¹ბს-424-402(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი – გ. მ-ე
მოწინააღმდე მხარე – შპს ,,....»-ის დირექტორი ზ. კ-ი; წარმომადგენელი – დ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 მარტს შპს «....-ის" დირექტორმა ზ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მთავრობის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2006 წლის 15 თებერვალს ქ. ბათუმის მთვარობამ განიხილა შპს ,,.....-ის» განცხადება ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹20ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საწარმოსათვის დამაგრების თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილების შესაბამისად, რაზეც ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის .... ¹56 დადგენილებით ეთქვათ უარი, ხოლო ის აქტი, რომლითაც საწარმოს გადაეცა მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა, გამოცხადდა არარად, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არამართებულია, ვინაიდან მოპასუხე შეიჭრა მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციაში და ბათილად გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 12 თებერვლის ¹..... დადგენილება, რომლითაც შპს ,,....» აღიარებული იყო მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს ,,....» სამართალმემკვიდრედ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 24 ივნისამდე საწარმოს რეგისტრაციას, ასევე რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებდა სასამართლო, რომელიც აწარმოებდა ერთიან სამეწარმეო რეესტრს, ხოლო აღნიშნული თარიღიდან საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილმდებარეობის შესაბამისად.
საწარმოს რეგისტრაცია შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, მაგრამ რეგისტრაციის გაუქმებამდე საწარმო შეცდომითაც რომ იყოს რეგისტრირებული, მაინც რეგისტრირებულად ითვლება, რაც შეეხება შეცდომას ,,მეწარმეთა შესახებ კანონის» მე-5 მუხლით განსაზღვრულია საწარმოს რეგისტრაციის პირობები და შეცდომად მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობების დარღვევა ითვლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მესამე ნაწილის ბათილად ცნობას, აგრეთვე ქ. ბათუმის მთავრობის დავალდებულებას, შეასრულოს ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება.
2006 წლის 20 მარტს ქ. ბათუმის მერიამ შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ 2005 წლის 28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,....». დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს «.....» აღიარებულ იქნა შპს ,,.... « სამართალმემკვიდრედ, რაც შეეხება შპს ,,....», იგი დაფუძნებული იყო ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც არამართებულია, ვინაიდან, 1994 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე», რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მეწარმეთა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრვი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაცია გაუქმებულად გამოცხადდებოდა. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, ვინაიდან ,,.....»-ს ხელახალი რეგისტრაცია 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაუვლია, შესაბამისად, მასზე გავრცელდა ,,მეწარმეთა შესახებ» კანონის 5.8 მუხლი და გამოცხადდა ლიკვიდირებულად.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სამართალმემკვიდრეობის, ანუ უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება მხოლოდ საწარმოთა გარდაქმნის, შერწყმისა და ნატურით გაყოფისას. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილების მე-2 პუნქტის ,,გ» ქვეპუნქტიდან ირკვევა, შპს «.....» არ წარმოქმნილა სხვა საწარმოების გაყოფის, გარდაქმნის, შერწყმის და მით უფრო არც ხელახალი რეგისტრაციის შედეგად.
შესაბამისად, შეუძლებელია შპს ,,....» მიჩნეულ იქნეს შპს ,,.....»-ის სამართალმემკვიდრედ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილებისა და შპს ,,.....»-ის წესდების იმ პუნქტების გაუქმებას, რომლითაც შპს ,,....» გამოცხადდა შპს ,,....»-ის სამართალმემკვიდრედ.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს «....-ის" სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა;
ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მესამე ნაწილი, შესაბამისად ბათუმის მერიას დაევალა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-57 მუხლის შესაბამისად: «თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა. თუ ხარვეზი ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან საზოგადოების ნებისმიერმა პარტნიორმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად". სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა შპს «.....-ის" წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ბათუმის მთავრობა არ იყო უფლებამოსილი, თვითონ გამოეცხადებინა საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებულად და იმ საფუძვლით, რომ ¹437 გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელი იყო, არარად ეცნო ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემით ბათუმის მთავრობამ დაარღვია «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-56, მე-57 და მე-7 მუხლები, ვინაიდან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს «....." წარმოადგენს «მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა «3+2-ის" სამართალმემკვიდრეს, ხოლო მოპასუხემ იგნორირება გაუკეთა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და თვითონ ჩათვალა გაუქმებულად შპს «.....-ის» რეგისტრაცია, რის შემდეგაც შეუძლებლად მიიჩნია მიწის ნაკვეთის შპს «....-ზე" გადაცემა და არარად ცნო ადმინისტრაციული აქტი ფაქტობრივი მიზეზებით მისი შეუსრულებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მასში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, ასევე აქტში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლითაც ბათუმის მერიას უფლება ჰქონდა გადაემოწმებინა შპს «.....-ის" სამეწარმეო რეესტრის მონაცემები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად, მიიჩნია, რომ ბათუმის მთავრობის გასაჩივრებული 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილებით არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა «....-ის" დირექტორს ნება მიეცა ბათუმში, ..... ქ. ¹20-ში არსებული ორსართულიანი ამორტიზებული შენობის დანგრევა-აშენებას და ოფისის მოწყობაზე. ¹437 გადაწყვეტილების არარად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვინაიდან მრავალდარგობრივ ფირმა «.....-ს", კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 1996 წლის 1 სექტემბრამდე, ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ ბათუმის მთავრობის გასაჩივრებული 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების გამოცემისას დაირღვა «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-56, მე-57 და მე-7 მუხლები, ასკ-ს 601-ე, 32-ე, 22-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად: «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო". აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება შეუძლებელია მისი გამოცემისთანავე და არა იმ შემთხვევას, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაც მოვლენის დადგომის გამო, შეუძლებელი ხდება მისი ფაქტობრივი შესრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბათუმის მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ შპს «მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა «.....-მა" 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს «.....-მ" აღნიშნული აქტის საფუძველზე გარკვეული ქმედება, კერძოდ, .... ქ. ¹2-ში არსებული ორსართულიანი ამორტიზებული შენობის დანგრევა (დემონტაჟი) განახორციელა. ხოლო, რაც შეეხება მე-3 პუნქტს, რომ «მშენებლობა დაწყებულ იქნეს ქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის შემდეგ", აღნიშნული ქმედების განხორციელება დამოკიდებული იყო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ.
ამდენად, არ არსებობდა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 დადგენილების არარად აღიარების საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, შეგებებული სარჩელის მიღების ერთ-ერთი პირობაა ის, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ერთობლივად განხილვისას ჯერ უნდა დადგინდეს, ექვემდებარება თუ არა შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილებას, ხოლო შეგებებული სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ხომ არ გამოირიცხება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელზე, შესაბამისად, მას უფლება არ ჰქონდა ემსჯელა შპს «....-ის" ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორის მითითებით, 1994 წლის 28 ოქტომბერს მიღებული იქნა «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა სამეწარმეო-სამართლებრივი ურთიერთობები. მოცემულ კანონს მოჰყვა «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაექვემდებარონ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათზე გავრცელდებოდა «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 5.8. მუხლი.
კონკრეტულ შემთხვევაში «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი ერთი პირის მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «...." ვალდებული იყო 1996 წლის 1 სექტემბრამდე განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია, რაც არ მომხდარა. აღნიშნული მოტივით იგი «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 5.8 მუხლის მაშინ მოქმედი რედაქციის შესაბამისად გამოცხადდა რეგისტრაციაგაუქმებულად.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება ასევე, რომ შპს «...." დაფუძნდა 2005 წლის 28 ივლისს ჩვეულებრივი წესით, «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად და არა ხელახალი რეგისტრაციის წესით. ახლად დაფუძნებული საწარმო _ შპს «....." არის უკვე რეგისტრაცია გაუქმებულად გამოცხადებული საწარმოს უფლებამონაცვლე. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს «....-ის" გამოცხადება რეგისტრაციაგაუქმებულად გამოცხადებული მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «.....-ის" სამართალმემკვიდრედ არის უკანონო. აღნიშნულის არამართებულობას ადასტურებს აგრეთვე ისიც, რომ 1995 წლისათვის საქართველოში მოქმედებდა «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი, რომლისთვისაც ცნობილია საწარმოთა ლიკვიდაცია, შერწყმა და ნატურით გაყოფა. აღნიშნულის შესაბამისად, სამართალმემკვიდრეობის, ანუ უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება მხოლოდ საწარმოთა გარდაქმნის, შერწყმის და ნატურით გაყოფისას. უფრო მეტიც, ყოველ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ახალშექმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს წინა საწარმოების ვალებისათვის.
რაც შეეხება ლიკვიდირებული საწარმოს უფლებამონაცვლეობის საკითხს იგი არ განიხილება და პარტნიორების დაკმაყოფილება ხდება ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდირებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონებიდან. მოქმედი კანონმდებლობით უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება, როგორც ზემოთ აღინიშნა, «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების გამო 1996 წლის 1 სექტემბრამდე ხელახალი რეგისტრაციის გავლის დროს. შპს «...." არც სხვა საწარმოთა გაყოფის, არც გარდაქმნის, არც ნატურით გამოყოფისა და არც 1996 წლის 1 სექტემბრამდე ხელახალი რეგისტრაციის გავლის შედეგად არ ჩამოყალიბებულა, არამედ იგი დაფუძნდა 1998 წლის 16 ივნისს «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად. ამდენად, გამორიცხულია, იგი იყოს სხვა საწარმოს და თუგინდ მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა შპს «....-ის" სამართალმემკვიდრე. სწორედ აღნიშნულით უნდა ეხელმძღვანელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, დაეკმაყოფილებინა ქ. ბათუმის მერიის სარჩელი და უარეყო შპს «....-ის" მრავალდარობრივი კომერციული ფირმა შპს «....-ს" სამართალმემკვიდრეობა.
ასევე უკანონოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივითაც, რომ მისით ძალაში იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც დაავალდებულა ქ. ბათუმის მერია, შეესრულებინა ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება. გაურკვეველია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ქ. ბათუმის მერიის მიერ 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით, რომელი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე აქვს საუბარი. ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილება შედგება მხოლოდ სამი პუნქტისაგან. პირველი პუნქტით დადგინდა შემდეგი: «1. დაკმაყოფილდეს შპს «..." დირექციის მოთხოვნა და ნება მიეცეს ..... ქ. ¹20 არსებული ორსართულიანი ამორტიზიებული შენობის დანგრევა-აშენებაზე ოფისის მოსაწყობად" . მეორე პუნქტის თანახმად: «პროექტი შეთანხმებულ იქნეს ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან". მესამე პუნქტი ადგენს, რომ «მშენებლობა დაწყებულ იქნეს ქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის შემდეგ". კასატორის განმარტებით, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო გულისხმობს დღეისათვის შპს «....-ზე" მშენებლობის ნებართვის გაცემას, მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს დანაწესი არღვევს საქართველოში დღეს მოქმედ რამდენიმე ნორმატიულ აქტს, კერძოდ, იმისათვის, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა, სავალდებულოა დაცულ იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები, რომელიც «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების შესაბამისად, არის ჯერ არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემა, შემდეგ, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ჯერ კიდევ «არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გასაცემად საჭიროა პირს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გააჩნდეს საკუთრების უფლება. ასევეა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილებითაც. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ბათუმის მერიას დაევალა შეესრულებინა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება, თუ ამ ვალდებულებაში იგულისხმება შპს «....-ზე" მშენებლობის ნებართვის გაცემა, არის უკანონო, ვინაიდან შპს «....-ს" სადავო მიწის ნაკვეთზე დღემდე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს შპს «.....-ზე" მშენებლობის ნებართვის გაცემაზე არც თანხმობა და არც უარი არ მიუცია, რის გამოც ამ ნაწილში დავა არ წარმოშობილა და თუ დავა არ წარმოშობილა იგი არც შეიძლება იყოს სასამართლოს განხილვის საგანი. ამდენად, ქ. ბათუმის მერიაზე იმის დავალდებულება, რომ მან შპს «.....-ზე" გასცეს მშენებლობის ნებართვა სასამართლოს გზით, არის უკანონო, მანამ სანამ შპს «......" არ დაადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე მის საკუთრების უფლებას. შპს «.....-მა" სადაო მიწის ნაკვეთზე უფლება კი უნდა მოიპოვოს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელსაც ახორციელებენ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არამედ საჯარო რეესტრები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილებით არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მრავალდარგობრივ" კომერციულ ფირმა ,,....-ის" დირექციას ნება მიეცა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹20-ში (ამჟამად ..... ქ. ¹18) არსებული ორსართულიანი ამორტიზირებული შენობის დანგრევა-აშენებაზე ოფისის მოსაწყობად. დადგენილებაში, ქ. ბათუმის მერიის მხრიდან 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილების არარად ცნობის საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვინაიდან მრავალდარგოვან ფირმა ,,....-ს» კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 1996 წლის 1 სექტემბრამდე ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც იგი გამოცხადდა რეგისტრაცია გაუქმებულად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და აღნიშნავს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1997 წლის 12 თებერვალს რეგისტრირებულია შპს ,,....", რომლის წესდებიდანაც ირკვევა, რომ საწარმო წარმოადგენს შპს ,,მრავალდარგობრივი კომერციული ფირმა ,,....."-ის სამართალმემკვიდრეს. საქმეში ასევე დაცულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება 5/ბ-386 რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას საწარმოთა სამართალმემკვიდრეობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს, განმარტავს, საწარმოს რეგისტრაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა დ მოვლენების შეტანას სახელმწიფო რეესტრში. როგორც წესი, რეგისტრაციას ორგვარი მნიშვნელობა აქვს: პირველი, ფაქტებისა და მოვლენების აღნიშვნა და მეორე - კონსტიტუციური მნიშვნელობა. კანონი ,,მეწარმეთა შესახებ" განამტკიცებს სწორედ მეორე სახის რეგისტრაციას. რეგისტრაციას აქვს გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრირებული ფაქტები სწორია მანამდე, სანამ არ მოხდება მათი გაუქმება. ამდეანდ, საწარმო ითვლება სწორედ რეგისტრირებულად, სანამ არ მოხდება მისი ოფიციალური გაუქმება.
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მთავრობა იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე იყო შპს «....-ის» რეგისტრაციის ფაქტი (სამართალმემკვიდრეობის მითითებით), არ იყო უფლებამოსილი საწარმო გამოეცხადებინა რეგისტრაცია გაუქმებულად და აღნიშნული მოტივით ბათილად ეცნო ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ქ. ბათუმის მერიის მხრიდან აქტის გამოცემისას დარღვეულია ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დებულებებს და განმარტავს, აღნიშნულ მუხლში დეკლარირებული ნორმები მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებებსაც შესაძლოა მითითებული აქტი შეეხოს. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვის, არამედ არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს ,,....."-ის მონაწილეობა, რომლის დაუცველობამაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოიწვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის როგორც ზემოაღნიშნული მუხლით, ასე იმავე კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აქტის კანონიერების ნაწილში, იმავდროულად ყურადღებას მიაქცევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომლის შესაბამისადაც ქ. ბათუმის მერიას დაევალა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹427 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
როგორც ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებიდან იკვეთება, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე დაკმაყოფილდა შპს ,,....."-ის დირექციის მოთხოვნა და ნება მიეცა ... ქ. ¹20 არსებული ორსართულიანი ამორტიზირებული შენობის დანგრევა-აშენებაზე; პროექტი დაექვემდებარა შეთანხმებას ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან; მშენებლობის დაწყება განისაზღვრა ქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნშნული გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებს და აღნიშნავს, სასამართლომ ისე დააკისრა მერიას მთითებული ვალდებულებების შესრულება, რომ არ უმსჯელია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის თუ არა მერია უფლებამოსილი განახორციელოს აღნიშნული ქმედებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობაზე და შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.
რაც შეეხება ქ. ბათუმის მერიის შეგებებულ სარჩელს, საკასაციო სასამართლო ასევე არსებით ყურადღებას მიაქცევს შეგებებული სარჩელის შინაარს და აღნიშნავს: საქმეში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი თავისი ბუნებით მიეკუთვნება აღიარებით სარჩელს, რომლის წაყენების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა. აქედან გამომდინარე, თუ არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა, მაგრამ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, პირს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებაზე და განხილვაზე. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვისათვის საჭიროა: არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე (მოც. შემთხვევაში მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; დავის გადაწყვეტას სრულიად გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აღიარებითი სარჩელის (შეგებებული სარჩელის) დასაშვებობის წინაპირობებს და მითითებულ გარემოებათა დადგენა-გამოკვლევის გზით იმსჯელოს, რამდენადაა იგი დასაშვები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შეგებებული სარჩელის მოთხოვნის შინაარს და ასევე საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო მსჯელობის საგნად იქცეს, რამდენადაა შესაძლებელი მოცემულ შემთხვევაში მისი შეგებებული სარჩელის სახით განხილვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საწარმოს რეგისტრაცია არ არის თვითმიზანი, მისი ძირითადი ფუნქციაა საჯაროობის გზით დაიცვას მე-3 პირები და კრედიტორები. რეგისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა პასუხისმგებლობის გარდაუვალობა და ამ პასუხისმგებლობის მოცულობის ზუსტი ფიქსაცია. საწარმო საკმაოდ რთული მექანიზმია, რომელსაც ურთიერთობა აკავშირებს მე-3 პირებთან და მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ რეგისტრაციის გაუქმება იწვევს ყველა ამ ურთიერთობის გაწყვეტას. რეგისტრაციის გაუქმების პროცედურა მკაცრადაა გაწერილი ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, რომელთა დაცვის გარეშეც შეუძლებელია რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყველა აღნიშნული გარემოება შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნას სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომლის გარეშეც საქმეზე შეუძლებელია არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რა მიზნითაც საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.