ბს-425-403(კ-07) 27 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ჟ-ი
წარმომადგენელი – ე. ნ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე დ. ჟ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 2380.64 ლარის დაკისრება /იხ.ს.ფ. 1-2/.
საქმის გარემოებები:
მოპასუხე დ. ჟ-მა 2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი ოთხი წლის ვადით. მხარეებს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაწეული საქმიანობის გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
კონტრაქტის 7.3. მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს, შეწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები. მოპასუხე დ. ჟ-მა დაარღვია კონტრაქტის პირობები, რის გამოც იგი ვალდებულია, კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, აუნაზღაუროს თავდაცვის სამინისტროს მასზე დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 2380.64 ლარს.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე დ. ჟ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს /იხ.ს.ფ. 25/.
რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ დ. ჟ-ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წერილობითი შესაგებელი იქნა წარდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით.
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ. ჟ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2380.64 ლარის გადახდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ჟ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹979 ბრძანების საფუძველზე დ. ჟ-ი 2005 წლის 15 აპრილიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში და მიენიჭა წოდება კაპრალი. 2005 წლის 18 აგვისტოს .......-ის სამხედრო ნაწილის მეთაურის ¹140 ბრძანებით დ. ჟ-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტით, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს, შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები. მოცემულ შემთხვევაში დ. ჟ-ის მიმართ ასანაზღაურებელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო კონტრაქტის 8.3 პუნქტის მიხედვით, კერძოდ, მის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის შესაბამისად. სამი თვის განმავლობაში დ. ჟ-ზე დახარჯულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 1280.65 ლარი, საიდანაც ხელფასის სახით გაცემული თანხაა 1809.44 ლარი, ხოლო კვებაზე დახარჯული თანხა _ 571.20 ლარი.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლი და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, მოპასუხე დ. ჟ-ი ვალდებული იყო შეესრულებინა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 41-43/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჟ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, რამდენადაც აპელანტს არ ჩაჰბარებია უწყება კანონით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად მას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესზე. ამასთან, კონტრაქტის 7.3 მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ ერთი წლის სამსახურის შემდეგ და კონტრაქტი არ ითვალისწინებს სამი თვის ნამსახურობაზე პასუხისმგებლობას, რის გამოც მოსარჩელეს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია /იხ.ს.ფ. 45/.
სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წერილობითი შესაგებელი იქნა წარდგენილი დ. ჟ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოქალაქე დ. ჟ-ს შორის დადებული ხელშკრულების თანახმად, დ. ჟ-მა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრომ, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, გადაეხადა დ. ჟ-თვის შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2005 წლის 18 აგვისტოს ¹14 ოქმის თანახმად დ. ჟ-მა, რომელიც 2005 წლის 31 მარტიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ, .......-ე სამხედრო ნაწილში, მესამე მსუბუქი ასეულის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელად, მსახურობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ ჩხუბში, რისთვისაც ხასიათდებოდა უარყოფითად. ამავე დროს აღიძრა შუამდგომლობა კაპრალ დ. ჟ-ის საქართველოს შეარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე, ხოლო ......-ე სამხედრო ნაწილის მეთაურის 2005 წლის 18 აგვისტოს ¹140 ბრძანებით ამოირიცხა პირადი შემადგენლობის სიებიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 20 აგვისტოს ¹2358 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დ. ჟ-ის დათხოვნის საფუძველს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" და ,,თ" ქვეპუნქტები წარმოადგენდა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დ. ჟ-ზე მსახურობის პერიოდში ხელფასის სახით გაიცა 1809 ლარი და 44 თეთრი, ხოლო კვების ხარჯმა შეადგინა 571 ლარი და 20 თეთრი. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე დ. ჟ-გან მოითხოვა მითითებული თანხის _ 2380 ლარისა და 64 თეთრის ანაზღაურება, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 7.3 მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლის 31 მარტის ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად: ,,იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ დგება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით".
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დ. ჟ-ზე გაცემული ხელფასისა და კვების ულუფის თანხის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების 7.3 მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას სამხედრო მოსამსახურეს საჯარიმო თანხის სახით უნდა გადაეხადა არა თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსამსახურეებზე სამხედრო სამსახურის დროს გაცემული ხელფასი და კვების თანხა, არამედ კონტრაქტის შეწყვეტისას კონტრაქტით დარჩენილ ვადაში გადასახდელი ფულადი თანხები. ამასთან, ამავე მუხლში გაკეთებული დათქმა: ,,ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ," ნიშნავდა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები შეიძლებოდა ამოქმედებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო მოსამსახურეს ნამსახური ექნებოდა ერთი წელი მაინც. განსახილველ შემთხვევაში კი დ. ჟ-ს კონტრაქტი გაუფორმდა 2005 წლის 31 მარტს, ხოლო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 18 აგვისტოს, ანუ ერთი წლის გასვლამდე, შესაბამისად სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 61-65/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე დ. ჟ-ს შორის 2005 წლის 31 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 216-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 407-ე მუხლებს. ხელშეკრულებით მხარეთა შორის განსაზღვრულ იქნა უფლებები და ვალდებულებები, რომელთა დარღვევა წარმოშობს პასუხისმგებლობას. 2005 წლის აგვისტოში დ. ჟ-ა მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ ჩხუბში, რის გამოც ს/ნ ¹....... მეთაურის 2005 წლის აგვისტოს ¹140 ბრძანებით იგი მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან და მომზადდა შუამდგომლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელზე, რათა სამხედრო მოსამსახურე დ. ჟ-ი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" და ,,თ" ქვეპუნქტებით დათხოვნილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ამდენად, სწორედ აღნიშნული კონტრაქტის პირობების დარღვევა დაედო საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
კასატორის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებულია 4 წლის ვადით, რაც არის კონტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პირობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით: ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება," ხოლო 407-ე მუხლით კი: ,,ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით". ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად დ. ჟ-ის მიერ კონტრაქტის დარღვევა, კერძოდ კი მისი სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამო საქციელი ჩაითვალა, ვინაიდან სამხედრო ვალდებულებისა და საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთავის დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი ვადა, ხოლო დ. ჟ-ს, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, მოპასუხე ვალდებული გახდა ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული, დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 14000 ათას ლარს შეადგენს. ვინაიდან, ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო, ჯარიმის ამოქმედების საფუძველია ჩანაწერი: ,,მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემთხვევაში", ხოლო 3.2 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს, დ. ჟ-ი კი თავდაცვის მინისტრის ¹2358 ბრძანებით 2005 წლის 20 აგვისტოდან არის დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, ამდენად მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტის მოქმედება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს იმ ზიანის ოდენობა, რომელიც მას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით წარმოეშვა. ამდენად, ნაცვლად ზემოაღნიშნული ჯარიმის ოდენობისა, სამინისტრო მოპასუხეზე უშუალოდ დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რისი მოთხოვნის უფლებაც, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მას გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ჟ-მა მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, სრულიად ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ის ექვემდებარებოდა უცვლელად დატოვებას.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65I.1. მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2. მუხლით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს დავალიანების გადახდას, კერძოდ, სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის სამხედრო სამსახურის თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ, ამასთან, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვა, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო, “საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან, ამასთან საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომლის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურესთან ხელშეკრულების დადებისას ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” _ სპეციალური საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ: 2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ჟ-ს შორის დაიდო ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ამავე წლის 18 აგვისტოს სამხედრო ნაწილის .......-ის მეთაურის ¹140 ბრძანებით დ. ჟ-ი ამორიცხულ იქნა პირადი შემადგენლობის სიებიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სამხედრო სამსახურის გავლის დროს ჯგუფურ ჩხუბში მონაწილეობის გამო იგი ხასიათდებოდა უარყოფითად. აღნიშნული დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 20 აგვისტოს ¹2358 ბრძანებით, რომლის თანახმადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და ,,თ” ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო). დადგენილია, რომ დ. ჟ-ზე სამხედრო სამსახურის გავლის დროს ხელფასის სახით გაცემულია 1809.44 ლარი, კვების ხარჯი _ 571.20 ლარი, სულ _ 2380.64 ლარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოპასუხის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების 7.3 მუხლის საფუძველზე. ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის მიერ პასუხისმგებლობას _ ,,იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს, შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ დგება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით".
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, მათ შორის, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მხარემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
კასატორის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტის 7.3 მუხლი _ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება, რომლის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებული ხდება, გადაიხადოს კონტრაქტით დარჩენილი მოსამსახურისთვის გასაცემი ფულადი თანხა. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის გადახდა სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება შეწყდა ერთი წლის გასვლამდე _ ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსა და დ. ჟ-ს შორის დაიდო 2005 წლის 31 მარტს, ხოლო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 18 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი სარჩელი /იხ.ს.ფ. 1-2/, მოთხოვნის ამგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, რამდენადაც სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება/ შედგება, როგორც სამართლებრივი, აგრეთვე ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.