხვევაში არ განხორციელებულა, ვინაიდან მის მიერ, პატაკთან ერთად, წარმოდგენილი არ იქნა დედის ავადმყოფობის შესახებ ცნობა და სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისია, მხოლოდ პატაკის საფუძველზე, დადასტურებულად ვერ მიიჩნევდა მძიმე ოჯახური მდგომარეობის არსებობას. ამას გარდა, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ბრძანების საფუძვლის შეცვლაც არ ათავისუფლებს ნ. კ-ს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. «საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლით თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურისათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფის, წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით. ამდენად, კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 407-ე მუხლებზე დაყრდნობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ნ. კ-ს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.05.07წ. განჩინებაზე ნ. კ-მა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.