Facebook Twitter

ბს-426-404(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. გ-ი (მოსარჩელე რ. გ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ახალციხის რაიონის სოფელ ..... თემის საკრებულო (მოპასუხე)

მოპასუხე სარჩელზე _ ა. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 აპრილს რ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის რაიონის სოფელ .... თემის საკრებულოს მიმართ, მესამე პირად მიუთითა ა. გ-ზე და მოითხოვა ა. გ-ზე 1994 წლის 7 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹192 აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა ახალციხის რაიონის სოფელ ..... ახალციხის რაიონის სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ე გაურიგდა მოსარჩელის ძმას _ ა. გ-ს და 1994 წლის 7 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების ¹192 აქტით საკუთრებაში გადასცა 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის, 0,13 ჰა მიწის ნაკვეთიც, რომელზეც განთავსებული იყო მოსარჩელის ეზო და სახლი. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო რ. გ-ის საკუთრება, რასაც ადასტურებდა .... სასოფლო საბჭოს აღმასკომის სხდომის 1987 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელეს ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გააჩნდა ტექნიკური პასპორტი და მისი მიღება-ჩაბარების აქტი.

მოპასუხე ახალციხის რაიონის სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი. მოპასუხის განმარტებით, მოხდა გაუგებრობა, გაიპარა შეცდომა და ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე გაიცა მიღება-ჩაბარების ორი აქტი, რაზედაც იმსჯელა სისხლის სამართლის წესით, როგორც საოლქო პროკურატურამ, ასევე სასამართლომ, რომელმაც გააუქმა პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო წესით, სასამართლოს მეშვეობით და ერთ-ერთი მიღება-ჩაბარების აქტი აუცილებლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა. გ-სა და სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის 1994 წლის 7 მაისს გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების ¹192 აქტი 0,13 ჰა მიწის ნაკვეთის ა. გ-ვის გადაცემის ნაწილში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ის წარმომადგენელმა ტ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელე რ. გ-ი გარდაიცვალა. 2006 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტ ა. გ-ის წარმომადგენელმა ტ. გ-მა და განმარტა, რომ რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე მ. გ-ი, რის დასადასტურებლადაც წარადგინა 2006 წლის 11 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება ა. გ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა ერთადერთ მტკიცებულებაზე, კერძოდ, სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებაზე სადავო მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების ორი აქტის არსებობის დაუშვებლობის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, იგი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვიერი განმარტება არ შეიძლებოდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების 1994 წლის 7 მაისის ¹192 აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, მიწის მიღება-ჩაბარების 1996 წლის 7 აგვისტოს აქტის სიყალბე დადასტურებული იყო გ. გ-ისა და რ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2004 წლის 10 მაისის დადგენილებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ის უფლებამონაცვლე მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ საქმეზე დართული იყო სოფელ ... მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1987 წლის 30 ოქტომბრის ¹126 ბრძანება, რომლითაც რ. გ-ს გამოეყო 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი სამოსახლოდ და სახლის ასაშენებლად. ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ¹11 ოქმის თანახმად, რ. გ-მა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენა საცხოვრებელი სახლი, რაზეც შეუდგინეს ტექნიკური პასპორტი და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ გაუქმებულა, ისევე, როგორც შესაბამისი საკუთრების მოწმობა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას უსაფუძვლოდ დაეყრდნო 2004 წლის 10 მაისის ზემოხსენებულ დადგენილებას გ. გ-ისა და რ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რადგან არ გაუქმებულა რ. გ-ვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ბრძანება და ოქმი და არც მის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოურთმევიათ მისთვის.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის პარალელურად ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა ა. გ-ის ცოლის _ ხ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 11 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 3 ოქტომბერს, 11.00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მ. გ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, მ. გ-ის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო წარმოება შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (თავი XLIX _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მ. გ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა გაუნახევრდეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა _ 300 ლარი და დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მეხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 378-ე მუხლებით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

4. მ. გ-ს განემარტოს, რომ მას აღარ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით კვლავ გასაჩივრების უფლება;

5. მ. გ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.