¹ბს-424-407(კ-08) 26 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2007 წლის 1 ნოემბერს ს. პ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამმართველოში. გათავისუფლების მომენტისათვის მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რამაც 1827,45 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები თანხის სახით _ 1524,15 ლარი შეადგინა, მათ შორის, ხელფასის თანხამ _ 579,5 ლარი, კვების თანხამ _ 826 ლარი, ჯილდომ _ 336,65 ლარი, მატერიალურმა დახმარებამ _ 85,3 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ ზემოთ მითითებული დავალიანების თანხის გადახდა დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს. პ.-ის სასარგებლოდ 1827,45 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1827,45 ლარს, რაც დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 2007 წლის 4 ივლისის ¹440 ცნობით. ამასთან, მოსარჩელე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უფლებები და გარანტიები, მიეღო თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები _ ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემული იყო სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებში, კერძოდ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლეოდა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. იმავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდა. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის იყო და ამდენად, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათო ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდა დაკისრებული. უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა ზემოთ მითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.
რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლის ინსტიტუტები შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მოსარჩელე ს. პ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მოსარჩელე ს. პ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება და მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით. ამიტომ ამ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქალაქო სასამართლომ არც მოპასუხის ის არგუმენტი გაიზიარა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ანუ გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გაეცა შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მას შესრულებული სამუშაოსათვის მიეღო ანაზღაურება და სწორედ იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით დადგენილი იყო და შესაბამისად, აღიარებული, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებული საბიუჯეტო დავალიანებების _ კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებული მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი იყო კანონშეუსაბამო.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტოს 2007 წლის 4 ივლისის ¹440 და 10 ივლისის ¹9/2069 პასუხები იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილები, რადგან აღნიშნული წერილებით დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელის მიმართ გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1827,45 ლარს და, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმდროისათვის მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა _ ხელფასისა და სხვა დანამატების გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებდა განეხორციელებინა ეს მოქმედება, ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის გაუცემელი დარჩა შრომის ანაზღაურების _ ხელფასის თანხა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ს. პ.-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1827,45 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქალაქო სასამართლოს მოტივაციას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მის ხანდაზმულობაზე მითითება და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის მიერ 2007 წლის 4 ივლისს გაცმული ცნობის თანახმად, ს. პ.-ის სახელფასო დავალინება 1998-2000 წლებში შეადგენდა 1827,45 ლარს. დავალიანება მოიცავდა ხელფასს, კვების კომპენსაციას, ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2007 წლის 4 ივლისს გაცემული ცნობით არ უარყოფდა მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ამასთან, აღიარებდა მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა, ერთი მხრივ, ს. პ.-ის უფლება, მოეთხოვა სადავო თანხა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გაეცა აღნიშნული თანხა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 10 ივლისის წერილით ასევე დადგენილი იყო, რომ მოპასუხე აღიარებდა მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობას და გამოხატავდა ნებას, შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაბრუნებოდა დავალიანების საკითხის განხილვას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებული პირი მოვალეობას შეასრულებდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას შესრულებულის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცდონოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებულია ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. კასატორი აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ამდენად, მიიჩნევს, რომ საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.
კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, კასატორი მიუთითებს რა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების კანონიერებაზე, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობის სახელშეკრულებო ხასიათზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხელფასის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.
კასატორი ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას, 1998-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებაზე უთითებს და აღნიშნავს, რომ ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, ხსენებული კანონის 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქცია), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვების კომპენსაცია, ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშებოდა ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო, კვების კომპენსაცია ან მატერიალური დახმარების გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარება და ჯილდოს ნაწილშიც ხანდაზმულია, რადგან ხსენებულ მოთხოვნებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი, კერძოდ, იმავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები და საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, ვინაიდან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში კი მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 26 ივნისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ს. პ.-თვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ს. პ.-თვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ს. პ.-თვის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ს. პ.-თვის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2008 წლის 24 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ს. პ.-თვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება ს. პ.-თვის ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ს. პ.-თვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს 2008 წლის 24 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე;
6. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.