¹ბს-425-408(კ-08) 29 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ბ-ი
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა 26.09.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1376 ლარისა და 45 თეთრის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წელს გათავისუფლდა საქართველოს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის თერაპიული განყოფილების .... თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მის მიმართ მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა ხელზე გასაცემი თანხა 1376 ლარი და 45 თეთრი, მათ შორის: ხელფასი _ 422,81 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,13 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 220 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,51 ლარი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დავალიანების არსებობას და თანხის ოდენობას ადასტურებს საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის მიერ 18.09.07წ. გაცემული ¹3-11/6868 ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 1376,45 (ათას სამას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მითითება, რომ წარმოდგენილი ცნობა არის საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელის აღიარებას. მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იგი გაცემულ იქნა 2007 წელს მოსარჩელის სახელზე, მის მიმართ არსებული ხელზე გასაცემი დავალიანების (1376,45 ლარი) დადასტურების თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ იგი გაცემულია მოსარჩელის და არა მესამე პირების სახელზე და ამ დოკუმენტით მოხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ მ. ბ-ის მიმართ 1376,45 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა, ერთი მხრივ, მ. ბ-ის უფლება, მოითხოვოს მითითებული თანხა, ხოლო, მეორე მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გასცეს აღნიშნული თანხა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე. თავდაცვის სამინისტრო 2007 წელს გაცემული ცნობით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება 18.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციისა და კვარტალური ჯილდოს დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. მ. ბ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლომ კანონის ეს ნორმა არ გამოიყენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 20.11.07წ. ¹3-11/9079 ცნობა ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ იყო მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 669,13 ლარის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო საჩივარი მ. ბ-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ბ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 669,13 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ( 26.09.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არგუმენტაცია კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში უარყოფილია სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაზე და სკ-ის 144-ე მუხლზე მითითებით. სკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხაენდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდამულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალების მიმართ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში სკ-ის 144-ე მუხლზე მითითება არ ქმნიდა მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 18.09.07წ., ¹3-11/6868 ცნობა, რომლის თანახმად მ. ბ-ის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 669,13 ლარს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალივანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე მ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 707.32 ლარი, მათ შორის სახელფასო დავალიანება – 422,81 ლარი, ჯილდო – 220 ლარი, მატერიალური დახმარება – 64.51 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ბ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 669,13 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს მ. ბ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 669,13 ლარის დაკისრების ნაწილში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.05წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 707.32 (შვიდასშვიდი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.