¹ბს-427-410(კ-08) 26 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ.-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. გ.-მ 2007 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-ის განყოფილების ...-ად, სადაც იგი მუშაობდა 2006 წლის 20 ნომებრამდე, ვიდრე არ მოხდა ჰოსპიტალის ლიკვიდაცია; გათავისუფლების შედეგად მის მიმათ საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს დარჩა გასასტუმრებელი დავალიანება. მოსარჩელის განმატებით, ხელზე ასაღებმა თანხამ სულ შეადგინა 1118, 43 ლარი, საიდანაც 376,45 ლარი იყო მიუღებელი ხელფასის, 478,57 ლარი კუთვნილი კვების კომპენსაცია, 220,05 ლარი მიუღებელი კვარტალური ჯილდო და 43,36 ლარი მიუღებელი მატერიალური დახმარება. მოსარჩელემ აღნიშნულის მტკიცებულებად წარმოადგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 376,45 (სამას სამოცდათექვსმეტი ლარის და 45 თეთრის) ლარის ანაზღაურება; მ. გ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტაციის სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და 1341-ე მუხლები.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი და უარის უთხრა მოსარჩელეს 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე, რადგან სასამართლოს განმარტებით “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მითითებული ვალდებულება სასამართლომ მიიჩნია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და ჩათვალა, რომ მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც აღნიშნული სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 5 ოქტომბრს ¹3-11/7402 ცნობაში მითითებული მონაცემები მხოლოდ ფაქტის კონსტატაციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცნობა არ შეიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურდებოდა; ამიტომ ეს ცნობა განიხილა როგორც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მ. გ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მ. გ.-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის 478,57 ლარის, ჯილდოს 220,05 ლარის და მატერიალური დახმარების 43,38 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ.-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში 1998 წლის 1 დეკემბრიდან 2006 წლის 20 ნოემბრამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელის 2007 წლის 5 ოქტომბერს გაცემულ ¹3-11/7402 ცნობაზე მითითებით სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მ. გ.-ის მიმართ ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1118,43 ლარს, მათ შორის: ხელფასი _ 376,45 ლარი, კვება _ 478,57 ლარი, ჯილდო 220,05 ლარი და მატერიალური დახმარება 43,36 ლარი.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე; სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა გაცემული იქნა 2007 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელის სახელზე, მის მიმართ არსებული ხელზე გასაცემი დავალიანების ოდენობის (1118,43 ლარი) დადასტურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იგი გაცემულია მოსარჩელის და არა მესამე პირების სახელზე და ამ დოკუმენტით მოხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ მ. გ.-ის მიმართ 1118,43 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება.
ამასთან სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე, რადგან მოპასუხე 2007 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი თვლის, რომ რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 12 იანვრის @1/2-4 ცნობა ვალდებულების აღიარებად და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹-11/6138 წერილი ვალდებულების აღიარებად ან ადმინისტრაციულ დაპირებად, რადგან აღნიშნული დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით; დასახელებული დოკუმენტებით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მათი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად კანონსაწინააღმდეგოა; მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვთ. კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 478,57 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 478,57 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. გ.-თვის კვების კომპენსაციის _ 478,57 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.